Thumbnail
  • ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილს კარგი თამაში დაუფასა
  • ქართველ მეკარეს ახალი კონტრაქტი გაუმზადეს
  • წყაროს ცნობით, გიორგიმ რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების შესახებ მომუშავე გამოცემა LAS PROVINCIAS-მა 'ღამურების' ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა, სათაურით: 'არაფრიდან ყველაფრამდე მამარდაშვილთან ერთად'. 

ტექსტში აღნიშნულია, რომ გიორგიმ კარგი თამაშით ახალი კონტრაქტი დაიმსახურა, ხელშეკრულების მიღების შემდეგ სხვა კლუბში კარიერის გაგრძელებაზე არც უფიქრია. 

...პირველ სეზონზე: "გიორგი მამარდაშვილი მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ვალენსიას ძირითადი მეკარე იქნება. ქართველმა სადებიუტო სეზონში გამოსვლა, სავარაუდოდ, დაასრულა. 21 წლის გოლკიპერმა ჯამში 18 მატჩი ჩაატარა და ფანტასტიკურ დონეზე ითამაშა ისეთი ხარისხის ლიგაში, როგორიც ლა ლიგაა. გარდა იმისა, რომ ვალენსიას პირველი მეკარის სტატუსი მიიღო, პრიმერას ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კიპერის სახელიც მოიხვეჭა."

...გიორგის პროგრესზე: "მამარდაშვილს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. ახლა ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსყიდვის მსურველ კლუბს 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 'ტრანსფერმარკტზე' მისი ფასი 5 მილიონზე ავიდა და დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება."

...შეთავაზებებსა და ახალ პროექტზე: "ვალენსიამ მამარდაშვილს გაუმჯობესებული კონტრაქტი უკვე შესთავაზა, დაფასებამ ფეხბურთელი გაახარა და მიუხედავად რამდენიმე უცხოური ვარიანტისა, გიორგი ‘ღამურების’ რიგებში დარჩება. სეზონის ბოლო მატჩში მონაწილეობას ჯასპერ სილესენი მიიღებს, რომელმაც კონკურენცია ქართველთან დათმო. 35 მილიონად შეძენილი მეკარე 13-მილიონიანი ხელფასით ვალენსიასთვის თავსატეხად იქცა და 'მესტალიას' ბინადრები ზაფხულში ნიდერლანდელს ტრანსფერზე დააყენებენ. ამჟამინდელი ფინანსური პრობლემები და ახალი პროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი მამარდაშვილია, ვალენსიას კარის დაცვის მოძველებული გეგმის შეცვლას ნიშნავს."

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიაში თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა. წესით, ქართველ მეკარეს 'ღამურების' მეორე გუნდში, ესპანეთის მეხუთე დივიზიონში უნდა ეთამაშა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები საკმაოდ მალე გამოავლინა და ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა. 

კომენტარები

ბოლო ამბები