Thumbnail

ნაპოლიში ლორენცო ინსინიეს 10-წლიანი ეპოქა დასრულდა და სტადიო მარადონაზე მას უკვე დაემშვიდობნენ. ამდენად, ნეაპოლში უკვე მომავალზე ფიქრობენ და იტალიური მედია წერს, რომ ინსინიეს მსგავსი ფიგურის შესაცვლელად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია საკმარისი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივრებისთვის.

Calciomercato ვრცელ სტატიაში აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას იტალიურ ფეხბურთთან ინტეგრაციისთვიის დრო აუცილებლად დასჭირდება, ამიტომ, ნაპოლის მოუწევს კიდევ ერთი გარემარბის ყიდვა, ან შეიძლება მარცხენა ფლანგი ირვინგ ლოზანომ ჩაიბაროს.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში ნაპოლის მარცხენა ფლანგს ერთადერთი მფლობელი ჰყავდა - ლორენცო ინსინიე. ნაპოლის კაპიტანი გუშინ ბოლოჯერ გავიდა სტადიო მარადონას მოედანზე საყვარელი ტიფოზების წინაშე. ეს დაუვიწყარი დღე იყო, 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი მის სახელს სკანდირებდა, იყო ბევრი ცრემლიც, როგორც თავად ფეხბურთელის, ისე ფანების მხრიდან. ემოციური ასპექტი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამავდროულად მომავლისკენ ყურებაც მნიშვნელოვანია, რომელიც ინსინიეს გარეშე იქნება.

ნაპოლიში რამდენიმე იდეა არსებობს, როგორც უნდა შეცვალონ ინსინიე. ყველაზე მყისიერი და მზა გამოსავალია ირვინგ ლოზანო. მექსიკელს უყვარს მარცხენა ფრთაზე თამაში, ეს, ის პოზიციაა, სადაც ის ძალიან კარგად თამაშობს, განსაკუთრებით ეროვნულ ნაკრებში და ნაპოლიშიც თამაშობდა, როცა ამის შესაძლებლობა იყო. სპალეტის შეუძლია ამ ვარიანტზე იმუშაოს, ამასთან სატრანსფერო ბაზრიდანაც რაღაცას ელის. ნაპოლიში იმედოვნებენ, რომ პირველი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია მაშინვე "აფეთქდება". 21 წლის შემტევის ტრანსფერი აურელიო დე ლაურენტისმა უკვე დააანონსა და ნათელია, რომ მას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. 

ინსინიე ფანების ფავორიტი მოთამაშე იყო

მომდევნო ზაფხულს დე ლაურენტისსა და ჯუნტოლის ბევრი სამუშაო ექნებათ. ახალი ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი იქნება, რომლის სახელფასო ჭერი 3.5 მილიონ ევროს არ უნდა ასცდეს. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კლუბს შეუძლია ამოისუნთქოს და სატრანსფერო ბაზარს უფრო მშვიდად შეხედოს. ტიფოზებისთვის შეტევის გასაძლიერებლად მხოლოდ კვარაცხელია საკმარისი არ იქნება. ისეთი ფეხბურთელის ჩანაცვლებას, როგორიც ინსინიეა, უფრო მეტი დასჭირდება. არსებობს სასუოლოს ფეხბურთელების, ტრაორესა და რასპადორის ვარიანტები, რომლებიც 30-40 მილიონ ევროდ ფასობენ. იტალიაში ასევე საინტერესო ფიგურაა უდინეზეს წევრი ჟერარ დეულოფეუ, ხოლო იტალიის მიღმა ლუის სინისტერა, რომლის მიმართაც ლევერკუზენიც სერიოზულ ინტერესს იჩენს. ნაპოლის პირველ რიგში მაინც მარცხენა და ცენტრალური მცველების მოძიება მოუწევს. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერებაც, თუ გუნდი ფაბიან რუისსა და ვიქტორ ოსიმენს გაასხვისებს".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ სერია A-ს 2021/22 წლების სეზონში მე-3 ადგილი გაინაღდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა - ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები