Thumbnail

ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელად 2-მეტრიანი გიგანტი შეარჩია

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • საშა კალაჯიჩი შტუტგარტის ღირსებას იცავს და ის ნაგელსმანს მოსწონს
  • ავსტრიელმა ფორვარდმა ბუნდესლიგის ბოლო 2 სეზონში 22 გოლი გაიტანა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გერმანული Tz-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი შტუტგარტის ფორვარდი საშა კალაჯიჩით არის დაინტერესებული და მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში დაიწყებს. 

წყაროს ცნობით, ბავარიელთა სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი და კლუბის ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე ავსტრიელის წარმომადგენლებს კვირის შუაში შეხვდებიან. თუმცა, ბაიერნი ჯერ შტუტგარტს არ დაკავშირებია. 

მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს 2-მეტრიანი თავდამსხმელის კლასში ეჭვი არ ეპარება. მისი ხელში ჩაგდება 20 მილიონი ევრო მაინც დაჯდება, რადგან ავსტრიელის მიმართ ინტერესს დორტმუნდის ბორუსიაც იჩენს. 

Sport1.de წერს, რომ ჯერ უცნობია, იქნება თუ არა კალაჯიჩი რობერტ ლევანდოვსკის პირდაპირი შემცვლელი, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის. გარდა ამისა, ნაგელსმანს სჭირდება თავდამსხმელი, რომელიც თავით კარგად თამაშობს. საშას მსგავსი სტილი ანდერლეხტში განათხოვრებულ ჯოშუა ზირკზეს აქვს, მაგრამ ბაიერნის თავკაცს ნიდერლანდელი დიდად არ მოსწონს და შესაძლოა, ისევ იჯარით გაუშვან.

24 წლის კალაჯიჩს კი შტუტგარტთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში უმთავრდება. მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი კი ტრავმის გამო გაუცდა. უკანასკნელ 2 წელში საშამ ბუნდესლიგაში 48 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელს მოწვევები არ აკლია და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 200 სმ სიმაღლის ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვა პსჟ-ს, ნიუკასლსა და ბენფიკას სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები