Thumbnail

FA CUP-ის ბომბარდირი სოფლის სკოლის მასწავლებელი გახდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 31 წლის ადამ ბოისი ინგლისის მერვე დივიზიონში თამაშობდა
  • ფეხბურთელი სოფელ მარსკ ბეი ზე სის სკოლაში ფიზიკურ აღზრდას ასწავლის

ჩელსიმ FA Cup-ის ფინალი კიდევ ერთხელ წააგო - ლონდონელები ამჯერად ლივერპულთან დამარცხდნენ. მაგრამ იცით ვინ გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი? არც ჰარი კეინი, არც რომელუ ლუკაკუ, არც მოჰამედ სალაჰი და არც რიად მაჰრეზი. შეჯიბრებაზე ყველაზე მეტი გოლი ადამ ბოისმა გაიტანა - 31 წლის მასწავლებელმა, რომელიც მარსკ იუნაიტედში თამაშობს, ინგლისის მერვე დივიზიონის გუნდში, რომელიც საშინაო მატჩებს ჩრდილო იორკშირის პატარა სოფელში ატარებს.

'უემბლიზე' ფინალური მატჩის წინ ბოისმა დამსახურებული პრიზი მოიგო, რადგან ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, არა და მისი გუნდი პირველ რაუნდამდეც ვერ მივიდა. იქიდან გამომდინარე, რომ მარსკი მერვე ლიგაში თამაშობს, გუნდმა ინგლისის თასზე თამაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მეოთხე საფეხურამდე მივიდა. ჩრდილოელებმა 5 ეტაპზე ითამაშეს, 19 გოლი გაიტანეს, მათგან ნახევარზე მეტი კი ადამმა შეაგდო. ზოგადად, ინგლისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი გოლები ბომბარდირთა გამოვლენისას არ ითვლება, მაგრამ წელს ტურნირს 150 წელი შეუსრულდა, ამიტომ ორგანიზატორებმა ისტორიის გალამაზება გადაწყვიტეს.

"ხალხი განაგრძობს იმის თქმას, რომ საუკეთესო ბომბარდირი ჯერ არ გავმხდარვარ, რადგან ფინალში, შეიძლება, რომელიმე მოთამაშემ 10 გოლი შეაგდოს. ჩემი ბედი რომ ვიცი, მოვლენათა ასეთ განვითარებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ," - ამბობდა ადამი სატიტულო მატჩის წინ, რომელსაც მამასა და ორ ბიძაშვილთან ერთად დაესწრო.  

მარსკ იუნაიტედი დაწინაურებას აღნიშნავს

ბოისმა კარიერის დიდი ნაწილი მეხუთე-მეექვსე ლიგებში გაატარა, მაგრამ 2020 წელს მერვე დივიზიონის გუნდში გადავიდა, რათა სახლთან ახლოს ყოფილიყო. ახლა ადამს საშინაო არენამდე მისასვლელად 7 წუთი სჭირდება. ეს წელი კი 31 წლის თავდამსხმელისთვის წარმატებული გამოდგა - ბოისმა მერვე ლიგის 48 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველად მარსკ იუნაიტედი მეშვიდე დივიზიონში აღზევდა. 

"თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ჩვენი გუნდი ისეთივე კარგია, როგორც ბაროუ იყო, კლუბი, რომლის რიგებშიც მე-5 ლიგაში ვთამაშობდი. შემადგენლობაში ისეთი ბიჭებიც გვყავს, რომლებსაც უფრო მაღალ დონეზე გამოსვლა შეუძლია. მომავალ სეზონში მიზანი მეექვსე დივიზიონში გადასვლა იქნება," - განაცხადა სოფელ მარსკ ბეი ზე სის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა. 

ასეთია ინგლისელი კონკიას ისტორია, რომელმაც წარჩინებულ მოწინააღმდეგეებს აჯობა…

კომენტარები

ბოლო ამბები