Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაინტერესებულია, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Basketnews ავრცელებს.

თუკი 30 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა რომელიმე ამერიკულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება მართლაც მოახერხა, ეს მისი მეორე მცდელობა იქნება მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ფეხი მოიკიდოს.

“ბოლო თვეებია ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ შენგელია კონტრაქტს გააგრძელებს ვირტუს ბოლონიასთან ან ბარსელონას შეუერთდება, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე სხვაგვარადაა. ახლა, თოკოს ყველა ევროპულ კლუბთან მოლაპარაკება შეჩერებული აქვს, რადგანაც მისი მთავარი მიზანი NBA-ში დაბრუნებაა”, - წერს აღნიშნული ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ შენგელია 2012 წლის NBA-ს დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს და ბრუკლინისა და ჩიკაგოს მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში საშუალოდ 5.5 წუთში 1.3 ქულასა და 0.9 მოხსნას აგროვებდა.

ქართველმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონი მოსკოვის ცსკა-ში დაიწყო, თუმცა, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, იტალიურ ბოლონიას მიაშურა და ევროთასის გამარჯვებულიც გახდა. ვირტუსი იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალშიცაა გასული და პეზაროს სერიის პირველი მატჩიც მოუგო, თუმცა, თორნიკემ კოჭი იტკინა და მოედანს, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

კომენტარები

ბოლო ამბები