Thumbnail
  • 2-12 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე 4 მატჩს გამართავს
  • ეროვნული გუნდის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა ერთა ლიგაზე
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

2 ივნისს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში მორიგ სეზონს იწყებს, ვილი სანიოლის გუნდი 10 დღის განმავლობაში 4 შეხვედრას გამართავს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველო შინ გიბრალტარით იწყებს; 5 ივნისს ბულგარეთს ესტუმრება; 9-ში - ჩრდილოეთ მაკედონიას და 12-ში იმავე ბულგარეთთს უმასპინძლებს. ერთა ლიგის დანარჩენი ორი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება. რეგულაცია იგივეა, ჯგუფის გამარჯვებული B ლიგის საგზურს მოიპოვებს, ბოლოადგილოსანი კი პლეი აუთში ითამაშებს C-ში ადგილის შესანარჩუნებლად. 

ბუნებრივია, მიზანი B ლიგაში გადასვლაა. ეს ერთა ლიგის მე-3 სეზონია. პირველში საქართველო D ლიგაში იყო (2018 წლის შემოდგომით), მაგრამ შესანიშნავად ითამაშა - 6-დან 5 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით. მაშინ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. 

სანიოლის გუნდმა ბოლოს ალბანეთთან 0:0 ითამაშა

მე-2 სეზონი გუნდმა უკვე C ლიგაში გაატარა (2020 წლის შემოდგომით), ოთხგუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა (სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ) და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - ვაისის გუნდმა მაშინ 6-დან 1 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო. 

ერთა ლიგის მე-3 სეზონის მთავარი სიახლე ტურნირის გამართვის დროს ეხება, ძირითადი მატჩები ზაფხულში გადმოიტანეს და უნიკალური, 4-მატჩიანი სანაკრებო ფანჯარაც დააწესეს. ეს გარკვეული მარათონია, ვნახოთ, როგორ გაუძლებს მას ეროვნული ნაკრები, თუმცა ანალოგიური გამოწვევის წინაშე არიან მეტოქეებიც. 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე. საინტერესო ფაქტები

🔻 საქართველოს ნაკრებს სულ 263 მატჩი აქვს გამართული. 2 ივნისს გიბრალტართან დაპირისპირება იქნება 264-ე შეხვედრა. გუნდს 80 მატჩი აქვს მოგებული, 127 წაგებული და 56 ფრედ დასრულებული. ბურთების შეფარდება - 296:371.

🔻 ასე რომ, არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე ისტორიაში მე-300 გოლი გაიტანოს. 

🔻 საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე 12 მატჩში 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 (სომხეთთან შინ) წააგო. ბურთების შეფარდება - 18:8. 

🔻 ერთა ლიგაზე ნაკრების წარმატების პროცენტული მაჩვენებელი 70.9% უკეთესია, ვიდრე ამხანაგურ მატჩებში 47.9% და საშუალო - 41.1%. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე (30.5) და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე (34.3) აქვს. 

🔻 ნაკრებს ერთა ლიგაზე 5-მატჩიანი მოუგებელი (4 ფრე, 1 წაგება) სერია აქვს. ამ ხუთ მატჩში გუნდმა 5 გოლი გაუშვა (სულ 8 აქვს გაშვებული). 

🔻 ნიკა კვეკვესკირმა ნაკრების ყველა მატჩი (12) ითამაშა ერთა ლიგაზე. 10-10 მატჩი ითამაშეს ჯაბა კანკავამ, ვაკო ყაზაიშვილმა, ნიკა კაჭარავამ და გიორგი ლორიამ. 

🔻 4 გოლი გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძემ, 3-3 ვაკო ყაზაიშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა; 2-2 ჯაბა კანკავამ და ნიკა კაჭარავამ. თორნიკე ოქრიაშვილმა 5 თამაშში შეძლო 3 გოლის გატანა. 

🔻 საქართველოს ნაკრეს ერთა ლიგაზე ნათამაშები აქვს ყაზახეთის, ანდორას, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ მაკედონია იქნება პირველი გუნდი, რომელსაც ნაკრები კვლავ დაუპირისპირდება. გიბრალტარი და ბულგარეთი რიგით მე-7 და მე-8 მეტოქეები იქნებიან. 

🔻 გურამ კაშიასთვის შემდეგი მატჩი ნაკრების რიგებში იქნება 95-ე; გიორგი ლორიასთვის 73-ე; ვაკო ყაზაიშვილისთვის - 59-ე. იმისთვის, რომ ვაკო ნაკრების ტოპათეულში მოხვდეს, შოთა არველაძეს უნდა დაეწიოს, რომელსაც 61 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული. ზაფხულის სანაკრებო პაუზისას ოთარ კაკაბაძეს აქვს შანსი ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატაროს (ახლა 48 აქვს). 

🔻 ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან ბომბარდირია თორნიკე ოქრიაშვილი - 13 გოლი (50 მატჩში). იმისთვის, რომ მე-3 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს დაეწიოს, მან 2 გოლი უნდა გაიტანოს. წინ არიან შოთა არველაძე - 26 გოლი და თემურ ქეცბაია - 17. ვაკო ყაზაიშვილს 11 გოლი აქვს, ხოლო ჯაბა კანკავას 10, მაგრამ მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა (100 მატჩი, 10 გოლი). 

🔻 ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს ნაკრებში ერთნაირი სტატისტიკა აქვთ - 13 მატჩი, 5 გოლი.  

კომენტარები

ბოლო ამბები