Thumbnail

კიელინი იუვენტუსს დაემშვიდობა - ჯორჯოს სტადიონი ფეხზე წამოუდგა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იტალიელმა ვეტერანმა ტურინში ბოლო მატჩი ჩაატარა
  • ჯორჯო კიელინიმ იუვეში 17 სეზონი გაატარა და 19 ტიტული მოიგო

იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ ტურინელთა მაისურით ალიანს სთედიუმზე ბოლო მატჩი ჩაატარა. 37 წლის ფეხბურთელი რომის ლაციოსთან საშინაო შეხვედრაში (2:2) სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, მინდორი უკვე მე-18 წუთზე დატვოვა.

საინტერესოა, რომ ჯორჯომ კაპიტნის სამკლავური არგენტინელი პაულო დიბალას გადასცა, რომელიც მომავალ ზაფხულს კლუბის დატოვებას ასევე აპირებს, მის ნაცვლად კი მინდორზე ნიდერლანდელი მატიის დე ლიხტი გამოჩნდა.

ცხადია, იუვეს ქომაგებმა ვეტერანი ფეხბურთელი სათანადოდ გააცილეს. ტრიბუნებზე მრავლად იყო კიელინის მხარდამჭერი ბანერები და ცხადია, ოვაციებმაც არ დაახანა. ეს სრულიად დაიმსახურა მცველმა, რომელმაც იუვეს მაისურით 17 სეზონში 600-მდე მატჩი ჩაატარა (36 გოლი) და 19 ტიტულის მფლობელი გახდა.

იტალიელ მცველს ტურინელებთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებდა, მაგრამ წასვლა ამჯობინა და არაა გამორიცხული კარიერის მიწურულს ძალები ამერიკულ MLS-ში მოსინჯოს. ის იუვენტუსში 2005 წლიდან თამაშობდა, 2018 წლიდან კი გუნდის კაპიტანი გახლდათ. ჯორჯომ იუვენტუსთან ერთად 9-ჯერ მოიგო სკუდეტო, 5-ჯერ იტალიის თასი და 5-ჯერვე იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია.

იუვეში მატჩების რაოდენობით, კიელინი კლუბის ისტორიაში მე-3 ადგილზეა (ალექს დელ პიეროსა და ჯიჯი ბუფონის შემდეგ). აქვე შეგახსენებთ, რომ კიელინიმ ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრებიდან წასვლაც დააანონსა, რომლის რიგებში ბოლო მატჩსაც 1 ივნისს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები