Thumbnail

გლადიატორის გამომშვიდობება - უბრალო ბიჭი ლეგენდად წავიდა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

კიელინის 'ჩემი' პირველი თამაში კარგად მახსოვს. 2006-ში, ინტერთან, 'სან სიროზე', საჩემპიონო ომში ფაბიო კაპელომ მარცხენა მცველად დააყენა. ეს ის თამაშია, დელ პიერო რომ შეცვლაზე შევიდა, ჯარიმიდან თამაში მოიგო და მერე ყველას ენა გამოუყო. ისტორიული თამაში იყო. კიელინიზე ის მახსოვს, რომ ძალიან ვღელავდი. არადა, მაგრად ითამაშა - ფლანგიც დაიცვა და წინაც მიდიოდა. 

ცენტრალურ მცველად მომდევნო წელს დეშამმა აქცია, უკვე სერია B-ში. იუვეს ქვედა ლიგაში მოგზაურობას დადებითი თუ რამე ჰქონდა, ის იყო, რომ კიელინის ძირითადისკენ გზა გაუხსნა. 'გზა გაუხსნა' სწორი ნათქვამია - მაშინდელ კიელინის ვარსკვლავური და მომავალი დიდი ფეხბურთელის არაფერი ჰქონდა, თავდადებული იყო და გულით თამაშობდა. ეგ იყო და ეგ.

ძველი ამბების გახსენებას თავისი მიზეზიც აქვს. ნოსტალგიური. ჯორჯო ბოლო კაცია, ვინც 2006-ის ამბებს მოესწრო, ვინც დელ პიეროსთან და ნედვედთან ერთად სერია B-ს ჯოჯოხეთიც გამოიარა, მერე დელ ნერის და ფერარას გუნდშიც იწვალა და შემდეგ კონტეს და ალეგრის იმპერიაც ნახა. კიელინი იუვენტუსის თანამედროვე ისტორიაა. მისი წასვლით ამჟამინდელ გუნდს პირდაპირი ხიდი უკვე აღარ აქვს 2000-იანების დასაწყისის დიდ გუნდთან. გასახდელში ვეღარავინ იტყვის, რომ დაცვაში თვით ფაბიო კანავაროს გვერდით უთამაშია, ლილიან ტიურამი და პატრიკ ვიეირა უნახავს და ქვედა ლიგის იტალიური პროვინციული ქალაქების სტადიონებზე დავიდ ტრეზეგესთან და პაველ ნედვედთან ერთად დარბოდა. ამ თაობისთვის ნედვედი უკვე მათი ბოსი და გუნდის დირექტორია. ჯორჯოსთვის თანაგუნდელი იყო.

2005 წელი: ჯორჯო კიელინი, ფილიპო ინძაგი და ფაბიო კანავარო

კიელინის წასვლით თითქოს კავშირი წყდება იმ 'ძველ' ფეხბურთთანაც. ჯორჯო დაცვასაც 'ძველებურად' თამაშობდა - შეეძლო, ჯენტილეს ან მონტეროსავით ხისტი და 'ბინძური' ყოფილიყო. ან ბურთი ან კაცი - ორივე ერთად მე ვერ გამცდება - მცველისთვის აუცილებელი ეს კრედო კიელინის თამაშს კარგად აღწერს.

მუდმივი აგრესიის და ფიზიკური ძალადობის ხარჯზე თამაშობდა, თითოეული ბურთისთვის რაღაცნაირი თავდადებით წასვლის უნარი ჰქონდა. გეგონება, რომ ეს ბურთი მის ცხოვრებაში უკანასკნელი იყო. ამ თავდადების წყალობით უბრალოდ და კარიერის დასაწყისში არცთუ ბევრი რამით გამორჩეული ბიჭი კარიერას დაცვის ღმერთების ისეთ პანთეონში ასრულებს, როგორიც კანავარო ან მალდინია. არ ვამტკიცებ, რომ მათზე მაგარი იყო. უბრალოდ, მათთან ერთად ჯორჯოს მოხსენიება არსად და არასოდეს მოგერიდება. ამის თქმა მინდა.

'ძველი ფეხბურთის' იყო მისი სრულიად არასუპერვარსკვლავური იმიჯი - უბრალო, მომღიმარი, ტატუების, დაყენებული თმის და სხვა მსგავსი დეტალების გარეშე. უბრალო გლადიატორივით გამოიყურებოდა და ასეც თამაშობდა. არასოდეს მინახავს ვინმეს ოფლი, სისხლი და გატეხილი თავი ასე უხდებოდეს. მისი ლიდერობის სტილიც ეს იყო - მაგალითით ლიდერობა. თავისი გაუტეხელობის, თავდადების უნარის, მუდმივი კონცენტრაციის მაგალითით. მასთან ერთად გრძნობდი, რომ თითოეულ ბურთს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, კიელინისთან ერთად იუვენტუსი ყოველთვის სხვანაირი იყო - სხვანაირად მობილიზებული და მებრძოლი. უნარი ჰქონდა, რომ თავისი ენერგიით ყველაფერი დაემუხტა მის გარშემო.

კიელინი კაკას წინააღმდეგ - პირველი სეზონი იუვეში

ლეგენდადაც იმიტომ იქცა, რომ თავისი გუნდი იპოვა. აბა, ბარსელონაში ან რეალში კიელინი რაღაც არ წარმომიდგენია. იუვე მისი გუნდი იყო ფასეულობების და სტილის დონეზე. თავადაც იუვენტინურ სულს გამოხატავდა - უბრალოების, ბრძოლის, არდანებების და გუნდის გამო თავის გაწირვის. როცა ლაპარაკობს, მაშინვე ხვდები, რომ იუვენტუსი მისთვის გუნდი არ არის, რაღაც ფილოსოფია თუ მსოფლმხედველობაა. ღირებულებების დონეზე გრძნობს. ასე იყო დელ პიერო და ბუფონიც.

'ძველი ფეხბურთის' ჰქონდა ერთ-ერთზე, პერსონალურად თამაშის ხელოვნება. თვითონაც ძალიან უყვარდა ამის კეთება. იბრას, კავანის და ლუკაკუს წინააღმდეგ ჯორჯოს ორთაბრძოლები ბევრი გვახსოვს, ამ ორთაბრძოლებში წაგებული - თითქმის არასოდეს. აი, ეს საქმე, მოწინააღმდეგე რომ თამაშიდან უნდა გათიშო, არ ათამაშო, ფეხბურთი ჭიდაობად და ომად აქციო, კიელინის ყველაზე მაგრად ეხერხებოდა. ერთი-ერთზე თამაშის ხელოვნებაში მასზე მაგარი არავინ მინახავს. ზემოთ, კანავარო და მალდინი ვახსენე და არც ისინი.

ევროპის ჩემპიონატზე იტალია-ესპანეთის შემდეგ მორატას ჰკითხეს, რა გრძნობაა, როცა კიელინის წინააღმდეგ თამაშობ. გაბრაზებულ გორილასთან პატარა ოთახში ყოფნას შეადარა, როცა ყოველ წამს და ყველა მომენტში ტკივილს და დისკომფორტს გრძნობ. მორატას პასუხი საკმაოდ გულწრფელი და პირდაპირი იყო. კიელინიმ დიდი ფეხბურთი ამით ითამაშა, თორემ მისი პირველი პასი კი არა, ბურთის ფლობის უნარი ალბათ სერია B-ს დონეზეც არ იყო. მისი თამაში ისეთივე უბრალო და მარტივად გასაგები იყო, როგორც იუვეს შავ-თეთრი ფორმა. აქეთ ჩვენ, იქით ისინი - ისინი გოლს ვერ გაიტანენ. კარგ ვარდნას და გამოტანას ისე ზეიმობდა, როგორც მეტოქის კარში გატანილ გოლს.

ბონუჩი, კიელინი და ბარძალი

აქედან BBC-სთან უნდა მივიდეთ. ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ტრიო ისტორიული მნიშვნელობის და მასშტაბის იმიტომაც იყო, რომ ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. ლეოს პირველი პასი და ხედვა ჰქონდა, მის ნაკლოვანებებს ჯორჯო და ანდრია მალავდნენ. სამაგიეროდ კიელინის შეტევის დაწყება აღარ უწევდა. სამივე ერთ მთლიანობას, ერთ ჰარმონიას ქმნიდნენ. ასეთი მაგარი დაცვა სულ  მცირე ბოლო 15 წელი არ გვინახავს. კიელინიც შეიძლება საუკეთესო სეზონების სერხიო რამოსს ან ვან დაიკს ჩამოუვარდებოდა, თუმცა ბოლო 10-წლიანი მასშტაბით (2010-2020), თავისი სტაბილურობით ალბათ დაცვით საქმეში საუკეთესო იყო. ნამდვილი კედელივით იდგა. მასთან ერთად სიმშვიდის, სტაბილურობის განცდა გქონდა. ხერხემალი, საძირკველი, ფუნდამენტი რაღაც ასეთი სიტყვები გახსენდება კიელინიზე.

მისი წასვლა გუნდს ძალიან დაეტყობა. მისი მაგალითი და ლიდერობა, მისი ისტორიული მასშტაბის და სიდიდის განცდა. თავდაუზოგავი და ბრუტალური მოედანზე და ერთ-ერთი ყველაზე გულღია, ალალი და მომღიმარი კაცი მის მიღმა. თორემ თვითონ ალბათ გულდაწყვეტის გარეშე მიდის - 10 'სკუდეტო' აქვს მოგებული (ვერავინ დამაჯერებს, რომ 2006-ის 'სკუდეტო' მოგებული არ არის და ამის არც თავად კიელინის სჯერა), იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დომინანტი გუნდის ლიდერი იყო და წინა წელს ევროპის ჩემპიონობით სანაკრებო ისტორიაც დაწერა. 36 წლის ასაკში ალბათ ტურნირზე საუკეთესო იყო - ნახევარფინალში ესპანეთს უძლებდა 120 წუთი, ფინალში კი ჰარი კეინი გააქრო.

ჯორჯომ შარშან, ევროპის ჩემპიონობით სანაკრებო ისტორიაც დაწერა

თუ გული რამეზე წყდება და გვწყდება, მისი ტრავმები და ჯანმრთელობაა. ქრონიკულმა ტრავმებმა თითქმის ხეიბრად აქცია. ბოლო წლებში ორ თამაშს რომ ატარებდა, მერე 1 თვე მკურნალობდა. ამ გაბარიტების, წონის და ასეთ თავდადებით მოთამაშე კაცს შეუძლებელია, ჯანმრთელობა დიდხანს შერჩენოდა. ტრავმების გამო ბევრი გამოტოვა - მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2015-ში, როცა ზედ ფინალის წინ დაიმტვრა და ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2012-ში, როცა თამაშიდან გაიყვანეს. მისი წასვლის მთავარი მიზეზიც ეს იყო, თორემ კონტრაქტით კიდევ 1 წელი ჰქონდა დარჩენილი. მუნდიალზეც რომ ეთამაშა და ასე დაემთავრებინა, ალბათ ესეც უფრო სამართლიანი იქნებოდა.

თუმცა, ასეთი დიდი კარიერის დასრულების შემდეგ გულდაწყვეტებზე ლაპარაკის დრო არ არის. ძალიან დიდი კაცი წავიდა და დიდი სიცარიელე დატოვა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მისი ყოველთვის განსაკუთრებულად მეიმედებოდა. მის გარეშე შიშის და სიცარიელის განცდა იყო. სულ ჩვენიანად დარჩება, ჩვენი ისტორიის ნაწილად, მაგრამ მოედანზე რომ აღარ გამოვა, ეს სხვა ამბავია. მაგრად იყავი, გლადიატორო! შენ იყავი კლდე, რომელზეც იუვეს ციხე-სიმაგრე იდგა!

კომენტარები

ბოლო ამბები