Thumbnail
  • აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ძალიან დაძაბული მატჩები გველის
  • მთავარია, ვინ ვინ უფრო უკეთ მოუძებნის მეტოქის დაცვას გასაღებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბოლო 10 წელია, მაიამის და ბოსტონის დაპირისპირება ბოლო საკალათბურთო კლასიკად იქცა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლებრონ ჯეიმსის და დი-უეიდის მაიამის მთავარი მტერი და მეტოქე აღმოსავლეთში სწორედ ვეტერანი 'დიდი სამეულის' სელტიკსი იყო. თავისი კარიერის თამაშიც ლებრონმა ბოსტონის 'ტი-დი გარდენში' ითამაშა, 2012-ში კონფერენციის ფინალების მეექვსე შეხვედრაში.

ამის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს კონფერენციის ფინალში ისევ შეხვდნენ - მაშინ, როდესაც მაიამი ორი წლის წინ ორლანდოს 'ბაბლის' დროს სუპერფინალში გავიდა. მათ ერთმანეთთან ბევრი დაპირისპირება ახსოვთ და ახლაც ერთმანეთს ფინალისთვის შეებრძოლებიან. ჯამში მაიამის 2006 წლიდან 6 კონფერენციის ფინალი აქვს ნათამაშები და ექვსივე მოგებული. ბოსტონი 2010 წლის სუპერფინალის შემდეგ 4-ჯერ იყო კონფერენციის ფინალში და ოთხჯერვე წააგო.

ორივე ამ ორგანიზაციას ძალიან ბევრი საერთო აქვს. ორივე ლიგის საუკეთესოებს განეკუთვნებიან თავისი კარგი მენეჯმენტის, სწორი სტრატეგიის, სტაბილური შედეგების და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურის გამო. ეს კონკურენციაც ამიტომ ხდება - მაიამი და ბოსტონი მუდამ საპლეიოფო და დიდი მიზნების გუნდები არიან. მაიამი წელს აღმოსავლეთში პირველი იყო, ბოსტონი - მეორე. ორივე სწორედ სტრუქტურის, სისტემის და გუნდურობის ხარჯზე თამაშობს. ორივეს საერთო კიდევ ის აქვს, რომ დაცვის სპეციალისტები არიან.

ტეიტუმის და ბრაუნის ბოსტონმა კონფერენციის ნახევარფინალში იანისის ჩემპიონი მილუოკი დაამარცხა

სელტიკსი თამაშში 104.5 მიღებული ქულით საუკეთესო იყო რეგულარულში. მათი მწვრთნელი იმე უდოკა დაცვის აღიარებული სპეციალისტია. მაიამის კულტურა და სისტემაც დაცვაზე დგას. ყველა დაცვით კომპონენტში სპოელსტრას გუნდი ლიგის საუკეთესო ხუთეულშია. ორივე აქცენტს მსუბუქი მოთამაშეებით (გარდები, მსუბუქი ფორვარდი) შეტევაზე აკეთებს. მაიამის დაცვა, რომელიც პერიმეტრზე ძალიან მაგრად იცავს თავს, ეცდება, ტეიტუმს და ბრაუნს გაუშროს სისხლი. არც ბოსტონის დაცვა მისცემს ჯიმი ბატლერს და მაიამის მსროლელებს იოლი ცხოვრების შესაძლებლობას.

ორივეს ის აერთიანებს, რომ ნელა თამაში უყვართ. მაიამი 28-ე ადგილზეა ლიგაში თამაშის სისწრაფით, ხოლო ბოსტონი - 24-ეა. ნელი თამაშიც დაცვითი თამაშის წინაპირობაა.

მაიამის მთავარი იმედი ჯიმი ბატლერია. ჰიტმა კონფერენციის ნახევარფინალში ემბიიდის ფილადელფიას მოუგო

ბოსტონი ფავორიტია იმიტომ, რომ იდეალურად გამართული სისტემების დაპირისპირების დროს ჰყავს სერიის საუკეთესო მოთამაშე (ჯეისონ ტეიტუმი) და ჰყავს ორი მოთამაშე, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში ქულების სტაბილურად დაგროვება შეუძლიათ (ტეიტუმი, ბრაუნი). მაიამის ასეთი მხოლოდ ერთი ჰყავს. თუმცა, ფლორიდელებს საშინაო მოედნის უპირატესობა აქვთ და სელტიკსის ფავორიტობა არცთუ ისე მკვეთრადაა გამოკვეთილი.

მაიამის პირველ თამაშში კაელ ლოური დააკლდება. საერთო ჯამში მძიმე და დაცვით სერიას უნდა ველოდოთ. მთავარი კითხვა ის იქნება, თუ ვინ უფრო უკეთ მოუძებნის მეტოქის დაცვას გასაღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები