Thumbnail

'სიტყვა რუსეთი მეზიზღება' - გიორგი წიტაიშვილი ვისლა კრაკოვზე, უკრაინასა და ომზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 21 წლის ფეხბურთელმა პოლონურ კლუბში მის მდგომარეობაზე ისაუბრა 
  • გიოს საქართველოს და უკრაინის დროშების დანახვაზე ერთნაირი ემოცია აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და კიევის დინამოს შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კრაკოვის ვისლაში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის, უკრაინულ მედიას შთაბეჭდილებები გაუზარია და პოლონურ კლუბში თავის მდგომარეობაზე ესაუბრა.  

21 წლის ფეხბურთელი პოლონეთში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაბარგდა და ექსტრაკლასაში ჩატარებულ 6 მატჩში გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. 

ქართველი ფეხბურთელი ვისლაში სეზონის ბოლომდე გამოდის

"დამირეკა ტომაშ კენძიორამ (დინამო კიევის პოლონელი მცველი) და მითხრა, რომ ვისლას მწვრთნელმა ჩემთან დალაპარაკება სთხოვა. უკითხავს, როგორი მოთამაშე და ადამიანი ვარ. ეს ჩემთვის უკვე საინტერესო იყო. კენძიორამ მითხრა, რომ ვისლა, თავისი ისტორიის გამო, პოლონეთში დიდ კლუბად მიიჩნევა და მეც მივიღე წინადადება და გადავედი". 

წიტაიშვილი აღნიშნავს, რომ პოლონურ კლუბში თბილად დახვდნენ და ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.

"აქ ყველაფერი შენს ირგვლივ იწყობა. ყველა ცდილობს, დაგეხმაროს, ინტერესდება შენი მდგომარეობით. ეს ძალიან გეხმარება, რადგან აღარ გჭირდება ადაპტაციისთვის დრო. მოტივაცია და თამაშის ხალისი გაორმაგებული მაქვს", - დასძენს გიო. 

გიორგი წიტაიშვილის მაისურაზე დიდი მოთხოვნაა 

წიტაიშვილმა ვისლაში სადებიუტო მატჩიც გაიხსენა (გურნიკთან 4:1), რომელშიც საგოლე პასი მიითვალა. იმ შეხვედრაში მას უკრაინელი ფანებიც ამხნევებდნენ. 

"ძალიან გამიხარდა, რომ უკრაინიდან ბიჭები ჩამოვიდნენ. მათ მაისურა სურდათ, რომელიც სადებიუტო იყო. მსურდა, ის ჩემთვის დამეტოვებინა, მაგრამ რადგან უკრაინის დროშით მოვიდნენ, სხვაგვარად არ შემეძლო და ვაჩუქე. როდესაც უკრაინის დროშას ვხედავ, ისეთივე ემოციები მაქვს, როგორიც საქართველოს დროშის დანახვაზე", - ამბობს ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული, თავის დროზე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა და 20-წლამდელებთან ერთად მოფლიოს ჩემპიონიც გახდა. 

წიტაიშვილმა გვერდი ვერც რუსეთის თემას აუარა, რომელიც უკრაინაში შეჭრამდე თავს საქართველოს დაესხა.

"იგივე ვითარება იყო. მიიტაცეს ტერიტორიები და მოდიოდნენ თბილისისკენ. იყო სიკვდილი, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურება. უწინ ვფიქრობდი, რომ ადამიანები კი არა, პრეზიდენტია ცუდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე, რასაც ჯარისკაცები ბავშვებსა და ქალებს უკეთებდნენ, ეს ხალხი ჩემთვის აღარ არსებობს. სიტყვა რუსეთი მეზიზღება. 

უკრაინაში გავიზარდე. ვიცი მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, განსაკუთრებით კიევის, რომელიც ჩემი სახლია. როდესაც ვუყურებ ვიდეოს, უბრალო ადამიანები როგორ იპარავენ ტანკებს, გაკვირვებული ვრჩები მათი გამბედაობით. უამრავი ვიდეო და ფოტო ვნახე, სადაც ადამიანები ტანკებს წინ უდგებიან და აჩერებენ მათ. ეს უკრაინელი ხალხის ძალას აჩვენებს", - ამბობს წიტაიშილი. 

გიორგი წიტაიშვილის კარიერა დიდწილად უკრაინას უკავშირდება

გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნახევარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ღირსებას 2021 წლის სექტემბრიდან იცავს, 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები