Thumbnail
  • ჩემპიონატმა სტარტი გასული წლის ნოემბერში აიღო
  • მომავალი ჩემპიონი წითელ ჯგუფში ასპარეზობდა
  • გოგოლისთვის FIFA 22 საუკეთესო თამაშია
  • ინტერვიუ საქართველოს ჩემპიონთან

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საქართველოს eროვნული ლიგის გამარჯვებული ორგანიზაცია Monaspa-ს წევრი გიორგი გოგოლი გახდა. მან დრამატულ ფინალში დათო ანტონაშვილი დაამარცხა და დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა.

ჩემპიონატმა სტარტი გასული წლის ნოემბერში აიღო. ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები წითელ და თეთრ ჯგუფებში გადანაწილდნენ. მომავალმა ჩემპიონმა პლეი ოფის საგზური წითელ ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა. გამოსარჩევია ნახევარფინალური ეტაპი, რომელშიც ტურნირის ორი ფავორიტი - გიორგი გოგოლი და ნიკა ასათაშვილი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ნაადრევ ფინალად შერაცხულ მატჩში, გოგოლი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთი ძლიერი მოთამაშე დათო ანტონაშვილი ელოდა. გოგოლი ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებაშიც დამაჯერებლად თამაშობდა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. 20 წლის გეიმერი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გიორგი გოგოლი FIFA-ს პროფესიონალურ დონეზე ბოლო ორი წელია თამაშობს, ისე კი დიდხნიანი გამოცდილება აქვს. მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი FIFA 21-ში დაფიქსირებული შედეგია, როდესაც eChampions League-ზე TOP 300 მოთამაშეს შორის მოხვდა, ხოლო FIFA 22-ში თანაგუნდელთან ნიკუშა ხევიაშვილთან ერთად Middle East-ის რეგიონში Nations Series-ის TOP 16-ში გავიდა.

პოპსპორტთან საუბარში, გოგოლი აღნიშნავს, რომ ამ ტურნირზე ყველაზე სასიხარულო აზიელი მოთამაშის - rashedOz-ის დამარცხება იყო, რომელიც საკუთარ რეგიონში რეიტინგით პირველ ადგილზეა. საქართველოს ჩემპიონის მსხვერპლთა სიაში დანიის ნაკრების მოთამაშე marcuzo-ც ფიგურირებს. ეს უკანასკნელი გიოს ერთ-ერთი საყვარელი გეიმერია. 

პოპსპორტი გიორგი გოგოლს დაუკავშირდა, რომელმაც ჩემპიონობის შემდეგ პირველი ემოციები გაგვიზიარა:

POPSPORT: ფინალის შემდეგ როგორი იყო შენი პირველი ემოციები და რამდენად ელოდი გამარჯვებას?

გიორგი გოგოლი: ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა. ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, რის გამოც გამარჯვებას ველოდი. ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვარ და მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ მეტოქესთან შემიძლია თამაში.

POPSPORT: ფინალში შენს კონკურენტზე რას იტყვი? რამდენად ძლიერი მეტოქე იყო?

გოგოლი: დათო ანტონაშვილი ძალიან ნიჭიერი და განსხვავებული სტილის მოთამაშეა, თუ ასეთი ტემპით განვითარდა, საკმაოდ კარგ შედეგებს დადებს. eლიგაში მეორე ადგილიც არ არის ცუდი შედეგი.

POPSPORT: როგორ ჩაიარა მთლიანად ჩემპიონატმა და რამდენად მოგწონს მსგავსი ტურნირის ფორმატი?

გიორგი გოგოლი: ტურნირის ყველა თამაში რთული და დაძაბული იყო. ჩემპიონატის ფორმატი ძალიან მომწონს, ვფიქრობ სამართლიანი პრინციპით ჩატარდა. ერთადერთი რასაც შევცვლიდი ისაა, რომ ნახევარფინალში წითელი და თეთრი ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს არ შეხვდნენ და სხვადასხვა ბადეში განაწილდნენ.

POPSPORT: რას ფიქრობ EA-სა და FIFA-ს თანამშრომლობის შეწყვეტაზე? და რომელია საუკეთესო ფიფა, რაც აქამდე გითამაშია? 

გოგოლი: იმედია, თამაში არ შეიცვლება და ლიცენზიებიც უცვლელი რჩება. არ ვიცი gameplay რამდენად გამოსწორდება. საინტერესო იქნება croosplay-ის დამატება, ხოლო ჩემთვის საუკეთესოა თამაშია FIFA 22.

POPSPORT: როგორია შენი სამომავლო გეგმები? 

გიორგი გოგოლი: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Monaspa, რომლიც წევრიც ვარ, ძალიან მეხმარება. მინდა, ამ ორგანიზაციასთან ერთად ყველაფერი მოვიგო, რაც შესაძლებელი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები