Thumbnail

PREVIEW | ფინალი, რომელიც ორივე გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 18 მაისი | 🏟 სევილია, 'სანჩეს პისხუანი' | ⌚ 23:00 | ⚽ აინტრახტი V რეინჯერსი
  • რეინჯერსს და აინტრახტს დიდი ხანია ევროტიტული არ მოუგიათ
  • ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს
  • ყველაფერი, რაც ფინალის შესახებ უნდა იცოდეთ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

შესაძლოა, ევროპალიგა ჩემპიონთა ლიგის ფონზე ბევრი არაფერია, მაგრამ ეს მატჩი ორივე ფინალისტისთვის ნამდვილად ყველაფერია. გერმანულ აინტრახტს და შოტლანდიურ რეინჯერსს ევროტიტულის მოგების შანსი აქვთ და ფრანკფურტიცა და გლაზგოც ამ დღეებში ამ თამაშით ცხოვრობენ.

ფრანკფურტელებმა აქამდე ევროთასი ერთადერთხელ მოიგეს და ისიც 42 წლის წინ. რეინჯერსის ისტორიასაც ერთადერთი ევროთასი ამშვენებს - კიდევ უფრო შორეული წარსულიდან (1972). შესაბამისად, ამ ფინალს ორივესთვის ძალიან დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს.

რეინჯერსი ბოლოს უეფას თასის ფინალში 2008 წელს იყო, მაგრამ მას შემდეგ შოტლანდიური გრანდის თავს ბევრი რამ მოხდა - მე-4 ლიგაში დაქვეითება, ელიტაში დაბრუნება, ევროტურნირებზე დაბრუნება, შოტლანდიის ჩემპიონობა და ახლა უკვე ისევ ევროფინალი.

რეინჯერსმა ევროპალიგის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ორ ტურში 0 ქულა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ვითარება გამოასწორა, პლეი ოფშიც გავიდა და ფინალამდეც მიაღწია. გლაზგოელებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დორტმუნდის ბორუსიასთან და ლაიპციგთან გამარჯვებები იყო, როდესაც ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუნდი წყვილში აშკარა აუტსაიდერად მიიჩნეოდა. რეინჯერსმა შოტლანდიის ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა და მთავარ მეტოქეს, სელტიკს 4 ქულით ჩამორჩა. ისე კი, გლაზგოურ გუნდს სეზონში ორი ტიტულის მოგების შანსი აქვს, რადგან თუ აინტრახტი ევროპალიგის ფინალით სეზონს ასრულებს, რეინჯერსს 21 მაისს კიდევ ერთი ფინალი ელოდება - შოტლანდიის ასოციაციის თასზე ჰართსის წინააღმდეგ.

რეინჯერსმა აიბროქსზე ლაიპციგთან დააქამბექა

აინტრახტი კი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ჯერ ერთხელაც არ დამარცხებულა. გერმანულმა გუნდმა გზაზე ისეთი მეტოქეები ჩამოიცილა, როგორებიც ბეტისი და ვესტ ჰემი არიან, მაგრამ გამოსარჩევი ბარსელონასთან გამარჯვებაა, როდესაც 'კამპ ნოუ' ფრანკუფრტელი ფანებით გადაივსო და ეს რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი სასაუბრო თემა იყო. ოლივერ გლაზნერის გუნდმა ბუნდესლიგაში სეზონი ჩააგდო და 42 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, "არწივებმა" მთელი ძალები და ენერგია ევროპალიგას დაუთმეს და ახლა სანუკვარ მიზნამდე ერთდერთი ნაბიჯი აშორებთ.

აინტრახტს მარტინ ჰინტერეგერი და დიანტ რამაი ვერ დაეხმარებიან, ხოლო შოტლანდიელებს იანის ჰაჯი, ფილიპე ჰელანდერი და ალფრედო მორელოში დააკლდებათ.

აინტრახტის ფანებმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქციეს

ევროპალიგის ფინალი სევილიაში, "რამონ სანჩეს პისხუანზე" გაიმართება და ეს სტადიონი ევროპულ ფინალს 1986 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს. გავიხსენოთ, რომ სევილია უეფამ მასპინძელ ქალაქად ორი წლის აირჩია და მაშინ არჩევანი ანდალუსიის დედაქალაქსა და თბილისს შორის გაკეთდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება მე-3 ევროფინალი, რომელიც სევილიაში გაიმართება. პირველში 1986 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში სტიაუამ ბარსელონა პენალტების სერიაში "რამონ სანჩეს პისხუანზე" დაამარცხა, ხოლო მეორეში 2003 წელს პორტუმ "ესტადიო ლა კარტუხაზე" სელტიკი უეფას თასის ფინალში დაამარცხა.

⚽ ფრანკფურტის აინტრახტი მესამედ ითამაშებს ევროთასის ფინალში. 1960 წელს ჩემპიონთა თასზე მადრიდის რეალთან წააგო, ხოლო 1980 წელს უეფას თასზე გლადბახი დაამარცხა.

⚽ რეინჯერსი პირველი შოტლანდიური გუნდია, რომელიც ევროთასის ფინალში გავიდა 2008 წლის შემდეგ. მაშინაც რეინჯერსმა ითამაშა, უეფას თასის ფინალში და ზენიტთან წააგო. გლაზგოური გუნდი ევროთასის ფინალში 5-ჯერ გავიდა და ეს იგივე შედეგია, რამდენიც დანარჩენ შოტლანდიურ კლუბებს ჯამში აქვთ.

⚽ აინტრახტმა და რეინჯერსმა ორჯერ ითამაშეს ევროტურნირებზე ერთმანეთის წინააღმდეგ. 1960 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში გერმანელებმა ორივე მატჩის ჯამში 12:4 მოიგეს.

⚽ რეინჯერსმა ევროპალიგის მიმდინარე სეზონში საწყისი ორი მატჩი წააგო ლიონისა და სპარტას წინააღმდეგ, ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა. რეინჯერსი პირველი გუნდი გახდა, რომელიც ფინალში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე საწყისი ორი მატჩი წააგო.

⚽ აინტრახტს ევროპალიგაზე ამ სეზონში თამაში არ წაუგია და შეიძლება გახდეს მე-3 გუნდი, რომელიც ტურნირის დაუმარცხებლად მოიგებს. აქამდე ეს მხოლოდ ჩელსიმ (2018/19) და ვილიარეალმა (2020/21) გააკეთეს. ფინალში დაუმარცხებლად ასევე გავიდნენ ბენფიკა (2013/14) და ინტერი (2019/20), მაგრამ ფინალი წააგეს, თან ორივე გუნდი ევროპალიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გადავიდა.

⚽ რეინჯერსმა ამ სეზონში უკვე დაამარცხა ორი გერმანული გუნდი (დორტმუნდი და ლაიპციგი) და თუ აინტრახტსაც მოუგებს, გახდება პირველი გუნდი უეფას თასი/ევროპალიგის ისტორიაში, რომელიც ერთ სეზონში ერთი ქვეყნის სამ გუნდს დაამარცხებს.

⚽ ფრანკფურტის აინტრახტმა ევროტურნირებზე ექვსი მატჩი ჩაატარა ესპანეთში, მაგრამ არასდროს უთამაშია ესპანეთში, როგორც ნეიტრალურ სტადიონზე. გერმანელებმა 1969 წელს ბილბაოსთან პირველი თამაში წააგეს, მას მერე კი ესპანეთის მიწაზე 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ (4 მოგება, 1 ფრე). ამ სეზონში აინტრახტმა სტუმრად დაამარცხა ბეტისი და ბარსელონა.

⚽ რეინჯერსმა ესპანეთში ევროთასებზე 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ მოიგო (3 ფრე, 10 წაგება). თუმცა, ეს ერთადერთი გამარჯვება გლაზგოელებმა მაშინ მოიპოვეს, როცა ესპანეთს ნეიტრალური ადგილის სტატუსი ჰქონდა - 1972 წელს თასების თასის ფინალში მოსკოვის დინამო დაამარცხეს და ერთადერთი ევროპული ტიტული მოიგეს.

⚽ აინტრახტის მწვრთნელი ოლივერ გლაზნერი გახდება მე-5 ავსტრიელი მწვრთნელი, ვინც ევროთასის ფინალში იასპარეზებს ერნს ჰაპელის (ხუთჯერ), მაქს მერკელის, ჰერმან სტესლისა და ერნს დოკუპილის შემდეგ. ავსტრიელებმა ამ 8 ფინალიდან ორი მოიგეს და ეს ორჯერვე ერნსტ ჰაპელმა მოახერხა - 1970 წელს ფეიენოორდთან და 1983 წელს ჰამბურგთან ერთად.

⚽ ჯოვანი ვან ბრონხორსტი შეიძლება გახდეს პირველი ნიდერლანდელი მწვრთნელი, რომელიც მოიგებს უეფას თასს/ევროპალიგას 2008 წლის შემდეგ, როდესაც დიკ ადვოკაატმა ფინალში სწორედ რეინჯერსი დაამარცხა. თავის მხრივ, გლაზნერი შეიძლება გახდეს პირველი ავსტრიელი, რომელიც ამ ტურნირს მოიგებს. ფინალი ორჯერ აქვს წაგებული ერნსტ ჰაპელს - 1976 წელს ბრიუგესთან ერთად ლივერპულის წინააღმდეგ და 1982 წელს ჰამბურგთან ერთად გიოტებორგის წინააღმდეგ.

⚽ რეინჯერსის მარჯვენა მცველი ჯეიმს ტავერნიერი ამ სეზონში ევროპალიგის საუკეთესო ბომბარდირიa. მას 7 გოლი აქვს გატანილი, რაც რეინჯერსის ფეხბურთელისთვის ევროთასზე ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

⚽ დაიჩი კამადა არის აინტრახტის საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლით მიმდინარე ევროპალიგაზე. მხოლოდ სამ მოთამაშეს აქვს აინტრახტის ისტორიაში ევროთასზე უფრო მეტი გოლი - ბერნდ ჰიოლცენბაინს (18), ბერნდ ნიკელსა (12) და ენტონი იებოას (12). კამადა თუ ფინალშიც გაიტანს, გახდება პირველი იაპონელი მოთამაშე და მეორე აზიელი ბუმ-კუნ ჩას (სამხრეთ კორეა) შემდეგ, რომელიც ევროთასის ფინალში გოლს გაიტანს. ბუმ-კუნ ჩამ ფინალში გოლი 1988 წელს გაიტანა, ესპანიოლის წინააღმდეგ, როცა ლევერკუზენში თამაშობდა.

⚽ აინტრახტის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რეინჯერსის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

აინტრახტი (3-4-3): ტრაპი - ტურე, ტუტა, ნ’დიკა - კნაუფი, სოუ, როდე, კოსტიჩი - ჰაუგე, ბორე, კამადა.
ტრავმა: რამაი, ჰინტერეგერი.

რეინჯერი (3-4-3): მაკგრეგორი - გოლდსონი, ლინდსტრომი, ბასი - ტავერნიერი, ჯეკი, კამარა, ბარიშიჩი - რაიტი, არიბო, კენტი.
ტრავმა: ჰაჯი, ჰელანდერი, მორელოში.

კომენტარები

ბოლო ამბები