Thumbnail

გიორგი გახელაძე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპზე იასპარეზებს

  • გიორგი გახელაძე 18-21 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის II ეტაპზე იასპარეზებს
  • მისი მიზანი ახალი კლასის საუკეთესო სამეულში მოხვედრა იქნება

ახალგაზრდა ქართველი მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე მსოფლიოს ჩემპიონატის (2022 FIM Hard Enduro World Championship) მეორე ეტაპზე გაემგზავრა, რომელსაც 18-დან 21 მაისის ჩათვლით სერბეთი უმასპინძლებს.

XROSS HARD ENDURO RALLY სერბეთში 2014 წლიდან ტარდება. ის აქამდე კოპაონიკის და ტარას მთებზე იმართებოდა. 2021 წლიდან ფორმატი შეიცვალა და ახლა ამ შეჯიბრის მასპინძელი ერთდროულად სამი მთაა - ზლატიბორი, ტარა და მოკრა გორა. მართალია, ტურნირს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, მაგრამ როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი, წელს პირველად გაიმართება.

XROSS HARD ENDURO RALLY ერთადერთი მოტოშეჯიბრია სერბეთში. ის უკვე აღიარეს ყველაზე რთულ ტურნირად ჰარდ ენდუროში ბალკანეთის ქვეყნებში. 

სერბეთში თავს მსოფლიოს უძლიერესი რაიდერები მოიყრიან და მათ 300-კილომეტრიანი ურთულესი მარშრუტის დაძლევა მოუწევთ.

გახელაძისთვის ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს მსოფლიოს ჩემპიონატს დაემატა “ჯუნიორ კლასი”, რომლის პირველი შეჯიბრი წელს სწორედ სერბეთში გაიმართება. ქართველი მოტომრბოლელის მიზანი ჯუნიორ კლასში საპრიზო სამეულში შესვლაა და თუ მის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მიზნის მიღწევა რეალურია.

ისრაელში გამართულ პირველ ეტაპზე გახელაძემ ურთულესი მონაკვეთები დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ისრაელმა უმასპინძლა, გახელაძემ 200-მდე მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა და ოქროს მედალიც მიიღო, რომელსაც იმ რაიდერებს აძლევენ, რომლებიც ოქროს კლასის კონკრეტული მონაკვეთების დაძლევას ახერხებენ ხოლმე. 200-მდე მონაწილიდან ისრაელის ეტაპზე ეს მხოლოდ 30-მა სპორტსმენმა მოახერხა.

ქართველი რაიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე შარშანაც ასპარეზობდა. განსაკუთრებით წარმატებული ესპანეთის ეტაპი - Hixpania Hard Enduro იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი.

კომენტარები

ბოლო ამბები