- მაიამი ჰიტი 118:107 ბოსტონ სელტიკსი
- მესამე მეოთხედში მაიამიმ სამაგალითოდ ითამაშა
- ბოსტონს სმარტი და ჰორფორდი ძალიან აკლდნენ
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით: დაძაბული და დრამატული. ბოსტონმა, რომელიც დასუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, ძალიან მაგარი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ მესამე პერიოდში ჯიმი ბატლერმა და ბემ ადებაიომ სელტიკსი უბრალოდ დაანგრიეს და თამაში შეატრიალეს.
ბატლერი საერთოდ სხვა დონეზე იყო - 41 ქულა ჩააგდო (12/19, 17/18 საჯარიმო) და აქედან 17 მხოლოდ მესამე პერიოდში. ამასთან, მას 9 მოხსნა და 5 ასისტიც ჰქონდა, ასევე 4 ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ცუდი სტარტის შემდეგ მასპინძლები ტაილერ ჰირომ (18 ქულა, 7/15) გამოაღვიძა.

ადებაიოსთან ერთად (10 ქულა, 3/4, 4 დაფარება) შთამბეჭდავი დღე ჰქონდა გეიბ ვინსენტსაც (17 ქულა). ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში მაიამიმ ბოსტონს თავისი რიტმი დააკარგვინა და მესამე პერიოდი 39:14 მოიგო.
ჯეისონ ტეიტუმმა (29 ქულა, 10/21, 8 მოხსნა, 6 ასისტი, 4 ჩაჭრა) პირველ ტაიმში 21 ქულა დააგროვა და ძალიან კარგი იყო, მაგრამ მერე, მარტო მესამე მეოთხედში 6 დაკარგვა ჰქონდა. სტუმართაგან გამორჩეული გახლდათ რობერტ უილიამსი (18 ქულა, 9 მოხსნა). კარგი მომენტები ჰქონდა დანიელ თაისსაც (8 ქულა, 4/5, 4 მოხსნა) - განსაკუთრებით ეს გადასარევი დაფარება დედმონის წინააღმდეგ.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოსტონს მარკუს სმარტის (ფეხის ტრავმა) და ალ ჰორფორდის (კორონა-პროტოკოლი) სახით ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა. პირველ ტაიმში სელტიკსმა სროლების 59 პროცენტი ჩააგდო, მაგრამ მესამე პერიოდიდან სტუმართა დომინირება დასრულდა - ჰიტმა სელტიკსი ამ მეოთხედში 14 ქულაზე დატოვა.
ისევე, როგორც მთელ პლეი ოფში, მაიამის კალათბურთელები სამქულიანებს მაინცდამაინც კარგად ვერ ისროდნენ (33 პროცენტი, 10/30), მაგრამ რაც ჩააგდეს, საკმარისი აღმოჩნდა. აქედან 3-3 მაქს სტრუსისა და გეიბ ვინსენტის აქტივშია.
საინტერესოა, რომ ეს დაფარებების თამაში გამოვიდა. საერთო ჯამში ორივე გუნდმა 20 ბლოკშოტი გააკეთა - აქედან მაიამის ანგარიშზე 12 დაფარებაა, რაც სეზონის რეკორდი გახლავთ. ადებაიოს 4 ბლოკი ჰქონდა, ბატლერს და ვინსენტს 3-3.

“გულდასაწყვეტია, რომ მეორე ტაიმში მაიამის ძალისმიერმა და ფიზიკურმა თამაშმა გაგვაკვირვა. არადა, შესვენებაზე სწორედ ამაზე ვილაპარაკეთ,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ბოსტონის მთავარმა მწვრთნელმა იმე უდოკამ.
“ჯიმი ბატლერი ნამდვილი მებრძოლია. ამ ლიგაში ბევრია ისეთი, ვისაც კალათბურთის მაღალ დონეზე თამაში უნდა, მაგრამ ბატლერი თამაშობს იმისათვის, რომ მოიგოს. ეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა და ჯიმიზე უკეთ ამას NBA-ში ვერავინ აკეთებს,” - ეს მაიამის დამრიგებლის, ერიკ სპოელსტრას სიტყვებია.
“ჩემთვის სულერთია, სცენა დიდია თუ პატარა. უბრალოდ გავდივარ და მოსაგებად ვიბრძვი. მიყვარს ძალისმიერი თამაშები, მეტოქე კალათბურთელებს სიამოვნებით ვებრძვი, რათა დავინახო, რომელი დაეცემა პირველი. ყოველთვის მაინტერესებს, ვინ დანებდება პირველი.” - თქვა თვითონ ბატლერმა.
მოკლედ, მაიამი 1:0 დაწინაურდა. სერიის მეორე მატჩი 20 მაისს გაიმართება.
კომენტარები