Thumbnail

რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელსაც ევრობასკეტის თბილისურ ჯგუფში უნდა ეთამაშა, დიდი ალბათობით, მონტენეგროს ეროვნული გუნდი ჩაანაცვლებს. როგორც მონტენეგროული ვებ-გვერდები წერენ, ეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ოფიციალურად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მომავალ შაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე გაფორმდება.

ფიბა-ს რეგლამენტის თანახმად, თუკი რომელიმე ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან იხსნება ან დისკვალიფიცირებულია, მის ადგილს ის გუნდი იკავებს, რომელსაც საკვალიფიკაციო ტურნირში საუკეთესო  შედეგი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბები და ნაკრებები საერთაშორისო ასპარეზს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ჩამოაშორეს, აღნიშნული კრიტერიუმით კი, ევრობასკეტის საგზური მონტენეგროს ერგება.

ბოშკო რადოვიჩის ნაკრები კვალიფიკაციაში მართლაც დაიჩაგრა, რადგანაც ერთადერთი იყო, ვინც 3 მატჩი მოიგო, თუმცა, მიზანს მაინც ვერ მიაღწია. მონტენეგრო იმან აზარალა, რომ გერმანიის ჯგუფში მოხვდა. ეს უკანასკნელი ევროპირველობის ერთ-ერთი მასპინძელია და ცხადია, ტურნირზე ასპარეზობა გარანტირებული ჰქონდა. ისე გამოვიდა, რომ ჯგუფში ბოლო პოზიცია სწორედ გერმანიამ დაიკავა, შედეგად კი, ზედმეტი მე-3 ადგილზე გასული მონტენეგრო აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრები 2017 წელს მონტენეგროში მოგებას ზეიმობს. უკანა ფონზე ნიკოლა ვუჩევიჩი

ცნობისთვის, რადოვიჩის შეგირდებმა კვალიფიკაციაში სწორედ გერმანიას მოუგეს ორივე მატჩი (80:74, 82:75), 2-ჯერ დამარცხდნენ საფრანგეთთან (66:85, 71:73), დიდ ბრიტანეთთან კი თანაბარი ბალანსი ჰქონდათ (81:74, 59:74). 

კვალიფიკაციაში მონტენეგროელთა საუკეთესო მოთამაშეები ნიკოლა ივანოვიჩი, ჯასტინ კობსი, პეტარ პოპოვიჩი (ყველა – ბუდუჩნოსტი), მარკო ტოდოროვიჩი (ხუვენტუტი, ესპანეთი) და მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA) იყვნენ. ითამაშეს ესპანური ლიგა ენდესას სხვა წარმომადგენლებმაც: დინო რადონჩიჩი (სარაგოსა), ნემანია ჯურიშიჩი (ესტუდიანტესი).

თუკი მათ დავუმატებთ ბოიან დუბლევიჩს ვალენსიადან, ნემანია რადოვიჩს მურსიადან და რაც მთავარია, ჩიკაგო ბულსის ვარსკვლავ ნიკოლა ვუჩევიჩს, საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას ვიღებთ, ამდენად, კიდევ საკითხავია, თბილისური ჯგუფში ლეგიონერების გარეშე მოთამაშე რუსეთი სჯობდა თუ მონტენეგრო.

ამგვარად, თუ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მასპინძელი საქართველოს გარდა, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი და მონტენეგრო ითამაშებენ. საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებთა დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს – 7 სექტემბერს შედგება და შესაძლოა, ეს თამაში გადამწყვეტ ხასიათსაც ატარებდეს.

📺 დიქსონისა და სანიკიძის სამქულიანები მონტენეგროსთან

შეგახსენებთ, რომ ქართველი და მონტენეგროელი კალათბურთელები ევრობასკეტი 2017-ის საკვალფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ ორივე თამაში დრამატული გამოდგა. თბილისური მატჩის ბოლო წამებზე მეტოქემ 76:74 მოიგო (ზაზა ფაჩულიას 22 ქულა ჰქონდა, ვუჩევიჩს კი – 17 ქულა და 11 მოხსნა), მონტენეგროულ ბარში კი მეტწილად მაიკლ დიქსონის 31 ქულის წყალობით 90:84 მოვიგეთ. სწორედ იმ მატჩში ჩააგდო ლამის ცენტრიდან სამქულიანი ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც ახლა საქართველოს კალათბურთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

მომავალი ევროპირველობა 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და თბილისის გარდა, მასპინძელი ქალაქები პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (ორივე – გერმანია) და მილანიც (იტალია) არიან. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები