Thumbnail

FIBA WORLD CUP | მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს სამივე მეტოქე გაირკვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფიბა-მ ძალაში დატოვა 1 მარტის გადაწყვეტილება რუსული და ბელარუსული საკალათბურთო კლუბების და ნაკრებების დისკვალიფიკაციის შესახებ, ოღონდ, ეს კვლავაც უახლოეს თვეებს მიუსადაგა და ოფიციალურად არაფერი უთქვამს მოახლოებული ევრობასკეტის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე დაიწერა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის მონტენეგროს ნაკრების მიერ ჩანაცვლების შესახებ, ფიბა-ს დღევანდელ რელიზში ამაზე არაფერი დაუწერია. თუ რას ელოდება მსოფლიო კალათბურთის ორგანიზაცია რთული სათქმელია, რადგანაც გაუგებარია რა უნდა მოხდეს ისეთი უახლოეს პერიოდში, რომ მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთისადმი გული მოუბრუნდეს.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად კი, რუსები კაცთა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის, ქალთა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის, 17-წლამდე გოგონების მსოფლიო პირველობისა და 3X3 კალათბურთის მთელი რიგი ტურნირების მიღმა დატოვეს. ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო პირველი ტურნირი უნდა იყოს, რადგანაც მას კავშირი ჩვენს ნაკრებთანაც აქვს.

რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსიც დაკარგა

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობის ევროპულ საკვალიფაციო ციკლში 8 ოთხგუნდიანი ჯგუფია, სამ-სამი საუკეთესო ანუ 24 ნაკრები კი მე-2 ეტაპზე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში ხვდება. საქართველოს ჯგუფი სწორედ რუსეთისაზე გადიოდა, ახლა კი, სიტუაცია შეიცვალა.

ფიბა-ს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ნაკრების უკვე დაფიქსირებული შედეგები გაუქმებულია (3 მოგება), რაც იმას ნიშნავს, რომ H ჯგუფში მის მეტოქეებს იტალიას, ისლანდიასა და ნიდერლანდებს შემდეგი რაუნდის საგზურები უკვე ჯიბეში უდევთ. და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო: იმისთვის, რომ მე-2 ეტაპზე გასულ ნაკრებები თანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, საქართველოს ჯგუფიდან (G) გასულ სამეულს ბოლოადგილოსთან დაფიქსირებული შედეგები არ ჩაეთვლება.

უდიდესი ალბათობით, ჩვენს ჯგუფში აუტსაიდერი ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს მათთან 2 მოგება (91:70, 79:65) აღარაფერში გამოადგება. ამგვარად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის შეგირდები ესპანეთთან, უკრაინასთან, იტალიასთან, ისლანდიასთანა და ნიდერლანდებთად ერთად მოხვდებიან.

სათქმელია, რომ ქართველი კალათბურთელები მხოლოდ დაწყვილებული ჯგუფის წარმომადგენლებს ეთამაშებიან, აღნიშნული ექვსეულიდან 3 საუკეთესო კი გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც გაისად ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებშია დაგეგმილი. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მე-2 ეტაპზე ვის რამდენი გამარჯვება გადაჰყვება, ამ გადასახედიდან კი, ივლისში უკრაინასა და ესპანეთთან დაგეგმილ საკვალიფიკაციო მატჩებს უდიდესი ფასი ადევს.

კომენტარები

ბოლო ამბები