Thumbnail
  • აინტრახტი 1:1 (5:4-პენ) რეინჯერსი 
  • აარონ რემზი 117-ე წუთზე შევიდა და გადამყვეტი პენალტი ვერ გაიტანა

1980 წელი უეფას თასი, 2022 - მისი მემკვიდრე ევროპალიგა - ფრანკფურტის აინტრახტმა ევროთასი 42-წლიანი პაუზის მერე მოიგო! გერმანულმა კლუბმა ფინალში 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერია 5:4 მოუგო გლაზგოს რეინჯერსს, რომლის რიგებშიც ერთადერთი პენალტი აარონ რემზიმ ვერ გაიტანა. ოლივერ გლაზნერმა თავისი მეორე სამწვრთნელო ტიტული მოიგო, პირველი ხუთი წლის წინ ავსტრიის მეორე დივიზიონის მოგება იყო ლასკ-თან ერთად. მეკარე კევინ ტრაპთან ერთად მატჩის გმირი კოლუმბიელი რაფაელ სანტოს ბორე იყო, რომელმაც თამაშიდანაც გაიტანა და ბოლო პენალტიც. 

რეინჯერსი ნიგერიელმა არიბომ დააწინაურა

ფრანკფურტის აინტრახტი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, სადაც გერმანიას 5 წარმომადგენელი ეყოლება. 

სევილიის "სანჩეს პისხუანზე" ევროპალიგის რიგით მე-13 ფინალი გაიმართა - ერთმანეთს გერმანული აინტრახტი და შოტლანდიური რეინჯერსი დაუპირისპირდნენ. თამაში დაიწყო და სებასტიან როდემ თავის ტრავმა მიიღო, მას რამდენიმე წუთი მკურნალობდნენ, თუმცა ბაიერნისა და დორტმუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ფრანკფურტელთა კაპიტანი მაინც დაუბრუნდა მოედანს. 

57-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, მეტოქის მცველის შეცდომით ჯო არიბომ ისარგებლა, საჯარიმოში შეიჭრა და ტრაპის კარი დალაშქრა, რეინჯერსი დაწინაურდა. აინტრახტმა კამადას მომენტით უპასუხა, მან ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ კარსაც გადააცილა. 70-ე წუთზე კოსტიჩის ჩაწოდებას რაფაელ ბორეს გოლი მოჰყვა ახლო მანძილიდან - 1:1. 90 წუთი ფრედ დასრულდა.

ანგარიში რაფაელ სანტოს ბორემ გაათანაბრა

დამატებით ტაიმებში საუკეთესო მომენტი 118-ე წუთზე კენტს შეექმნა, მას მერე, რაც მოედანზე რემზი ვიხილეთ. კენტის დარტყმული ახლო მანძილიდან ტრაპმა მოიგერია და აინტრახტი იხსნა. ტავერნიერის საჯარიმოც სახიფათო იყო, თუმცა ტრაპმა გერმანული გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა.

პენალტების სერია ტავერნიეს გოლით გაიხსნა, ლენცმა გოლითვე უპასუხა - 1:1. დევისმა მაღალ კუთხეში გაიტანა, ჰრუსტიჩმა დაბალ კუთხეში უპასუხა - 2:2. არტფილდმა ძლიერი დარტყმით კვლავ რეინჯერსი დააწინაურა, კამადამ ძელის დახმარებით გაიტანა - 3:3. პენალტის ნიშნულთან რემზი მივიდა, კევინ ტრაპმა ფეხით მოიგერია! კოსტიჩმა კუთხეში გაიტანა - 4:3 აინტრახტის სასარგებლოდ. რუფმა ანგარიში გაათანაბრა, ბურთთან რაფაელ სანტოს ბორე მივიდა და გაიტანა - 5:4.

საინტერესო ფაქტები

🔻 ალან მაკგრეგორი გახდა მე-3 ფეხბურთელი 40 წლის ან მეტის ასაკის, რომელმაც ევროთასის ფინალში ითამაშა - 40 წლის და 107 დღის. მანამდე ეს დინო ძოფმა (41 წლის და 86 დღის 1983 წელს) და ედვინ ვან დერ სარმა (40 წლის და 211 დღის 2011 წელს) მოახერხეს. 

🔻 ფილიპ კოსტიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპალიგის ამ სეზონში 100-ზე მეტი ჩაწოდება განახორციელა. მე-2 ადგილზე მყოფ ჯეიმს ტავარნიეს მან ორჯერ აჯობა. 

🔻 ნიგერიელმა შემტევმა ჯო არიბომ (რეინჯერსი) ევროპალიგის სეზონში თავისი პირველი გოლი ფინალში გაიტანა. 

🔻 რაფაელ ბორეს (აინტრახტი) გოლი მე-6 იყო კოლუმბიელი ფეხბურთელებისთვის ევროპალიგის ფინალებში. მეტი გოლი არცერთ სხვა ერის წარმომადგენელს არ გაუტანია (ესპანელებსაც 6 გოლი აქვთ გატანილი). 

🔻 მას მერე, რაც ფინალი ერთმატჩიანია (1998-დან) ეს მე-9 შემთხვევაა, როცა დამატებითი დრო დაინიშნა ტურნირის (უეფას თასის ჩათვლით) ისტორიაში.

🔻 აინტრახტმა ევროპალიგა მატჩის წაუგებლად მოიგო.

აინტრახტი 1:1 ( 5:4 პენალტების სერია) რეინჯერსი

გოლები: 0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (70. კოსტიჩის პასით)

აინტრახტი (3-4-2-1): ტრაპი - ტუტა (59. ჰასებე), ალმამი ტურე, ნ'დიკა (100. ლენცი) - კნაუფი, ჯიბრილ სოუ (106. ჰრუსტიჩი), როდე (70. იაკიჩი), კოსტიჩი - ლინდსტრიომი (70. ჰაუგე), კამადა - რაფაელ ბორე

რეინჯერსი (4-2-3-1): მაკგრეგორი - ტავერნიერი, გოლდსონი, ბასი, ბარიშიჩი (117. რუფი) - ჯეკი (74. დევისი), ლუნდსტრამი - კენტი, რაიტი (74. საკალა (117. რემზი)), კამარა (91. არტფილდი) - არიბო (101. სენდსი)

კომენტარები

ბოლო ამბები