Thumbnail

სამუნდიალე შემადგენლობა? ფლიკმა გერმანიის ნაკრებში ბევრი დააბრუნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰანსი ფლიკმა ივნისის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • ამ სიაში უმრავლესობას მუნდიალზე თამაში განაღდებული აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ის შემადგენლობაა, რომელსაც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანად მოიაზრებს.

ჰანსი ფლიკმა ივნისში დაგეგმილი ერთა ლიგის 4 მატჩისთვის (ორჯერ იტალიასთან, ინგლისთან, უნგრეთთან) შემადგენლობა დაასახელა და აცხადებს, რომ ამ შეხვედრებს მუნდიალისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ახლაა გამოძახებული, შეუძლია, დიდი იმედი ჰქონდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაემგზავრება.

“ის შემადგენლობა, რომელსაც ახლა ხედავთ, საუკეთესოა. თუმცა ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ ამ სიაში ვინმეს ნაცვლად მოხვდეს. გერმანიის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა,” - განაცხადა ფლიკმა.

მისი თქმით, ეს შანსი ისეთ მოთამაშეებსაც აქვთ, რომლებსაც ბუნდესგუნდში ჯერ არ უთამაშიათ და ამით იმედი დაუტოვა შალკეს თავდამსხმელს, 34 წლის სიმონ ტეროდეს, რომელმაც ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 30 გოლი გაიტანა.

“ის ძალიან კარგი ცენტრფორვარდია. მეორე ბუნდესლიგაში ძალიან ბევრი გოლი გაიტანა. ვნახოთ, როგორ ითამაშებს მომავალ სეზონში, გაიტანს თუ არა ბევრს ასევე პირველ ბუნდესლიგაში. თუკი ტოპ-დონეზე თამაშს გააგრძელებს და გოლებიც ექნება, მისთვის ყველა კარი ღია იქნება. შთამბეჭდავია, რამდენი გოლი გაიტანა ბოლო წლებში. ჩვენ მას ვაკვირდებით,” - თქვა ფლიკმა.

შალკეს თავდამსხმელი სიმონ ტეროდე

ბევრისთვის გასაკვირად, გერმანიის ნაკრებში გამოძახებულები არ არიან მათიას გინტერი, ფლორიან ნოიჰაუსი და რობინ გოზენსი. ფლიკი: “ამჯერად ასე გადავწყვიტეთ. ყველას ვუთხარით, რას ველოდებით მათგან. მათთვის ეს გამოწვევა უნდა იყოს, რომ დაბრუნდნენ. ეს ჯერ არ არის საბოლოო სამუნდიალე შემადგენლობა. ნაკრების კარი ღიაა, ნებისმიერ შეუძლია თავის გამოჩენა და დაბრუნება.”

ბუნდესმწვრთნელმა განსაკუთრებით შეაქო ფრანკფურტის აინტრახტის მეკარე კევინ ტრაპი, რომელიც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის არყოფნაში, მეორე კიპერი იქნება: “რაც აინტრახტმა შეძლო, სენსაციაა, კევინმა კი ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. ბოლო თვეებში მან დაამტკიცა, რომ განვითარების ახალ საფეხურს მიაღწია.” 

გერმანიის ნაკრების განაცხადში დებიუტანტი არავინაა. ბუნდესგუნდში ბრუნდებიან ნიკლას ზიულე, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეტცკა, სერჟ გნაბრი, მარკო როისი, კარიმ ადეიემი, იონას ჰოფმანი, ლუკას კლოსტერმანი და მეკარე ოლივერ ბაუმანი.

გერმანიის ნაკრები

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი).

მცველები: ბენიამინ ჰენრიხსი (ლაიპციგი), თილო კერერი (პსჟ), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), დავიდ რაუმი (ჰოფენჰაიმი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ნიკო შლოტერბეკი (ფრაიბურგი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან თაა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლეროი სანე (ბაიერნი), ანტონ შტახი (მაინცი).

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ჩელსი), კარიმ ადეიემი (ზალცბურგი), ლუკას ნმეჩა (ვოლფსბურგი).

კომენტარები

ბოლო ამბები