- მაიამი ჰიტი 102:127 ბოსტონ სელტიკსი
- ბოსტონმა შთამბეჭდავად ითამაშა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
- ეს სმარტის და ჰორფორდის დაბრუნების დამსახურებაა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ბოსტონმა მაიამისთან ანგარიში გაათანაბრა (1:1) და ეს უბრალო მოგება არ ყოფილა. პირველი მატჩის წაგების შემდეგ სელტიკსი ძალიან შთამბეჭდავად დაბრუნდა და ჰიტს სტუმრად 127:102 მოუგო. იყო მომენტი, როცა ბოსტონელები 34 ქულითაც კი იგებდნენ. არცაა გასაკვირი, რომ მაიამის გულშემატკივრებმა დარბაზი ნაადრევად დატოვეს - ბოლო მეოთხედში, საკმაოდ ადრე, ტრიბუნებზე ბევრი ქომაგი აღარ იყო.
მარტივად რომ ვთქვათ, ბოსტონმა ეს თამაში სამქულიანების წვიმით და მახრჩობელა დაცვით მოიგო. ჯეისონ ტეიტუმი და კომპანია ნაადრევად გავიდნენ წინ და მათ ხელი ვერც ჯიმი ბატლერმა შეუშალა, რომელიც პირველ თამაშში შეუდარებელი იყო.

ტეიტუმი 27 ქულით (8/13, 5 მოხსნა, 5 ასისტი) სელტიკსის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, თუმცა ბრწყინვალე დღე ჰქონდათ ჯეილენ ბრაუნს და მარკუს სმარტსაც, რომლებმაც 24-24 ქულა დააგროვეს. გრანტ უილიამსმა “სკამიდან” 19 ქულა ჩააგდო.
ბოსტონისთვის კარგი ამბები ჯერ კიდევ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო, როცა გაირკვა, რომ ალ ჰორფორდიც ითამაშებდა (10 ქულა) და სმარტიც. სამაგიეროდ, სელტიკსს დერიკ უაითი დააკლდა პირადი მიზეზების გამო, მაიამიმ კი კვლავ ვერ გამოიყენა კაილ ლოური.
სმარტმა თამაშზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მართალია, თამაშიდან 22 ისროლა და “მხოლოდ” 8 ჩააგდო (5/12 სამქულიანი), მაგრამ სამაგიეროდ დაცვაში და პლეიმეიკინგის თვალსაზრისით ბრწყინავდა (12 ასისტი). ამასთან, მან 9 მოხსნაც გააკეთა და 3 ჩაჭრაც ჰქონდა.
და მაიამი? ბატლერმა იბრძოლა და 29 ქულა დააგროვა (11/18). აქედან 16 მან მესამე პერიოდში ჩააგდო, როცა მაიამი ბოსტონს უკვე საკმაოზე მეტად ჩამორჩებოდა. მატჩის პირველი 4 წუთი ნამდვილად მაიამის ეკუთვნოდა, მერე კი სულ სტუმრები დომინირებდნენ. 70:45 - ასეთი ანგარიში დაფიქსირდა პირველ ტაიმში.
25-ქულიანი უპირატესობა პირველი ტაიმის შემდეგ სელტიკსის რეკორდია. პლეი ოფის გასვლით მატჩში ბოსტონს ტაიმი ამაზე დიდი სხვაობით არასდროს მოუგია (Bubble-პლეი ოფს თუ არ ჩავთვლით).
მარტო პირველ პერიოდში ბოსტონმა 11 სამქულიანი ისროლა და 9 ჩააგდო (81,8 %) - ასევე კლუბის რეკორდი პლეი ოფებში. საბოლოოდ, სელტიკსმა 40 სამიანიდან 20 ჩააგდო (50%), მაიამიმ კი - 34-დან 10 (30,3%).
მარკუს სმარტი (ბოსტონ სელტიკსი): “თავს ცუდად ვგრძნობდი იმის გამო, რომ თანაგუნდელებს პირველ მატჩში ვერ დავეხმარე. ვალდებული ვიყავი, მალე გამოვჯანმრთელებულიყავი. დღეს თავდაჯერება დაგვიბრუნდა, თამაშს ვაკონტროლებდით. მე და ალი (ჰორფორდი) ამ ყველაფერს დიდი ხანია, ვაკეთებთ. ვიცით, რა არის საჭირო. ჯეისონისთვის და ჯეილენისთვის წნეხი უნდა შეგვემსუბუქებინა და ესეც შევძელით.”
ჯიმი ბატლერი (მაიამი ჰიტი): “ჩვენს შერცხვენას ეცადნენ და შეგვარცხვინეს. მომდევნო მატჩში ყველაფერი გასაუმჯობესებელი გვაქვს.”
იმე უდოკა (ბოსტონის მწვრთნელი): “ბიჭებმა იცოდნენ, რომ ბევრი რამ უნდა გაეკეთებინათ იმაზე უკეთ, ვიდრე პირველ მატჩში. ასეც მოიქცნენ.”

ერიკ სპოელსტრა (მაიამის მწვრთნელი): “ეს თამაშიც მხოლოდ 1 მოგებად ითვლება. ცხადია, არ მოგვწონს, როგორც წავაგეთ და საერთოდ რომ წავაგეთ, მაგრამ მათ ექსტრემალურად კარგად ითამაშეს. ორივე ძალიან კარგი გუნდია. ბევრი სამუშაო გვაქვს.”
მოკლედ, სმარტისა და ჰორფორდის დაბრუნების შემდეგ სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1:1. მომდევნო მატჩი უკვე ბოსტონში, 22 მაისს გაიმართება.
კომენტარები