Thumbnail

'მიქაუტაძე ჩაკვეს ჰგავს, კვარას პრობლემა არ აქვს' - სანიოლმა ყველაფერზე ისაუბრა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

სანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ივნისში საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის: 2 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 5 და 9 ივნისს ბულგარეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, 12 ივნისს კი ბულგარეთს თბილისში ეთამაშება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის სტარტის წინ პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრები C ლიგაში გამოსვლას ივნისიდან დაიწყებს, შეკრებას კი, სადაც 29 ფეხბურთელია გამოძახებული, 24 მაისიდან, თბილისში გეგმავს. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...იძულებით ცვლილებაზე: "პირველ რიგში მიხარია თქვენი ნახვა. ნოემბერს შემდეგ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. სანამ კითხვა-პასუხს დავიწყებდეთ, უნდა გითხრათ, რომ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. გუშინ გიორგი ქვილითაიამ კუნთის ტრავმა მიიღო და მას ბექა მიქელთაძე ჩაანაცვლებს.

...გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ: "მას რთული პერიოდი ჰქონდა, უამრავი ტრავმა. ბელგიაში, გენტშიც საქმეები იოლად არ მისდიოდა. იანვარში კლუბი შეიცვალა, თავიდან თამაშობდა, თუმცა ბოლო 5 კვირაა, მოედანზე აღარ გამოსულა. ნაკრებში იმიტომ გამოვიძახე, რომ მიმაჩნია, კარიერის ისეთ ეტაპზეა, დახმარება სჭირდება. ჰამბურგში ვიყავი, ვესაუბრე. იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში შეიძლება არ იყოს, ტრიბუნებზე ყოფნაც შეიძლება მოუწიოს. მისი ძველი ფორმის დასაბრუნებლად ყოველდღიური, თავჩაუხრელი შრომა დასჭირდება. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენთან ერთად იქნება, გუნდთან ერთად ივარჯიშებს და იმედი მაქვს, რომ ამ დროში მისგან პროფესიონალურ ქცევას ვიხილავთ."

'იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში შეიძლება არ იყოს, ტრიბუნებზე ყოფნაც შეიძლება მოუწიოს'

...დავით ვოლკოვზე: "როცა ნოემბერში ვოლკოვი გამოვიძახეთ, ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შვედეთთან კარგად შემოვიდა, უზბეკეთთან გოლიც გაიტანა. ალბანეთთან პრობლემა ჰქონდა, მოედანზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ახლა ალბათ თავდაჯერება აკლია, მაგრამ იმედია, გოლების გატანას განაახლებს, თავდაჯერებაც შეემატება და ის აუცილებლად ჩვენთან ერთად იქნება."

...მეტოქეებზე და გუნდის ფორმაზე: მესმის, რომ ფანების დიდი მოლოდინი აქვთ, რაც ძალიან კარგია. გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ, მასთან ერთად აღნიშნავენ კარგ ამბებს. ერთა ლიგას გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ, რომელიც ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდად არის აღქმული. ბულგარეთს ყოველთვის კარგი ნაკრები ჰყავდა და ახალ თაობასთან ერთად ცუდად არ გამოიყურებიან. ჩრდილოეთ მაკედონია, ალბათ, ჯგუფის საუკეთესო ნაკრებია - ცოტა ხნის წინ მათ იტალია დაამარცხეს. ჩვენს თამაშში კი სტაბილურობა შეინიშნება. რამდენადაა გუნდი მზად გულშემატკივართა მოლოდინის გასამართლებად, ამას მას შემდეგ დავინახავ, რაც ნაკრები შეიკრიბება და მოთამაშეების ფორმას ვნახავთ."

...ოთარ კიტეიშვილის შესახებ: "ჩემი აზრით, კიტეიშვილი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მას აქვს გამოცდილება, კლასი და მისნაირი ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება ძალიან მიხარია. ბოლო პერიოდში ოთარს ტრავმა ჰქონდა, ცხადია, ტემპსა და ინტენსივობასთან შეგუება დასჭირდება. რომელ პოზიციაზე ითამაშებს კიტეიშვილი, ამას მომავალში გადავწყვეტთ."

'მიქაუტაძით კმაყოფილები არ ვიყავით. ის ჩაკვეს ჰგავს, გაცილებით მეტი შეუძლია.' 

...გიორგი მიქაუტაძის შესახებ: "მარტში იმიტომ არ გამოვიძახეთ, რომ მისი მოქმედებებით კმაყოფილები არ ვიყავით. გიორგის იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამას ვხედავდით. ცოტათი 'ჩაკვეს' ჰგავს, მასაც ნაკრებისთვის ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია. მიქაუტაძეს ავუხსენი, რას ველოდები მისგან და იცის, რა უნდა გააკეთოს."

...რას ელოდება მოთამაშეებისგან: "ცოტა ხნის წინ მიკელ არტეტამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერ ფეხბურთელმა მოედანზე ბევრი უნდა ირბინოს,  ბევრი იმუშაოს და ტექნიკა ამის შემდეგ გამოავლინოს. მოთამაშეებისაგან მეც ზუსტად იმავეს ველოდები."

...სანდრო ალთუნაშვილზე: "ძალიან ბევრ მოთამაშეს ვაკვირდებით, რომლებიც, შესაძლოა, ნაკრებში მომავალში ვიხილოთ. მაგალითად, სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ძალიან კარგი ნახევარმცველია. ყოველი შეკრების წინ ვადგენთ იმ სიას, რომელთა გამოძახებასაც ვაპირებთ. აქ საქმე ბალანსს შეეხება: ერთსა და იმავე პოზიციაზე ძალიან ბევრი მოთამაშე არ უნდა დაგროვდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს თუ მის ფარგლებს გარეთ. ძირითად შემადგენლობაში 11 საუკეთესო ხვდება."

'ალთუნაშვილს ძალიან ვაფასებ. ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა'

...ისევ ჩრდილოეთ მაკედონიაზე: "მუნდიალის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად ჩაატარეს, ბოლო ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშეს და მსოფლიო თასის პლეი ოფში იტალიასაც მოუგეს. ამიტომ მიმაჩნია ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტად, მაგრამ ქაღალდზე არსებული სტატუსი შესაძლოა, მოედანზე შეიცვალოს. ნაკრებში გამოძახებული 29 ფეხბურთელიდან მაკედონიელებთან თბილისში წაგებულ მატჩში ბევრმა ითამაშა, მაგრამ ახლა სხვა მატჩია, სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომ, რევანშის დარქმევა მთლად შესაბამისი არ იქნება, ჩემი აზრით. მაგრამ, თუ ეს ფეხბურთელებს უკეთეს მოქმედებაში დაეხმარებათ, მოტივაციადაც შეიძლება აღვიქვათ."

...ოთარ კაკაბაძის შესახებ: "კაკაბაძის შტუტგარტში სავარაუდო ტრანსფერს რაც შეეხება, ის უნდა ვთქვათ, რომ ბუნდესლიგა ძალიან ძლიერი ტურნირია და ქართულ ფეხბურთს ეს ტრანსფერი გამოადგება. თუ ოთარი ასეთ კლუბში გადავა, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სადაც იქნება, ითამაშოს. მამარდაშვილი ვალენსიაშია, ხვიჩა ნაპოლიში ითამაშებს, თუ მათ რიგებს კაკაბაძეც შეუერთდება, ცხადია ნაკრებს დიდ სარგებელს მოუტანს."

...ისევ ალთუნაშვილზე და ცენტრალურ ნახევარმცველებზე: "როცა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, გუნდში მის პოზიციაზე მოთხოვნა გაჩნდა. მარტში მექვაბიშვილი გამოვიძახე, ძალიან მომეწონა. ალთუნაშვილს ძალიან ვაფასებ, ბათუმის დინამოსთან ერთად კარგ თამაშს აჩვენებს, მას აქვს პოტენციალი, რომ ნაკრებში ითამაშოს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა: გვილია, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, მამუჩაშვილი, ყველას გამოძახება რთულია."

'გიორგი ლორიას ჩემთვის იმედები არასდროს გაუცრუებია'

...მამარდაშვილზე, ლორიაზე და კუპატაძეზე: "ძალიან იღბლიანი მწვრთნელი ვარ, რადგან გუნდში ლორია, მამარდაშვილი და კუპატაძე მყავს. ლორიას უფრო დიდი გამოცდილება აქვს, მამარდაშვილს ბოლო თვეებში დიდი პროგრესი ჰქონდა. გიორგი ლორიას ჩემთვის იმედები არასდროს გაუცრუებია. მამარდაშვილი ალბანეთთან ვნახეთ და ის სრულად განსხვავებული მეკარე იყო იმისგან, რაც ბულგარეთთან ვიხილეთ. წინ ბევრი თამაშია და ვნახოთ, ვინ ითამაშებს. მთავარია, არჩევანი მაქვს და ეს მახარებს."

...ხვიჩა კვარაცხელიასთან საუბარზე და მის მომავალზე: "ბოსნიაში ყოფნისას ხვიჩა კვარაცხელიასთან ვისაუბრე. მას სჭირდებოდა სწორი გზა და მგონია, რომ ბათუმი საუკეთესო არჩევანი იყო. ხვიჩა ახალგაზრდაა, მას ყველაფერი აქვს, რათა ნაპოლის ლიდერი გახდეს. ამისათვის ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. ცხადია, ასეთ კლუბში გადასვლა კვარაცხელიასთვის დიდი მოტივაცია იქნება."

'ხვიჩა კვარაცხელიას დუმილი არ ნიშნავს, რომ თავს ცუდად გრძნობს'

...კვარას დუმილზე: "ის ფაქტი, რომ ხვიჩა მედიასთან არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად თავს ცუდად გრძნობს. მასთან დაკავშირებით პრობლემა არ შემიმჩნევია. ახალგაზრდა, ძლიერი ბიჭია და ის ამ ყველაფერს ნაპოლიშიც გამოავლენს. კვარა ნაკრების შეტევის ლიდერია, ბევრი გოლი გააქვს. ცხადია, ნაკრებში ყველა ფეხბურთელი მუდმივად 90 წუთს ვერ ითამაშებს, ეს კვარაცხელიასაც შეეხება, როგორც სხვა ბევრ მოთამაშეს. მაგრამ ველოდებით, რომ ის ეროვნული გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება."

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის 6-დან ოთხ მატჩს ივნისში, ათდღიან ინტერვალში ჩაატარებს. სანიოლის გუნდი 2 ივნისს, გიბრალტარს უმასპინძლებს, 12 ივნისს კი - ბულგარეთს. შუალედში საქართველოს ნაკრები 5 და 9 ივნისს, გასვლით მატჩებს შესაბამისად ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი).

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

კომენტარები

ბოლო ამბები