Thumbnail

ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა - ჰაალანდი დორტმუნდს საჩუქრებით ემშვიდობება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერლინგ ჰაალანდმა დორტმუნდის ბორუსიაში ყველა დაასაჩუქრა
  • თანაგუნდელებს Rolex-ის, სხვებს კი Omega-ს საათები აჩუქა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელებს ძვირფასი საჩუქრებით ემშვიდობება.

“ბილდი” წერს, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 33 თანაგუნდელს “როლექსის” უძვირფასესი საათები აჩუქა. თითოეული მათგანის ღირებულება 13 000-დან 15 000 ევრომდეა.

გარდა ამისა, ჰაალანდმა საჩუქრები კლუბის სხვა თანამშრომლებსაც გაუკეთა. “ბილდის” ინფორმაციით, მან ექიმებს, მზარეულებს, თერაპევტებს და სხვებს Omega-ს საათები აჩუქა, რომელთა ფასი 5 000-დან 7 000 ევრომდეა.

საბოლოო ჯამში, ჰაალანდმა საჩუქრებში 500 000 ევროზე მეტი დახარჯა. მან საათები ნიდერლანდებში შეუკვეთა, საიდანაც ძვირფასი ნივთები დორტმუნდში ორი ავტომობილით და დაცვით ჩაიტანეს. დელეგაციაში იყვნენ “როლექსისა” და “ომეგას” თანამშრომლებიც, რომლებმაც საათები ყველას ინდივიდუალურად მოარგეს.

საჩუქრები სპეციალურ სასაჩუქრე ყუთში გახლდათ შეფუთული. თითოეულ ყუთს სამი ფოტო ჰქონდა: ჰაალანდის 9 ნომერი, მისი ზეიმის ამსახველი ფოტო და გერმანიის თასის აღმართვის ფოტო. ყუთს ეწერა: EBH (ერლინგ ბრაუტ ჰაალანდი) 2020-2022.

ერლინგ ჰაალანდმა დორტმუნდის ბორუსიას ფორმით 2020-დან 2022 წლამდე 66 მატჩში 61 გოლი გაიტანა. მომავალი სეზონიდან ნორვეგიელი მანჩესტერ სიტიში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები