Thumbnail

CS:GO | ხუთი საუკეთესო გეიმერი თამაშის ისტორიაში

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

CS:GO მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული სპორტის სახეობაა და ეს თამაში საქართველოშიც ძალიან უყვართ. წინა სტატიებში 2000-იანი წლების დასაწყისი გავიხსენეთ, როდესაც counter strike 1.6-მა სრული ფურორი მოახდინა. გასაკვირი არაა, რომ დღეს თამაშს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო წარმატებული გეიმერები უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ.

გადავწყვიტეთ, თამაშის ისტორიაში საუკეთესო 5 გეიმერი გამოგვერჩია, რომლებმაც ამ სახეობის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანეს. 

კრისტოფერ ალესუნდი - ‘GET_RIGHT’

სიაში საპატიო ადგილს კრისტოფერ ალესუნდი, იგივე GET_RIGHT იკავებს. CS:GO-ს ყველა მოყვარულმა იცის, რომ შვედი გეიმერი თამაშის ცოცხალი ლეგენდაა. მისი კარიერა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. თამაშობდა Ninjas in Pyjamas-ის, SK Gaming-ის, Meet Your Makers-ისა და Fnatic-ის შემადგენლობებში. მას შემდეგ, რაც Counter-Strike: Global Offensive გამოვიდა, შვედი Ninjas in Pyjamas-ს დაუბრუნდა, სადაც 7 წელი გაატარა. ალესუნდი "პენსიაზე გასვლის" შემდეგ Dignitas-ს სტრიმერი გახდა.

ის ფაქტი, რომ GeT_RiGhT-მა პროფესიონალურ სცენაზე ამდენი დრო გაატარა, ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში ლეგენდარული გუნდების ნაწილი იყო, ხოლო თავად მოთამაშემ ყველა საჭირო სათამაშო ინსტიქტი შეინარჩუნა. კრისტოფერ ალესუნდს ყველანაირი ჯილდო აქვს აღებული, რისი მოპოვებაც შესაძლებელი იყო. 

პატრიკ ლინდბერგი - ‘F0REST’

შვედებს CS:GO-ს თამაში ძალიან მაგრად გამოსდით. ამ ქვეყნიდანაა პატრიკ ლინდბერგიც, რომელიც წლების განმავლობაში GeT_RiGhT-ის თანაგუნდელი იყო. CS:GO-ს გამოსვლის მერე ის Ninjas in Pyjamas-ში გადავიდა. დღეს Dignitas -ს შემადგენლობაშია და კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მალე 34 წლის ხდება. F0REST იმ სამ მოთამაშეს შორის შედის, რომლებსაც შვედეთის ყველაზე გამორჩეულ გუნდებში (SK, Fnatic და NiP) უთამაშიათ.   

ოლეკსანდრ კოსტილიევი - ‘S1MPLE’

‘ძალიან მაგრად ისვრის’ - მსგავს შეძახილებს უკრაინელი გეიმერის მისამართით ხშირად გაიგებთ. S1MPLE მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო AWP-ედაა აღიარებული, რასაც მისი მეტსახელიც (მესაფლავე) ხაზს უსვამს. 24 წლის ასაკში კოსტილიევმა HLTV-ის 19 MVP-ის ჯილდო მოიგო, 2018 და 2021 წლებში კი საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა. S1MPLE უკრაინული ორგანიზაცია Natus Vincere-ის წევრია. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მან საკუთარი ქვეყნის არმიას მილიონი გრივნა გადაურიცხა, რაც 33 000 დოლარს უდრის. 

ნიკოლაი ჰვილშოი რიდცი - ‘DEV1CE’

AWP ვახსენეთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ dev1ce-ის შესახებ. დანიელი სუპერვარსკვლავი s1mple-ის მსგავსად ერთ-ერთი საუკეთესო AWP-ერია. ისევე, როგორც ამ ხუთეულის სხვა წევრებს, რიდცსაც ყველანაირი ჯილდო აქვს მოგებული და ზურგს მეიჯორების არაერთი ტიტული უმაგრებს. 

ოლოფ მარკუს გუსტაფსონი - ‘OLOFMEISTER’

და ბოლოს: პროფესიონალი შვედი გეიმერი, რომელმაც აქტიური კარიერის უმეტესობა ორ გუნდში - Fnatic-სა და FaZe Clan-ში გაატარა. მის საუკეთესო წლებს Fnatic-ს უკავშირებენ. სტოკჰოლმში PGL Major-ის დასრულების შემდეგ, შვედმა ვარსკვლავმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. იმედია, CS:GO-ს დიდ სცენაზე OLOFMEISTER-ის ჯადოქრობებს კვლავ ვიხილავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები