Thumbnail

PREVIEW | ბოლო ტურის დრამა სერია A-ში - მილანი თუ ინტერი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 22 მაისი | 🏟 მაპეი სთედიუმი | ⌚ 20:00 | ⚽ სასუოლო V მილანი
  • 📅 22 მაისი | 🏟 სან სირო | ⌚ 20:00 | ⚽ ინტერი V სამპდორია
  • მილანი თუ არ წააგებს, ჩემპიონი გახდება, პირველად 2011 წლის შემდეგ
  • ინტერს შანსი აქვს, მოიგოს სკუდეტო და მე-2 ვარსკვლავი დაიმსახუროს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩების შესახებ უნდა იცოდეთ

ბოლოს, სერია A-ში ჩემპიონი დასკვნით ტურში რომ გაირკვა, 2010 წელი იყო. მას მერე, ცხადია, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, იტალიური ფეხბურთიც და სერია A-ც. და ახლა, 12 წლის შემდეგ ფინიშამდე ერთადერთი ტური რჩება და ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ მოიგებს სკუდეტოს.

მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ბინას აუცილებლად "სან სიროზე" დაიდებს, ოღონდ რომელ ნაწილში, ეს საკითხავია. მილანი სეზონის წინ ჩემპიონობის ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ფავორიტია - მაშ ასე, მილანი ისტორიაში მე-19-ე სკუდეტოს მოიგებს თუ:

სასუოლოსთან გაიმარჯვებს
სასუოლოსთან ფრეს ითამაშებს
ინტერი თავის თამაშს ვერ მოიგებს

ზემოხსენებული სამი კომბინაციიდან ერთ-ერთი მილანს გააჩემპიონებს. ასე რომ, "როსონერი" ძალიან ახლოსაა 11-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრ ჩემპიონობასთან. სხვათა შორის, მილანს 21-ე საუკუნეში იტალიის ჩემპიონატი იმდენჯერ აქვს მოგებული, რამდენჯერაც ჩემპიონთა ლიგა (2-2-ჯერ). ასე რომ, შავ-წითლებისთის ეს ტიტული ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, იმ წარუმატებელი ათწლეულის შემდეგ, რომელიც მილანს ჰქონდა. დიახ, თანაბარ ქულებზეც მილანი გაჩემპიონდება, რადგან ურთიერთშეხვედრებში ინტერთან უპირატესობა აქვს - 1:1, 2:1.

ტეო ერნანდესი და ლეაო გუნდის ლიდერები არიან

მილანი კარგ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ სასუოლო მისთვის უხერხული მეტოქეა და პირველ წრეში "სან სიროზეც" დამარცხდა, მაინც აშკარა ფავორიტია. რაც მთავარია, სტეფანო პიოლის გუნდი დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ ირჯება და ბოლო 9 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. შეტევაში კი შეუდარებელია რაფაელ ლეაო, რომელიც გუნდის ლიდერად იქცა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ნიჭიერ პორტუგალიელ გარემარბს მიუძღვის. მეორეს მხრივაა სასუოლო, რომლისთვის ამ თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს. ერთი ეგაა, სასუოლოს შეუძლია ისტორიაში იმ მხრივ ჩაწერა, რომ თუ მილანს დაამარცხებს, სკუდეტოს ბედს დიდი ალბათობით განსაზღვრავს. სხვათა შორის, სასუოლოს ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ალესიო დიონიზი ირწმუნებიან, რომ მოედანზე მხოლოდ 3 ქულისთვის გავლენ. ისე, სასუოლოს 2020 წლის მერე მილანთან არ წაუგია.

როცა ჩემპიონი ბოლო ტურში ირკვეოდა

მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994/95 წლების სეზონიდან), სერია A-ში მხოლოდ 6-ჯერ მოხდა, რომ ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვა.

1998/99 წლების სეზონში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერი ლაციო იყო, რომელსაც ბოლოსწინა ტურში ფეხი დაუცდა და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვა. საბოლოოდ, მილანმა ლაციოს 1 ქულით აჯობა და იმ დროისთვის მე-16 სკუდეტო მოიგო.

1999/00 წლების სეზონში უკვე ლაციალემ მოახერხა იუვენტუსის 1 ქულით დაჯაბნა. მაშინ კარლო ანჩელოტის იუვე ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ტურში პერუჯასთან, თავსხმა წვიმაში წააგო, ხოლო ლაციომ რეჯინას იოლად აჯობა და ნანატრი სკუდეტო "არწივებს" დარჩათ.

2000/01 წლების სეზონი წინა ორის მსგავსი დრამატული არ ყოფილა, რადგან რომა თითქმის მთელი სეზონი ლიდერობდა და ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ეს მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა. ფაბიო კაპელოს გუნდმა მაშინ პარმა დაამარცხა და კონკურენტ იუვენტუსს 2 ქულით გაასწრო.

ბოლო ტურის დრამაზე თუ ვსაუბრობთ, ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული 2001/02 წლების სეზონი იყო. ბოლო ტურის წინ სამი გუნდი ინარჩუნებდა შანსს - ინტერი ლიდერი იყო, 1 ქულით იუვენტუსს და 2 ქულით რომას უსწრებდა. 2002 წლის 5 მაისს, იუვემ უდინეზეს და რომამ ტორინოს აჯობა, ხოლო ინტერი ლაციოსთან დამარცხდა 13-წლიანი პაუზის მერე სკუდეტოს მოგების შანსი ხელიდან გაუშვა. ექტორ რაულ კუპერის გუნდი მაშინ არათუ ჩემპიონი ვერ გახდა, არამედ მხოლოდ მე-3 ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა, იუვენტუსს 2 და რომას 1 ქულით.

სერია A-ს ისტორიაში ალბათ ყველაზე ეპიკური ფინიში - 2002 წელი

2007/08 წლების სეზონის ბედის ბოლო ტურში გაირკვა და ინტერმა სტუმრად ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებით პარმა დაამარცხა და რომას 3 ქულით გაასწრო, ხოლო 2009/10 წლების სეზონში ისევ ამ გუნდების დუელში გამარჯვება ჟოზე მოურინიოს ინტერს დარჩა, რომელმაც რომა უკან 2 ქულით მოიტოვა. ამ სეზონზე იმის თქმა შეიძლება, რომ ფინიშამდე 3 ტურით ადრე ლიდერი რომა იყო, რომელმაც სამპდორიასთან შინ წაგებით დაკარგა პოზიცია და მერე ინტერს ფეხი აღარ დასცდენია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს გუნდები სერია A-ში 17-ჯერ შეხვედრიან. ბალანსი მილანის სასარგებლობდაა - 9 მოგება, 2 ფრე და 6 წაგება. აღსანიშნავია, რომ სასუოლოს მილანთან ბოლო ორი მატჩი მოგებული აქვს (გასული სეზონის მიწურულს და მიმდინარე სეზონის პირველ წრეში), თანაც, ორჯერ "სან სიროზე".

⚽ სასუოლოს, რომელსაც მილანთან, როგორც ვთქვით, ბოლო 2 მატჩი მოგებული აქვს, "როსონერი" ზედიზედ 3-ჯერ არასდროს დაუმარცხებია. სეზონში ორივე მატჩი კი ერთადერთხელ მოუგო, 2014/15 წლების სეზონში, როცა სასუოლოს ეუსებიო დი ფრანჩესკო და მილანს ფილიპო ინძაგი წვრთნიდა.

⚽ მილანმა სასუოლოსთან ბოლო 5 გასვლითი თამაში მოიგო, მაშინ, როცა მანამდე ამავე მეტოქესთან სტუმრად 3-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და სამჯერვე დამარცხდა. "მაპეი სთედიუმზე" მილანმა 8 მატჩიდან ექვსში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ სასუოლომ საკუთარ მოედანზე ბოლო 15 მატჩში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და ეს მისთვის ანტირეკორდია.

⚽ მილანს 83 ქულა აქვს მოპოვებული და 3-ქულიან ერაში მხოლოდ 2005/06 წლების სეზონში ჰქონდა უკეთესი შედეგი. "როსონერის" 25 მატჩი აქვს მოგებული და სეზონი მინიმუმ 26 გამარჯვებით ისტორიაში მხოლოდ 3-ჯერ დაასრულა - 2005/06, 1950/51 და 1949/50 წლების სეზონებში.

⚽ მილანმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 17-ჯერ შეინახა. ბოლოს უკეთესი შედეგი 2011/12 წლების სეზონში ჰქონდა - 18 მშრალი მატჩი.

⚽ მხოლოდ ინტერს (320) აქვს მეტი დარტყმა კარის მიმართულებით მეორე წრეში, ვიდრე სასუოლოს (299) და მილანს (296). დიონიზის გუნდს მე-2 წრეში 34 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ნაპოლის და ლაციოს ჩამორჩება, მაგრამ ამასთან 32 გოლი გაუშვა, უარესი შედეგი კი მხოლოდ ვენეციას და ემპოლის აქვთ. მილანმა მე-2 წრეში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, რაც სულ ცოტა, 8-ით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის შედეგი.

⚽ დომენიკო ბერარდის სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი მილანისთვის აქვს გატანილი (10). მან "როსონერის" წინააღმდეგ ბოლო სამ თამაშში მინიმუმ ერთ გოლში მაინც მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, საგოლე პასი).

⚽ 10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიდან, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 5 გოლი აქვთ გატანილი, 5 ამ შეხვედრაში ითამაშებს: სანდრო ტონალი და რაფაელ ლეაო მილანიდან, ჯაკომო რასპადორი, ჰამედ ტრაორე და ჯანლუკა სკამაკა სასუოლოდან.

⚽ რაფაელ ლეაოს სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი აქვს გატანილი და სწორედ სასუოლოსთან "მაპეი სთედიუმზე" 2020 წლის 20 დეკემბერს. მან ბოლო 5 თამაშში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე პასი). აპრილის შუა რიცხვებიდან უკეთესი შედეგი მხოლოდ ლაუტარო მარტინესსა და ლუის მურიელს აქვთ (ორივემ 8-8 გოლში მიიღეს მონაწილეობა).

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 3-ჯერ ერთნაირი ანგარიში დაფიქსირა - 2:1.

⚽ მილანის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სასუოლოს ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

სასუოლო (4-2-3-1): კონსილი - მულდური, კირიკეში, ფერარი, კირიაკოპულოსი - ლოპესი, ფრატეზი - ბერარდი, რასპადორი, ტრაორე - სკამაკა.
ტრავმა: ტოლიანი, ობიანგი, ჰარუი, რომანია.

მილანი (4-2-3-1): მენიანი - კალაბრია, კალულუ, ტომორი, ტეო ერნანდესი - ტონალი, კესი - საელემაკერსი, კრუნიჩი, ლეაო - ჟირუ.
ტრავმა: კიაერი.

ინტერი V სამპდორია

ინტერი ზედიზედ მე-2 და ისტორიაში მე-20 სკუდეტოს მოგების იმედს არ კარგავს. ვთქვათ ისიც, რომ მე-20 სკუდეტო იმას ნიშნავს, რომ ინტერის მაისურზე, ლოგოს თავზე 2 ვარსკვლავი გამოისახება (იტალიაში 10 სკუდეტო 1 ვარსკვლავს უდრის). ჯერ მხოლოდ იუვენტუსს აქვს 1 ვარსკვლავზე მეტი, თანაც - 3. ასე რომ, ინტერისთვის ამ სკუდეტოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ ეგაა, სიმონე ინძაგის გუნდმა საქმე თავად გაირთულა, როცა ზედიზედ რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა. ახლა იძულებულია მილანის წაგების იმედად იყოს, თან ისე, რომ თვითონ აუცილებლად უნდა მოიგოს.

წესით, ინტერს შინ უმოტივაციო და თან, საკმაოდ სუსტი სამპდორიას ძლევა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ მილანის სასუოლოსთან წაგება გაცილებით რთულ რეალობად მოსჩანს.

ინტერს ზედიზედ მე-2 სკუდეტოსთვის სასუოლოს დახმარება სჭირდება

ნებისმიერ შემთხვევაში სიმონე ინძაგი ოპტიმისტურ განწყობაზეა, რაც არც მედიასთან დამალა და თქვა კიდეც, რომ მას უკვე აქვს მოგებული სკუდეტო ბოლო ტურში, როცა მისი გუნდი 2 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს (როგორც ახლა). სიმონემ ცხადია 2000 წელი იგულისხმა, როცა ლაციოში თამაშობდა და იუვენტუსს ბოლო ტურში გაასწრეს. მეორეს მხრივ, ინძაგის 2002 წელიც უნდა ახსოვდეს, როცა იუვენტუსი გაჩემპიონდა სწორედ იმის გამო, რომ ინტერი ლაციოსთან დამარცხდა და ერთი გოლი თავად გაიტანა. მოკლედ, იტალიაში სეზონის ფინიშამდე მხოლოდ 90, მაგრამ ძალიან მაგარი წუთები დარჩა...

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ს ბოლო 6 მატჩში, რომელშიც ინტერი და სამპდორია შეხვდნენ, მინიმუმ 3 გოლი გავიდა (ჯამში 23) და ორივე გუნდმა ექვსჯერვე მოახერხა გატანა. ხსენებული 6 თამაშიდან 4 მილანელებმა მოიგეს, 1 გენუელებმა და ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ინტერმა სამპდორიასთან მე-2 წრეში გამართული ბოლო ოთხი მატჩი მოიგო. ბოლოს "ნერაძურიმ" ეს 2017 წელს, სწორედ "სან სიროზე" ვერ გააკეთა, როდესაც მარკო ჯამპაოლოს სამპდორიამ სტეფანო პიოლის ინტერი დაამარცხა.

⚽ 2017 წლის 3 აპრილის მატჩი ერთადერთი თამაშია, რომელიც "მეაცაზე" სამპდორიას გამარჯვებით დასრულდა ინტერთან ბოლო 19 სტუმრობიდან: 5 ფრე, 13 წაგება.

⚽ წინა 6 შემთხვევიდან 5-ჯერ, როდესაც ინტერმა 80-ქულიანი ზღვარი გადალახა, ჩემპიონი გახდა. ერთადერთი გამონაკლისი 2019/20 წლების სეზონია, როდესაც ანტონიო კონტეს გუნდმა სეზონი 82 ქულით იუვენტუსის უკან დაასრულა. ინტერს ამ დროისთვის 81 ქულა აქვს მოპოვებული.

⚽ სამპდორიამ 7 ქულა დააგროვა ბოლო ოთხ ტურში (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). ერთით მეტი, ვიდრე მანამდე 9 შეხვედრაში (2 მოგება, 7 წაგება).

⚽ თუ ინტერი მოიგებს, სიმონე ინძაგი გახდება "ნერაძურის" მე-3 მწვრთნელი, რომელიც სადებიუტო სეზონში 25 შეხვედრაში გაიმარჯვებს. ეს აქამდე მხოლოდ ალდო ოლივიერიმ (1950/51) და ჟოზე მოურინიომ (2008/09) გააკეთეს.

⚽ ინტერმა მიმდინარე სეზონში ვერტიკალური შეტევებით 10 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია, ხოლო სამპდორიამ მხოლოდ 2 და უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯენოას აქვს (1).

⚽ მარტის დასაწყისიდან ლაუტარო მარტინესმა სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (10), ივან პერიშიჩმა კი ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა (6).

⚽ მას შემდეგ, რაც სერია A-ში მსგავს სტატისტიკას ითვლიან (2004/05 წლიდან), ინტერის არცერთ მოთამაშეს არ გაუკეთებია სეზონში უფრო მეტი საგოლე პასი, ვიდრე ჰაკან ჩალჰანოღლუმ და ნიკოლო ბარელამ ამ სეზონში (11-11). იგივე შედეგი აჩვენა გასულ სეზონში რომელუ ლუკაკუმ და 2009/10 წლების სეზონში მაიკონმა.

⚽ ანტონიო კანდრევას ყველაზე მეტი გოლი ინტერის კარში აქვს გატანილი (6), მათ შორის ხუთი ბოლო ექვს მატჩში, რომელიც სამპდორიასა და ლაციოს მაისურით ჩაატარა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინტერის ბოლო 5 მატჩში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სამპდორიას ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები სერია A-ში ერთმანეთს 129-ჯერ შეხვედრიან. 69 მატჩი ინტერმა მოიგო, 23 სამპდორიამ და 37-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრაი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი - ჯეკო, ლაუტარო.
ტრავმა: გალიარდინი.

სამპდორია (4-5-1): აუდერო - ბერეშინსკი, ფერარი, იოშიდა, აუჯელო - კანდრევა, რინკონი, ვიეირა, თორსბი, საბირი - კუალიარელა.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: კოლი, ჯოვინკო, გაბიადინი, სუპრიაჰა.

კომენტარები

ბოლო ამბები