Thumbnail
  • ფიბა-ევროპამ რუსეთი და ბელარუსი უახლოეს ტურნირებს ჩამოაშორა
  • საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შეხვდება

ინფორმაცია, რომლის შესახებაც პოპსპორტი ორიოდ დღის წინ წერდა, ოფიციალურად დადასტურდა: თბილისში დაგეგმილ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრების ნაცვლად მონტენეგრო ითამაშებს. ფიბა-ევროპამ მორიგი გადაწყვეტილებები დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ სხდომაზე გამოიტანა. მის თანახმად, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები და კლუბები კვლავაც საერთაშორისო ასპარეზის მიღმა დარჩნენ.

შედეგად, ოკუპანტი და მისი მხარდაჭერი ქვეყნის წარმომადგენლები ვერ ითამაშებენ მომავალ ევრობასკეტზე, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე, 2022 წლის ყველა ასაკობრივ ევროპირველობაზე, ფიბა-ევროპის თასზე, ჩემპიონთა ლიგაში, ქალთა ევროლიგასა და ევროთასზე.

ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო რუსების ევრობასკეტის მიღმა დატოვება უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები სექტემბერში თბილისში უნდა ჩამოსულიყო, ახლა კი, მის ნაცვლად მონტენეგროს უნდა ველოდეთ, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე დარჩენილთაგან საუკეთესო შედეგი (3 მოგება, 3 წაგება) ჰქონდა. ბოშკო რადოვიჩის შეგირდებმა კვალიფიკაციაში გერმანიას ორივე მატჩი მოუგეს (80:74, 82:75), 2-ჯერ დამარცხდნენ საფრანგეთთან (66:85, 71:73), დიდ ბრიტანეთთან კი თანაბარი ბალანსი ჰქონდათ (81:74, 59:74).

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ახალი მეტოქე ეყოლება

კვალიფიკაციაში მონტენეგროელთა საუკეთესო მოთამაშეები ნიკოლა ივანოვიჩი, ჯასტინ კობსი, პეტარ პოპოვიჩი (ყველა – ბუდუჩნოსტი), მარკო ტოდოროვიჩი (ხუვენტუტი, ესპანეთი) და მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA) იყვნენ. ითამაშეს ესპანური ლიგა ენდესას სხვა წარმომადგენლებმაც: დინო რადონჩიჩი (სარაგოსა), ნემანია ჯურიშიჩი (ესტუდიანტესი). თუკი მათ დავუმატებთ ბოიან დუბლევიჩს ვალენსიადან, ნემანია რადოვიჩს მურსიადან და რაც მთავარია, ჩიკაგო ბულსის ვარსკვლავ ნიკოლა ვუჩევიჩს, საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას ვიღებთ, ამდენად, კიდევ საკითხავია, თბილისური ჯგუფში ლეგიონერების გარეშე მოთამაშე რუსეთი სჯობდა თუ მონტენეგრო.

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მასპინძელი საქართველოს გარდა, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი და მონტენეგრო ითამაშებენ. საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებთა დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს – 7 სექტემბერს შედგება და შესაძლოა, ეს თამაში გადამწყვეტ ხასიათსაც ატარებდეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი და მონტენეგროელი კალათბურთელები ევრობასკეტი 2017-ის საკვალფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ ორივე თამაში დრამატული გამოდგა. თბილისური მატჩის ბოლო წამებზე მეტოქემ 76:74 მოიგო (ზაზა ფაჩულიას 22 ქულა ჰქონდა, ვუჩევიჩს კი – 17 ქულა და 11 მოხსნა), მონტენეგროულ ბარში კი მეტწილად მაიკლ დიქსონის 31 ქულის წყალობით 90:84 მოვიგეთ. სწორედ იმ მატჩში ჩააგდო ლამის ცენტრიდან სამქულიანი ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც ახლა საქართველოს კალათბურთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

მომავალი ევროპირველობა 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და თბილისის გარდა, მასპინძელი ქალაქები პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (ორივე – გერმანია) და მილანიც (იტალია) არიან. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები