Thumbnail
  • დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • მან ქართველი ფეხბურთელი შეაქო და კრისტიანო ჯუნტოლის არჩევანში დარწმუნებულია

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ნეაპოლური გამოცემები ქართველი ფეხბურთელის შესახებ აქტიურად წერენ. ამჯერად ხვიჩას შესახებ კომენტარი ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგო მარადონამ გააკეთა, რომელიც ნეაპოლშია დაბადებული და დედა იტალიელი ჰყავს. ის ნაპოლის ცნობილი გულშემატკივარია და თავის დროზე პლაჟის ფეხბურთში იტალიის ნაკრების წევრიც იყო.

"გუშინ საღამოს მისი თამაშის რამდენიმე ვიდეო ვნახე, ძლიერი ფეხბურთელია, სახიფათო დარტყმები აქვს. თუმცა, ნაპოლიში სათამაშოდ ძლიერი ხასიათიცაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჯუნტოლიმ (ნაპოლის სპორტული დირექტორი - რედ) არჩევანი მასზე გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ კარგი ფეხბურთელია", - თქვა მარადონა უმცროსმა.

პატარა და დიდი დიეგო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ზაფხულში უნდა შეუერთდეს და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აქვე გეტყვით, რომ Radio Kiss Kiss Napoli-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას ტრანსფერის მიუხედავად, ნაპოლი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად კიდევ ერთი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. ნეაპოლელებს ამჟამად ყველაზე აქტიურად უდინეზეს ესპანელ შემტევ ჟერარ დეულოფეუსა და ტორინოში მოთამაშე იოსიპ ბრეკალოს უკავშირებენ, რომელიც ვოლფსბურგის საკუთრებაშია და უკვე გადაწყვეტილია, რომ ტურინულ კლუბში, სადაც ეს სეზონი იჯარით გაატარა, არ დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები