Thumbnail

კვირას, ინგლისში პრემიერლიგის დასკვნითი მატჩები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურის წინ ბევრი რამ არის გასარკვევი ყველაზე მთავარია, ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი - იურგენ კლოპის ლივერპული თუ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი?

რა შანსი აქვს ლივერპულს?

მანჩესტერ სიტი 37 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს 90 ქულით ლიდერობს, ლივერპულს ქულით უსწრებს. თუ პეპ გვარდიოლას ბიჭები ასტონ ვილას დაამარცხებენ, ჩემპიონები გახდებიან. საპირისპიროდ, საკუთარ თავზე ვერ არის დამოკიდებული ლივერპული. "მერსისაიდელები" ვულვზს ეთამაშებიან და, შესაძლოა, გამარჯვების შემთხვევაშიც კი ტიტულს ვერ დაუფლონ, რადგან ისინი სიტიზე არიან დამოკიდებულნი.

ლივერპული სტივენ ჯერარდის ასტონ ვილას იმედადაა

იმ შემთხვევაში, თუ "ქალაქელები" ქულებს დაკარგავენ (ფრეს ითამაშებენ ან წააგებენ) და ლივერპული პარალელურად ვულვზს დაამარცხებს, კლოპის გუნდი პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება. “მერსისაიდელთა” მთავარი იმედი ყოფილი ლივერპულელის, სტივენ ჯერარდის ასტონ ვილაა. ჯერარდმა ლივერპულში თამაშის დროს პრემიერლიგის ტიტული ვერ მოაგებინა, თუმცა ახლა შანსი აქვს ეს ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შეძლოს. ვილაში ჯერარდის გარდა კიდევ არიან ყოფილი "მერსისაიდელები" -  ფილიპე კოუტინიო და დენი ინგსი. მოკლედ, ლივერპული კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინშია.

საჩემპიონო ბრძოლა

სეზონის სტარტზე ყველა თანხმდებოდა, რომ ინგლისის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები მანჩესტერ სიტი და ლივერპული იყვნენ. თუმცა იანვარში "ქალაქელები" კლოპის გუნდს 14 ქულით უსწრებდნენ და, თითქოს, ყველაფერი ნაადრევად გადაწყვეტილს ჰგავდა. 2022 წელს ლივერპულს პრემიერლიგაში შეხვედრა არ წაუგია, რამაც სიტისთან სხვაობის შემცირება და ჩემპიონატის დაძაბვა გამოიწვია.

36-ე ტურის შეხვედრაში ტოტენჰემთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრის შემდეგ, თითქოს, ნათელი გახდა, რომ ლივერპული საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა, თუმცა ბოლო ტურის წინ ინტრიგა ვესტ ჰემმა დააბრუნა, რომელმაც სიტისთან არ წააგო (2:2). შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას აგებდა და "დააქამბექა", მეტიც მათ ვესტ ჰემის დამარცხებაც შეეძლოთ თუმცა რიად მაჰრეზმა შეხვედრის 86-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ბოლო ტურის წინ დიდი ინტრიგა შეგვინარჩუნა.

ბოლო პერიოდში ინგლისში ჩემპიონობის ვინაობა ბოლო ტურამდე ირკვევა. ბოლოს როდესაც პრემიერლიგის ტიტულის მფლობელი 38-ე ტურში გაირკვა, 2018/19 წლების სეზონი იყო. მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, ჩემპიონობისთვის კლოპის ლივერპული და გვარდიოლას მანჩესტერ სიტი იბრძოდნენ. იმ სეზონში სიტიმ ლივერპულს ქულით გაასწრო და გამარჯვება “ქალაქელებს” დარჩათ.     

ლივერპული V ვულვზი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადამწყვეტ ბოლო ტურში ლივერპულის მეტოქე ვულვზი იქნება. ბრუნო ლაჟეს გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია და რთულად წარმოსადგენია "ენფილდზე" ლივერპულს რაიმე პრობლემა შეუქმნას. პრემიერლიგის გარდა "მერსისაიდელთა" ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენაცაა მიმართული, სადაც 28 მაისს მადრიდის რეალს დაუპირისპირდებიან. კლოპის მიზანი ძალების მინიმალური დახარჯვით მოპოვებული გამარჯვება იქნება, თანაც, უკვე აღვნიშნეთ, რომ "მგლები" ძალიან ცუდ ფორმაში არიან. გერმანელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, ლიგის ფინალისთვის ვირჯილ ვან დეიკი, მოჰამედ სალაჰი და ფაბინიო დაასვენოს, რომლებსაც მცირე ტრავმები აწუხებდათ.

ლივერპულს შანსი აქვს ერთ სეზონში 4 ტიტული მოიგოს

მიუხედავად იმისა, ლივერპული გახდება თუ არა ინგლისის ჩემპიონი გუნდს მაინც საოცარი სეზონი გამოსდის. "მერსისაიდელებმა" უკვე მოიგეს ორი ტიტული (ლიგის თასი და ასოციაციის თასი) გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ბოლო ტურამდე შენარჩუნებული აქვთ პრემიერლიგის მოგების შანსი. ლივერპული ინგლისის ჩემპიონი კლოპთან ერთდ 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. თუ გერმანელი სპეციალისტი პრემიერლიგის ტიტულს გუნდს მეორედ მოაგებინებს, ლივერპული ინგლისის ჩემპიონის ტიტულს მე-20 მოიპოვებს, რითაც ისტორიულ მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედს გაუთანაბრდება. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა პრემიერლიგის ბოლო 42 მატჩიდან 34-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 17 შეხვედრიდან (პრემიერლიგაში) 15 მოიგო.

⚽ "მერსისაიდელებმა" ვულვზს ბოლო 6 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) ყველა მოუგეს.

⚽ გერმანელი სპეციალისტის გუნდმა ვულვზის წინააღმდეგ ბოლო სამ თამაშში (პრემიერლიგაში) კარი მშრალად შეინახა.

⚽ ლივერპულმა ვულვზის წინააღმდეგ ბოლო 6 თამაშიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 5-ში კარი მშრალად შეინახა. 

⚽ "მერსისაიდელებმა" ბოლო 3 საშინაო შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) “მგლებს” პირველი ტაიმიც მოუგეს და შეხვედრაც.

⚽ ვულვზს პრემიერლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 4 მარცხი).

⚽ ბრუნო ლაჟეს გუნდი ბოლო 8 შეხვედრაა (პრემიერლიგაში) კარს მშრალად ვერ ინახავს.

⚽ ლივერპულს ყველა ტურნირზე ერთად 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ იურგენ კლოპის გუნდი 2022 წელს პრემიერლიგაში არ დამარცხებულა.   

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მაპიტი, კონატე, რობერტსონი - კეიტა, ჰენდერსონი, ტიაგო - დიასი, ჟოტა, მანე.
ტრავმა: ვან დეიკი (?), ფაბინიო (?), სალაჰი (?) გომესი (?).

ვულვზი (3-4-2-1): სა - ჯონი, ბოლი, ტოტი - ჩიკინიო, ნევეში, მოუტინიო, აიტ-ნური - ნეტო, ხიმენესი - ჰი-ჩანი.
ტრავმა: კილმანი, სემედო, საისი.

მანჩესტერ სიტი V ასტონ ვილა

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მანჩესტერ სიტის სეზონის მთავარი მატჩი ასტონ ვილას წინააღმდეგ აქვს. სიტის მთავარი მიზანი 2021/22 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, თუმცა არც ამჯერად გამოუვიდა. აქ წარუმატებლობისა და პრემიერლიგის ვერ მოგების შემთხვევაში კი პეპ გვარდიოლას გუნდი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, რაც კიდევ უფრო დიდი კრახი იქნება.

მანჩესტერ სიტის კარგი შანსი აქვს ბოლო 5 წელში პრემიერლიგა მეოთხედ მოიგოს

"ეტიჰადზე" სიტი ყველას წინააღმდეგ ფავორიტია, განსაკუთრებით კი ასტონ ვილას დონის გუნდებთან. მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას გუნდზე წნეხი დიდია მანჩესტერულ კლუბს ძალიან კარგი შანსი აქვს ბოლო 5 წელიწადში პრემიერლიგა მეოთხედ მოიგოს, საერთო ჯამში კი ინგლისის ჩემპიონი მე-8-ედ გახდეს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილას ბოლო 8 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) ყველა მოუგო.

⚽ "ქალაქელებს" ასტონ ვილასთან 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

⚽ ასტონ ვილამ ბოლოს მანჩესტერ სიტი 2013 წელს დაამარცხა (3:2).

⚽ მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილას ბოლო 12 საშინაო შეხვედრაში (ყველა ტურნირზე ერთად) მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

⚽ პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო 13 საშინაო პრემიერლიგური დაპირისპირებიდან 11 მოიგო.

⚽ "ქალაქელებმა" ასტონ ვილას წინააღმდეგ ბოლო სამ საშინაო მატჩში (ყველა ტურნირზე ერთად) პირველი ნახევარი ფრედ ითამაშეს, თუმცა შეხვედრა მოიგეს.

⚽ სიტის ბოლო 7 პრემიერლიგურ დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ მანჩესტერულმა კლუბმა ასტონ ვილას წინააღმდეგ გამართული ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 5-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ სტივენ ჯერარდის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩიდან ყველაში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა.

⚽ ასტონ ვილას პრემიერლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, ერთი მარცხი).   

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - კანსელო, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო - სილვა, როდრი, დე ბრუინი - სტერლინგი, ჟეზუში, ფოდენ.
ტრავმა: დიაში, უოლკერი (?).

ასტონ ვილა (4-3-1-2): მარტინესი - ქეში, ჩამბერსი, მინგსი, დინი - მაკგინი, ლუისი, რემზი - კოუტინიო - უოტკინსი, ინგსი.
ტრავმა: კონსა, ჰაუსე, ბაილი(?).

კომენტარები

ბოლო ამბები