Thumbnail
  • ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი
  • დედაქალაქურ დერბიში მოისწრაფიშვილი და მექვაბიშვილი გამოირჩნენ
  • ლოკომოტივს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში ქულა ისევ არ აქვს  

დინამო თბილისმა ეროვნულ ლიგაში მორიგი გამარჯვება ლოკომოტივთან დედაქალაქურ დერბიში იზეიმა. საგურამოში გამართულ მე-15 ტურის შეხვედრაში კახა ცხადაძის გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა და ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გასვლით მატჩში გამარჯვება მიითვალა.

ეროვნული ლიგის მთავარმა აუტსაიდერმა, რომლის ქულათა გრაფაში ისევ 0 რჩება, დინამოელთა იერიშებს პირველი ტაიმის ბოლო წუთებამდე გაუძლო, თუმცა კომპენსირებულ დროში დანიშნული პენალტიდან გოლი მაინც მიიღო. 

ლევან ხარაბაძე საჯარიმოში აწვდიდა, რა დროსაც არბიტრმა ზურაბ ზოსიაშვილზე ხელით თამაში დააფიქსირა. 11-მეტრიანიდან გიორგი მოისწრაფიშვილმა ისე დაარტყა, რეზო ლომიძეს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 0:1.

შესვენების შემდეგ დინამოს უპირატესობა ორბურთიანი ანზორ მექვაბიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი გასროლით მოახერხა - 0:2. საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა დინამოელთა კაპიტანმა, რომელსაც გოლის ეპიზოდში ასისტენტობა მოისწრაფიშვილმა გაუწია, მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გოლი მიითვალა.

დინამო თბილისმა ლოკომოტვთან მოგებით 29 ქულა დააგროვა და სატურირო ცხრილის ლიდერ დინამო ბათუმს, რომელიც ტურის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს, 2 ქულით ჩამორჩება. 29 ქულა აქვს სამგურალსაც, რომელმაც ბოლო ტურში ქუთაისის ტორპედოს მოუგო (3:0).

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, შინ თელავთან ჩაატარებს, ალექსანდრე ინწკირველის გუნდი კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულის მოპოვებას 27 მაისს, გორის დილასთან გასვლით შეხვედრაში შეეცდება.

ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მოისწრაფიშვილი (პენ. 45+3), 0:2 მექვაბიშვილი (65’)

ლოკომოტივი (4-1-4-1): ლომიძე - ზოსიაშვილი (74’ ჯაფარიძე), გიორგაძე, ანდრონიკაშვილი, ქველაძე - ძებნიაური - ომარაშვილი (81’ კურტანიძე), სამურკასოვი (81’ გ.ხუციშვილი), დარცმელია, ჭიაბრიშვილი (74’ ნ.ხუციშვილი) - იაკობიძე (41’ შეყილაძე).

დინამო თბილისი (4-1-4-1): პრიეტო - მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე (46’ სტეფენი) - ოსიყმაშვილი - კირკიტაძე (85’ პაპავა), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (77’ გაბედავა), კამარა (77’ ბარნსი) - ანტილევსკი (68’ ბილენკი).

კომენტარები

ბოლო ამბები