Thumbnail

ეს უკვე ოფიციალური აღიარებაა - ნაპოლის თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ის, რომ 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბში გადადის, აქამდეც არ იწვევდა ეჭვს, მაგრამ სხვა საქმეა, Kiss Kiss Napoli Radio-სთან აღიარებები (ერთხელ დე ლაურენტისის და ერთხელ თავად სპალეტის მიერ) და ოფიციალურ გარემოში დადასტურება - სულ სხვა. 

ხვიჩას თამაში ეროვნულ ლიგაში დიდხანს არ გაგრძელდება

"დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარი ნაპოლისთვის არ იქნება გადატვირთული, ძალიან ბევრი სამუშაოა გასაწევი კონტრაქტებზე, მაგრამ მათში არ არის თუნდაც ერთი საკითხი, რომელიც ჩემს შეშფოთებას იწვევს. კრისტიანო ჯუნტოლისა და მის სტაფს პატივს ვცემ და სრულად ვენდობი, ისინი უმაღლესი დონის არიან. უკვე აყვანილია კვარაცხელია, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია იმ არეალში, სადაც ინსინიე მოქმედებდა". 

როგორც ხედავთ, სპალეტიმ სპეციასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხვიჩას ტრანსფერი უკვე შედგა. ნაპოლისთვის ამ დაპირისპირებას მნიშვნელობა აღარ აქვს, გუნდი ჩემპიონატს მე-3 პოზიციაზე დაასრულებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. სპალეტიმ ისიც აღნიშნა, რომ ლორენცო ინსინიე, რომლის შემცვლელადაც ხვიჩა მოიაზრება, ბოლო ტურში სათადარიგოთა სკამზე იქნება და ის, დიდი ალბათობით, ნაპოლის მაისურით აღარ ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა პირველად 15 მაისს  Kiss Kiss Napoli Radio-სთან ახსენა და ირიბად აღიარა, რომ ხვიჩა მომავალი სეზონიდან მის გუნდში იქნებოდა: "კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოქნილი მოთამაშეა, რომელსაც მცირე სივრცეებშიც კარგად მოქმედება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, სერია A-ში კარგად ითამაშებს. კვარაცხელია ყოველთვის პოულობს სწორ გამოსავალს და მოედანზე ბრწყინვალე არჩევანის გაკეთება შეუძლია, ეს კი, ყველა მწვრთნელს მოსწონს. ბევრს დარბის, სწრაფია, ტექნიკურია, გოლებს იტანს და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი დონის მოთამაშეები ძალიან საჭიროა"

ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმს რუბინიდან აპრილის დასაწყისში შეუერთდა. ბათუმელთა რიგებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა 9 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მას დინამო ბათუმთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ნეაპოლურ კლუბთან, ის ხელფასის სახით სეზონში მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები