Thumbnail
  • თელავი 0:2 დინამო ბათუმი | გოლები: 0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)
  • დინამო ბათუმმა მდევრებთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა
  • ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა დიდი ალბათობით, საგანგაშ არაა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თელავთან საგარეო შეხვედრაში მორიგი 3 ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევრებს მიახლოების საშუალება არ მისცა.

გია გეგუჩაძის გუნდმა მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა. 30-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელმაც დრიბლინგით საჯარიმოში შესვლა და ზუსტად დარტყმა მოახერხა. ხვიჩას ეფექტური გოლი გამოუვიდა, რომელიც მისთვის ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-6 იყო.

10 წუთის შემდეგ თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა. ბათუმელთა შემტევმა მარჯვენა ფლანგიდან ფლამარიონ ჯოვინოს პასის შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა კახური გუნდის კარი. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები. აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბათუმელებსა და თელაველებსაც თითო გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხში მცირე დისკომფორტი იგრძნო და მე-2 ნახევარში მოედანზე არ გამოჩენილა. როგორც გავიგეთ, ხვიჩამ კუნთი დაიჭიმა და სერიოზულ დაზიანებასთან საქმე არ არის, ცვლილება უფრო სიფრთხილის მიზნით გაკეთდა. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და უახლოეს მატჩშიც ითამაშებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან 10 დღეში საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ელოდება, 24 მაისს კი, ვილი სანიოლის გუნდი შეკრებას დაიწყებს.

დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს, დინამო თბილისსა და სამგურალს 5-5 ქულით უსწრებს, ხოლო თელავი 20 ქულით მე-6 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 25 მაისს, სამგურალს უმასპინძლებს, რომელსაც თავის მხრივ ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო თელავი იმავე დღეს დინამო თბილისს სტუმრად დაუპირისპირდება.

თელავი 0:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)

თელავი (3-4-2-1): სანიკიძე - თოლორდავა, გიგაშვილი, თევზაძე - კაპანაძე, ფირანაშვილი (62. ქოჩლაძე), პავიშიჩი (71. მუჯირი), ჯიქია - აშორტია (46. გოშთელიანი), მახარობლიძე (62. კვერნაძე) - ხაბულიანი (46. პარკინაშვილი).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი - ალთუნაშვილი (79. ფალავანდიშვილი), ტეიდი - დავითაშვილი (79. ჯიღაური), ბიძინაშვილი (82. ზარია), კვარაცხელია (46. გაფრინდაშვილი) - ლობჯანიძე (39. ჯოვინო).

კომენტარები

ბოლო ამბები