Thumbnail

'ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა' - მბაპე პსჟ-ში რჩება, საფეხბურთო სამყარო გაოგნებულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

23 წლის სუპერფორვარდი კილიან მბაპე მადრიდის რეალში არ გადავა! ყოველ შემთხვევაში, ეს ამ ზაფხულში არ მოხდება - ეს ინფორმაცია თითქმის ოფიციალურია - უახლოეს დროში გამოქვეყნდება ის, რაც უკვე ცნობილია - კილიანმა პარი სენ-ჟერმენთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

მბაპეს ახალი კონტრაქტი იმდენად ზღაპრულია, რომ დაუჯერებელი ჩანს - ლიგა 1-ის ჩემპიონის რიგებში კილიანს 30 ივნისის მერე ბევრის უფლება და ფული ექნება. 

კილიან მბაპე პსჟ-ში არნახულად გაზრდილი უფლებებითა და შემოსავლით რჩება

მარტო იმისთვის, რომ კილიამ მბაპე პარიზში დარჩენას დათანხმდა, კლუბი მას 300 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც დაემატება სეზონში 100 მილიონი (დაქვითვის შემდეგ). გარდა ამისა, ფეხბურთელს ეძლევა უფლება, მწვრთნელის საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთოს, ასევე სპორტული დირექტორის კომპეტენციაში ჩარევის უფლება ექნება და მას ფეხბურთელების გაყიდვა/ყიდვაზეც დაეკითხებიან. ეს ისეთი უფლებებია, რომ პროფესიულ ფეხბურთში მსგავს პრეცედენტებს ბევრს ვერ ნახავთ. 

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, რაც რეალ მადრიდში შესაძლო ტრანსფერზე წერდნენ, Le Parisien-მა ჯერ კიდევ 5 მაისს დაწერა ექსკლუზიურად, რომ კილიანი პსჟ-ში რჩებოდა. პარიზულმა გაზეთმა თითქმის ზუსტად "გამოიცნო" ყველაფერი, უბრალოდ, მპაპეს კონტრაქტის პირობები კიდევ უფრო არნახული გამოდგა.

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აღშფოთებას ვერ მალავს: "ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა. ის, რასაც პსჟ აპირებს მბაპეს კონტრაქტთან დაკავშირებით გაუგონარია გუნდისგან, რომელმაც ბოლო წლებში 700 მილიონი ევრო დაკარგა და 600 მილიონს იხდის ხელფასებში. ალ-ხელაიფი ისევე საშიშია ფეხბურთისთვის, როგორც სუპერ ლიგა". ტებასის პოზიცია გასაგებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლა ლიგა კარგავს სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას, რაც ნეიმარის, კრიშტიანო რონალდოს, ლიონელ მესის და სხვების დაკარგვის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატისთვის უდიდესი პრობლემაა.

გარი ლინეკერი: "რომ გითხრათ, რომ გამიკვირდა, არ ვიქნები მართალი. მას დიდებული სეზონი ჰქონდა კლუბში, ორ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად საკუთარ ქალაქში. ოჰ, და, რა თქმა უნდა, ის ახლა პრაქტიკულად კლუბის გამგებელი იქნება". 

ევროპული მედიის ინფორმაციით, მბაპეს დარჩენა თითქმის 100%-ით ნიშნავს, მაურისიო პოჩეტინოსა და ლეონარდოს წასვლას პარი სენ-ჟერმენიდან. სხვათა შორის, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი შარშან ივნისში აცხადებდა: "მბაპე ჩვენთან დარჩება, ჩვენ მას არასდროს გავყიდით და ის ნამდვილად არ წავა გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით". 

კომენტარები

ბოლო ამბები