Thumbnail

მინიმალური დადებითი ბალანსი - ტოჩინოშინი წოდებაში დაწინაურდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საგაზაფხულო სუპერტურნირის ბოლო დღეს ტოჩინოშინმა მიდორიფუჯისთან წააგო
  • ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშო 8 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულა

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული საგაზაფხულო სუპრტურნირი მინიმალური დადებითი ბალანსით (8 მოგება, 7 მარცხი) დაასრულა.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დასკვნით მე-15 დღეს დასავლეთის მე-16 მაეგაშირა მიდორიფუჯის შეერკინა და კატასუკასით წააგო. ტოჩინოშინი 56 წლით მსუბუქ იაპონელს მაგრად მიაწვა, თუმცა, 25 წლის მეტოქემ ხერხი იხმარა, ქართველს გამოეცალა, შემდეგ თავისკენ დაქაჩა და ლევანი დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტისთვის გასული ბაშო არათანაბრად წარიმართა. ტოჩინოშინმა შეჯიბრი 3 მარცხით გახსნა და ამდენივე მარცხით დაასრულა, შუალედში კი 9 ორთაბრძოლიდან რვაში იმარჯვა და მინიმალური დადებითი ბალანსიც (კაჩი-კოში) ამის წყალობით დააფიქსირა. შედეგად, ქართველი სეკიტორი წოდებაში მცირე წინსვლას უნდა ელოდეს.

ტოკიოში გამართული სუპერტურნირის გამარჯვებული მონღოლი იოკოძუნა ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც 15 შერკინებიდან 12-ში იმარჯვა და მინიმალური უპირატესობით აჯობა კომუსუბი დაიეიშოსა და რიგით მაეგაშირებს – ტაკანოშოსა და სადანოუმის. ტერუნოფუჯიმ “იმპერატორის თასის” მფლობელი უკვე მეშვიდედ გახდა.

📺 მიდორიფუჯი V ტოჩინოშინი

კომენტარები

ბოლო ამბები