Thumbnail

ჭიდაობა | ტრიუმფი რუმინეთში - მედალი ათივე წონით კატეგორიაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია
  • ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი.

ქართველმა მოჭიდავეებმა, რომელთა მწვრთნელებიც რევაზ ლაშხი, გიორგი ჯობავა და დავით ურიდია არიან, მედლების მოპოვება ათივე წონით კატეგორიაში მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი იყო. ამ შედეგის გათვალისწინებით, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქართულმა დელეგაციამ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი არავის დაუთმო.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

ბუქარესტის ტურნირის ჩემპიონები რომეო ბერიძე (63 კგ.), ნიკა ბროლაძე (67 კგ.), აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ.), ბექა მელელაშვილი (87 კგ.) და მათე გოქაძე (130 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.) და კოტე სიჭინავა (97 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ლუკა ჯავახაძე (55 კგ.), თემურ ორჯონიკიძე (72 კგ.) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ.).

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები