Thumbnail
  • სასუოლო 0:3 მილანი | ინტერი 3:0 სამპდორია
  • მილანმა ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგო

ამ დღეს მილანი და მისი მილიონობით გულშემატკივარი ზუსტად 11 წელი ელოდა: 2011 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 22 მაისამდე, ახლა კი, მილანი იტალიის ჩემპიონია.

"როსონერის“ სერია A-ს ბოლო ტურის წინ უპირატესობა ჰქონდა - სასუოლოსთან არ უნდა წაეგო და ნანატრ ტიტულს მოიგებდა. თუმცა, სტეფანო პიოლის გუნდს სათუოდ საქმე ნამდვილად არ ჰქონია, რადგან თამაში ძალიან მოტივირებულმა და მობილიზებულმა დაიწყო.

სასუოლო უბრალოდ ვერ ახერხებდა მეტოქის ნახევარზე გადასვლას და რიგ შემთხვევებში ბურთს საკუთარ საჯარიმოსთან კარგავდა. სწორედ ასეთ შემთხვევას მოჰყვა ორი გოლი მასპინძელთა კარში. მილანი მეტოქეზე ძალიან დიდ წნეხს ახდენდა, უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა და ანდრეა კონსილიმ სასუოლო არაერთხელ იხსნა, მაგრამ 3-ჯერ ვერაფერი გააკეთა.

ოლივიე ჟირუმ გადამწყვეტ მატჩში დუბლი შეასრულა

ფანტასტიკური იყო რაფაელ ლეაო, რომელმაც 3 საგოლე პასი გააკეთა! პორტუგალიელმა გარემარბმა ორჯერ ოლივიე ჟირუს გაატანინა, ერთხელ - ფრანკ კესის და მილანმა ყველა კითხვის ნიშანი პირველივე ტაიმში გააქრო. მე-2 ნახევარში თამაშმა პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა და მილანმა საქმე ჩემპიონობამდე მშვიდად მიიყვანა.

პარალელურად, ინტერმა, რომელიც მილანს 2 ქულით ჩამორჩებოდა, "სან სიროზე" სამპდორიას იოლად სძლია, მაგრამ ვინაიდან მილანმა არ წააგო, სიმონე ინძაგის გუნდმა ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა.

ამგვარად, 11-წლიანი პაუზის შემდეგ მილანი ისევ იტალიის ჩემპიონია. "ეშმაკებმა" სკუდეტო ისტორიაში მე-19-ედ მოიგეს და ამ შედეგით ინტერს გაუთანაბრდნენ.

საინტერესო ფაქტები

ოლივიე ჟირუ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ში სადებიუტო სეზონში 10-გოლიანი ზღვარი გადალახა (35 წლისა და 234 დღის).

⚽ ნიკოლო ბარელამ სეზონში 12 საგოლე პასი გააკეთა - ტოპლიგებში არცერთ ნახევარმცველს არ აქვს უკეთესი შედეგი (ასევე 12 პასი აქვს კრისტოფერ ნკუნკუს).

⚽ მილანმა ტიტული 1976 დღის შემდეგ მოიგო. ამ სკუდეტომდე შავ-წითლებს 2016 წლის 23 დეკემბერს, იტალიის სუპერთასი ჰქონდათ მოგებული.

⚽ მილანი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, რომელმაც სერია A მოიგო მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994/1995 წლების სეზონიდან). "როსონერის" საშუალო ასაკი ამ სეზონში 26 წელი იყო.

სასუოლო 0:3 მილანი

გოლები: 0:1 ჟირუ (17), 0:2 ჟირუ (32), 0:3 კესი (36)

ინტერი 3:0 სამპდორია

გოლები: 1:0 პერიშიჩი (49), 2:0 კორეა (55), 3:0 კორეა (57)

კომენტარები

ბოლო ამბები