Thumbnail

‘მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა’ - ნოიერმა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თომას მიულერის შემდეგ, ბაიერნთან კონტრაქტი მანუელ ნოიერმაც გააგრძელა
  • ოლივერ კანი მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს უწოდებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რობერტ ლევანდოვსკის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე ეს ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ამბავია: მიუნხენურ გრანდში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის კაპიტან მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა.

“მიხარია, რომ ჩემი გზა ბაიერნში გრძელდება, - ვკითხულობთ ნოიერის ციტატას რეკორდმაისტერის განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, - ჩვენ ისევ ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს. როგორც მეკარეს, კაპიტანს და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეს, მინდა, რომ დიდი მიზნების მისაღწევად ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი ვიყო. ჩვენი სურვილია, საჩემპიონო რეკორდი გავაუმჯობესოთ და გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაშიც მწვერვალისთვის ვიბრძოლოთ.”

36 წლის ნოიერის წინა კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა, ახალი ხელშეკრულების ვადა კი კიდევ 1 წლით გაგრძელდა - 2024 წლის 30 ივნისამდე. როგორც იცით, მანამდე ბაიერნთან კონტრაქტი თომას მიულერმაც გაახანგრძლივა (ასევე 2024 წლამდე), რობერტ ლევანდოვსკიმ კი ახალ კონტრაქტზე უარი თქვა და მიუნხენური გრანდის დატოვება სურს.

“მანუელ ნოიერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და წლებია, საერთაშორისო დონეზე მასშტაბებს ამკვიდრებს, - ეს ბაიერნის გენერალური დირექტორის, ოლივერ კანის სიტყვებია, - ბედნიერები ვართ, რომ მან ჩვენთან კონტრაქტი გააგრძელა. მანუელი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა.”

შესაძლებელია, რომ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულის შემდეგაც გაგრძელდეს. ნოიერი აცხადებს, რომ ეს მის ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ორიოდე კვირის წინ ბაიერნთან ახალი ხელშეკრულება ნოიერის შემცვლელმა, სვენ ულრაიხმაც გააგრძელა. მის კონტრაქტს ვადა 2023 წლამდე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები