- ბოსტონ სელტიკსი 102:82 მაიამი ჰიტი
- ბოსტონმა სამაგალითო დაცვა ითამაშა
- პირველ 8 წუთში ჰიტს მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩში ბოსტონ სელტიკსმა შთამბეჭდავი რეაქცია აჩვენა. ჯეისონ ტეიტუმმა და სელტიკსის დაცვამ მაიამი ჰიტს ბევრი არაფერი გააბედვინა - ბოსტონმა 102:82 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი თავიდან იწყება.
ტეიტუმმა ბოსტონს 31 ქულით (8/16, 14/16 საჯარიმო), 8 მოხსნითა და 5 ასისტით ულიდერა. გარდა ამისა, 10-ზე მეტი ქულა დააგროვეს პეიტონ პრიტჩარდმა (14), დერიკ უაითმა (13 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი), ასევე რობერტ უილიამსმა და ჯეილენ ბრაუნმა (12-12). კარგი თამაში ჰქონდა ალ ჰორფორდსაც, რომელმაც მართალია, მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, მაგრამ 13 მოხსნა და 4 დაფარება ჰქონდა.

ბოსტონმა პირველივე წუთებიდან აჩვენა, რომელი გუნდი იქნებოდა ამ მატჩის გამარჯვებული და მერე მთელი 48 წუთი დომინირებდა. იყო მომენტი, როცა სელტიკსი თამაშს 32 ქულითაც კი იგებდა. ბოსტონის დაცვამ მაიამის სტარტერებს ჯამში სულ რაღაც 18 ქულა ჩააგდებინა. თითქმის ვერაფერი მოახერხეს ჯიმი ბატლერმა (6 ქულა) ან ბემ ადებაიომ (9 ქულა, 6 მოხსნა). მაიამიდან ერთადერთი ნათელი წერტილი ვიქტორ ოლადიპო გახლდათ, რომელმაც “სკამიდან” 23 ქულა ჩააგდო და ჰიტის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ ორივე გუნდს შეექმნა საკადრო პრობლემები. მაიამის ტაილერ ჰირო დააკლდა (სამაგიეროდ, ბატლერმა ითამაშა). ბოსტონს სასტარტო ხუთეულში რობერტ უილიამსი დაუბრუნდა, მაგრამ მარკუს სმარტის სახით ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშე დააკლდა. მის ნაცვლად ხუთეულში უაითი ვიხილეთ.
მაიამის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩის დასაწყისი გამოუვიდა: სტუმრებმა პირველ 8 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა ჩააგდეს. ESPN Stats & Info-ს თანახმად, ბოლო 25 წელიწადში ასეთი რამ არ მომხდარა. გარდა ამისა, მაიამის მიერ პირველ მეოთხედში ჩაგდებული 11 ქულა (3/20, 15 პროცენტი) კლუბის ანტირეკორდია პლეი ოფების პირველ მეოთხედებში.
ბოსტონმა უამრავი საჯარიმო სროლა მიიღო - 38-დან 32 ჩააგდო (84,2%). საპირისპიროდ, მაიამის მხოლოდ 14 საჯარიმო ჰქონდა (8 ჩააგდო, 57,1 %).
ბოსტონის გამარჯვების მთავარი მიზეზი დაცვის შესანიშნავი თამაშია. საინტერესოა, რომ სელტიკსმა თამაშიდან მხოლოდ 39,7 პროცენტი ჩააგდო, მათ შორის მხოლოდ 23,5 პროცენტი სამქულიანებში (8/34). მაგრამ მაიამის თამაშიდან უფრო ნაკლები, 33,3 პროცენტი ჰქონდა, სამქულიანებში კი - 38,9 პროცენტი (14/36).
ბოსტონის მთავარი მწვრთნელი იმე უდოკა თავისი გუნდის შეტევითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო: მესამე მატჩში 24 დაკარგვის შემდეგ, მისი კალათბურთელები ბურთს თითქმის აღარ კარგავდნენ. პირველ ტაიმში ბოსტონს სულ რაღაც 3 დაკარგვა ჰქონდა (ჯამში 11, მაიამის კი - 9).
ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი): “ჩვენ ისევ ჩვენ ვიყავით და ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. ნებისმიერი ჩვენგანი მზად იყო, რომ უკეთ ეთამაშა. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული სერია გამოდის. ორივე გუნდს საუკეთესო მწვრთნელები ჰყავს, დაცვაში ორივე მაგრები ვართ.”
ჯიმი ბატლერი (მაიამი ჰიტი): “მართალია, მუხლი მაწუხებდა, მაგრამ ვერავითარი გამართლება ვერ ექნება იმას, როგორც დღეს ვითამაშე.”
ერიკ სპოელსტრა (მაიამის მთავარი მწვრთნელი): “მაგრამ გვაჯობეს, მაგრამ რაც არ უნდა დაარქვათ იმას, რაც გაგვიკეთეს, მომდევნო მატჩში ჩვენ შეგვიძლია, რომ იგივე დავმართოთ. მერწმუნეთ, ჩვენთან არავინაა ბედნიერი იმით, რაც დღეს მოხდა.”
სპოელსტრა აბსოლუტურად მართალია: სერიაში ანგარიში თანაბარია, ყველაფერი თავიდან იწყება და მომდევნო, მე-5 მატჩში, რომელიც მაიამიში 26 მაისს გაიმართება, დიდი შანსია, საპირისპირო სცენარი ვიხილოთ.
კომენტარები