Thumbnail

Deportes COPE Valencia-ს ინფორმაციით, ლა ლიგის კლუბი მზად არის, გიორგი მამარდაშვილს 2027 წლამდე გაუხანგრძლივოს კონტრაქტი და ახალი გამოსასყიდი თანხა ჩაუწეროს ხელშეკრულებაში - 100 მილიონი ევრო!

"გიორგი მამარდაშვილი 2021/22 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზია, მან ვალენსია ლა ლიგაშიც და თასზეც რამდენჯერმე იხსნა. სწორედ ასეთმა თამაშმა კლუბი ჯერ კიდევ დეკემბერში აიძულა, ის ქართული კლუბისგან გამოესყიდა. ყველა მიხვდა, რომ ვალენსიამ გიორგის სახით დაუმუშავებელი ბრილიანტი აღმოაჩინა.

მისი საოცარი თამაში გაგრძელდა და ახლა კლუბი ფიქრობს, რომ მას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, გამოსასყიდი თანხა კი ხუთმაგი გახადოს - 100 მილიონი ევრო", - წერს გამოცენა, რომლის ინფორმაციითაც, გიორგიმ "დიდი კლუბები" დააინტერესა, მას კი კონტრაქტი 2024-წლამდე აქვს, რომლის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეიძლება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი 20 წლის ასაკში იჯარით გადავიდა ვალენსიაში, სადაც მალევე კლუბის პირველი მეკარე გახდა. მან ლა ლიგის სეზონში 18 მატჩი ითამაშა (20 გოლი გაუშვა), აქედან 8-ში კარი მშრალად შეინახა. გიორგი 3-ჯერ გახდა "მატჩის მეფე", ხოლო ორჯერ - ტურის საუკეთესო მეკარე. WhoScored.com-ის მიხედვით ის ევროპის ტოპლიგების საუკეთესო ახალგაზრდა გოლკიპერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები