Thumbnail

უკვე ევროპოპზე: სპორტიც და გართობაც მეტ პლატფორმაზე, მეტი ადამიანისთვის

შაკო ბუაჩიძე პროფილის ფოტო
შაკო ბუაჩიძე

5 წელი ვიღაცისთვის ცოტაა, ვიღაცისთვის - ბევრი. ჩვენთვის 5 წელი 50 000 სტატიაა. პოპსპორტზე სწორედ ამდენი დაიწერა.

ამ 5 წელიწადში ქართულ სპორტულ მედიაში ახალი სტანდარტები დავამკვიდრეთ - ოპერატიულობით, სიზუსტით, სანდოობით, ანალიტიკით. ბევრის რეგრესი თუ პროგრესი ვიწინასწარმეტყველეთ, 200-მდე ქვიზის გასაკეთებლად გამოგიწვიეთ, დელ პიეროს ზონაც გავარჩიეთ და ფორმანის ჰაერში გაჩერებული ჰუკიც, დინამო ბათუმთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ვიზეიმეთ, ‘ქართველი ხარიც’ გაგაცანით, მერაბ დვალიშვილის ამერიკულ ოცნებაზეც პირველად ჩვენგან შეიტყვეთ…

ენდურო ბაიკით ყვარლის ტბაზე გავლა დღემდე ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია. 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვწერეთ, ყველაზე მეტი ადამიანი კი მაინც პიკეს, შაკირას და გოგიტას ამბავმა დააინტერესა.

იყო ძალიან მძიმე დღეებიც, ყველაფრის სურვილი რომ დაგვეკარგა - როცა კობის და დიეგოს ვემშვიდობებოდით, მაგრამ მაინც ვწერდით…

სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს პოპსპორტი, რომელიც 5 წლის წინ შევქმენით და რომელსაც ათიათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

…და ვფიქრობთ, რომ 5 წლის და 50 000 სტატიის შემდეგ ახალ არენაზე გადასვლის დრო დადგა - თამაშის წესები უცვლელი რჩება, მასშტაბები იცვლება.

რა იქნება ევროპოპი? განვითარების ახალი საფეხური, ახალი მიზნები, ახალი გამოწვევები, ახალი გოლები - კიდევ უფრო მაღალ დონეზე.

გარდა იმისა, რასაც აქამდე ვაკეთებდით: მოვისმენთ საკამათო არგუმენტებს; ვნახავთ, ვის რა შეუძლია ბურთით; აბსურდულ კითხვებსაც დავსვამთ, სპორტულ ჩანთებშიც ჩავიხედავთ და ბევრს ვისეირნებთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერსაც ისეთი სიზუსტით, ემოციით და ჟინით გავაკეთებთ, როგორც ვაკეთებდით აქამდე.

სპორტიც და გართობაც მეტ პლატფორმაზე, მეტი ადამიანისთვის - უკვე ევროპოპზე.

გამოიწერეთ ჩვენი გვერდები:

👉 ევროპოპი YouTube-ზე

👉 ევროპოპი Facebook-ზე

👉 ევროპოპი Instagram-ზე

👉 ევროპოპი TikTok-ზე

კომენტარები

ბოლო ამბები