Thumbnail

TEKKEN 7 | გუგა ირემაშვილი: ევროპის ჩემპიონობის კარგი შანსი მაქვს

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • duelist 17 ევროპირველობისთვის ემზადება
  • ის პირველ შეხვედრას 27 მაისს გამართავს
  • ინტერვიუ ქართველ გეიმერთან

TEKKEN-ის ქართულ სამყაროში გუგა ირემაშვილს (duelist 17) ყველა ძალიან კარგად იცნობს. ის კიბერსპორტის ამ სახეობაში ბოლო რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა და მცირე დროში შეძლო მოწინავე პოზიციებზე ასვლა. გუგა 2018 და 2020 წლებში საქართველოში IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულია. როგორც 24 წლის გეიმერი აღნიშნავს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი king of kazuya league-ის ჩემპიონობაა, რომელშიც ევროპის საუკეთესო kazuya-ს მოთამაშეები მონაწილეობდნენ.

ამჟამად, გუგა ირემაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში იმყოფება, სადაც საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. ტურნირი IESF-ის ეგიდით ტარდება და ჩემპიონი გარდა ტიტულისა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, რომლის ჩატარება წლის ბოლოს ინდონეზიის ქალაქ ბალიში იგეგმება. საქართველო მეოთხე ჯგუფში მონტენეგროს, ესპანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდება. ირემაშვილის პირველი მატჩი 27 მაისსაა ჩანიშნული.

duelist ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებადმე ორგანიზაცია protos-ის წევრი გახდა. პოპსპორტი ქართველ გეიმერს დაუკავშირდა და მოახლოებულ ჩემპიონატზე, ახალ გუნდში გაწევრიანებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

POPSPORT: როგორი სათამაშო ატმოსფეროა შექმნილი ბაქოში?

გუგა ირემაშვილი: ბაქოში საკმაოდ სასიამოვნო გარემოა შექმნილი. თამაშები კრისტალ ჰოლში ტარდება, სადაც ყველაფერი ძალიან კარგადაა მოწყობილი. ეტყობა, რომ ამ ყველაფერზე პროფესიონალებმა იმუშავეს. 

POPSPORT: მოასწარი თუ არა კონკურენტების გაცნობა და მათგან რომელი ქვეყნის წარმომადგენელს გამოარჩევდი?

ირემაშვილი: რამდენიმე მათგანის გაცნობა მოვასწარი და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გამოვარჩევდი ესპანელ, შვედ, იტალიელ და ფრანგ მოთამაშეებს, რომლებიც ძალიან ძლიერი კონკურენტები არიან. 

გუგა ირემაშვილმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში 4 დოჯოდან 3 მოიგო

POPSPORT: რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით თამაში?

გუგა ირემაშვილი: ჩემთვის ასეთ ტურნირზე თამაში უდიდესი გამოცდილებაა. რაც უფრო მეტ ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას, მით უფრო კარგად წარვადგენ საქართველოს.

POPSPORT: გაქვს თუ არა გადაწყვეტილი თუ რომელი პერსონაჟით ითამაშებ?

ირემაშვილი: თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემს მთავარ პერსონაჟს - კაზუიას ავირჩევ, თუმცა, არსებობს პატარა შანსი, რომ გადავიფიქრო. კაზუია ტურნირებში სათამაშოდ საკმაოდ რთული გმირია, რადგან არსებობს იმის შანსი, რომ თითი არასწორ ღილაკს დააჭირო და რაუნდი წააგო. კაზუიასთვის სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კი ტეკენში მარტივი ნამდვილად არ არის.

POPSPORT: რატომ გადაწყვიტე ორგანიზაცია protos-ში გაწევრიანება და როგორი სათამაშო დონეა საქართველოში?

გუგა ირემაშვილი: protos-ის გუნდის წევრი გავხდი, რადგან საერთო იდეებს ვიზიარებთ. მათ საქართველოში ელექტრონული სპორტის განვითარება უნდათ, ასევე, ამ სპორტში ჩართული ადამიანების დახმარება. ყველანაირად ვეცდები ამ ორგანიზაციას eSports-ის პოპულარიზაციაში დავეხმარო. რაც შეეხება ქართული ტეკენის სცენას, ის ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა. გვყავს ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც  კონკურენციას ნებისმიერ მეტოქეს გაუწევენ.

POPSPORT: და ბოლოს: როგორ შეაფასებდი შანსებს ევროპის ჩემპიონატზე? რა არის შენი მიზანი?

ირემაშვილი: ძალიან მარტივი მიზანი მაქვს - ამ ტურნირზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. თუ ამას შევძლებ, ევროპის ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი მექნება, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები