Thumbnail

სერბეთის ეტაპი - გიორგი გახელაძე 'ჯუნიორ კლასის' TOP 5-ში მოხვდა

  • ქართველმა მოტომრბოლელმა XROSS HARD ENDURO RALLY-ზე იასპარეზა
  • გიორგი გახელაძე 26 სპორტსმენს შორის მოხვდა და მედალი დაიმსახურა
  • მომდევნო ტურნირი ავსტრიაში, 16-19 ივნისს გაიმართება

ქართველმა მოტომრბოლელმა გიორგი გახელაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის (Hard Enduro World Championship 2022) მეორე ეტაპზე, Xross-ზე იასპარეზა. შეჯიბრი სერბეთში, ქალაქ ზლატიბორში გაიმართა. 

ტურნირს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, მაგრამ როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი, ის წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზატორთა სურვილი, Xross მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი შეჯიბრი ყოფილიყო, რეალობად იქცა. მონაწილეთა თითქმის 70%-მა ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო.

მათ შორის არ იყო გიორგი გახელაძე, რომელმაც მიუხედავად წარუმატებელი პირველი ორი ტურისა, დასკვნითი ეტაპი კარგად ჩაატარა და იმ 26 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებმაც მედლები დაიმსახურეს.  ცნობისთვის, მედლებს იმ რაიდერებს აძლევენ, რომლებიც ოქროს კლასის კონკრეტული მონაკვეთების დაძლევას ახერხებენ ხოლმე.

20 წლის ქართველმა მოტომრბოლმა სერბეთში კარგად იასპარეზა 

გახელაძისთვის ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან წელს მსოფლიოს ჩემპიონატს დაემატა "ჯუნიორ კლასი", რომლის პირველი შეჯიბრი სწორედ სერბეთში გაიმართა. ქართველმა მოტომრბოლელმა 11 ქულით ტოპ 5-ში შესვლა მოახერხა. "ჯუნიორ კლასს" კიდევ სამი ეტაპი უმასპინძლებს: ავსტრიის, იტალიისა და ესპანეთის.

ავსტრიაში, Erzbergrodeo-ზე, მსოფლიოს საუკეთესო რაიდერები 16-19 ივნისს შეიკრიბებიან. ეს ტურნირი გიორგი გახელაძისთვის უცხო არ არის, ამიტომ, სწორედ აქ გეგმავს ის "ჯუნიორ კლასის" საუკეთესო სამეულში მოხვედრას, რაც სავსებით რეალურია, თუ მის შესაძლებლობებს და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მას და მესამე ადგილზე მყოფ მოტომრბოლელს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

გიორგი გახელაძე 'ჯუნიორ კლასის' TOP 5-ში მოხვდა

🏍 | ტოპ 5 სერბეთში - გახელამ Xross დააფინიშა და ახლა მომდევნო ტურნირებისთვის ემზადება. Giorgi Gakheladze

Posted by popsport on Friday, May 27, 2022

ქართველი რაიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე შარშანაც ასპარეზობდა. განსაკუთრებით წარმატებული ესპანეთის ეტაპი - Hixpania Hard Enduro იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი.

კომენტარები

ბოლო ამბები