Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 120:110 დალას მავერიკსი
  • ბოლო 8 სეზონში ეს უოროირსის მეექვსე ფინალი იქნება
  • გოლდენ სტეიტს საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

2019 წლის შემდეგ გოლდენ სტეიტი ისევ NBA-ს სუპერფინალშია! დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში უორიორსმა დალასი 120:110 დაამარცხა და სერია 4:1 მოუგო.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მესამე პერიოდში 25-ქულიანი უპირატესობისა, გოლდენ სტეიტს ბოლოს მაინც ჰქონდა სანერვიულო. დალასის 15:0 გაქცევამ სხვაობა ისევ 10 ქულაზე ნაკლები გახადა და მავერიკსს შანსი გაუჩნდა, მაგრამ ბოლო წუთებში გოლდენ სტეიტმა მატჩი მაინც მიიყვანა გამარჯვებამდე.

ყველაზე პროდუქტიული კლეი ტომპსონი გახლდათ - 32 ქულით (12/25, 8/16 სამქულიანი). სტეფ კარი (15 ქულა, 5/17, 9 ასისტი) დიდხანს მოკრძალებული იყო და 7 მცდელობიდან მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო. უორიორსიდან ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო 10 და მეტი ქულა.

ენდრიუ უიგინსი (18 ქულა, 7/16, 10 მოხსნა) ლუკა დონჩიჩის წინააღმდეგ კარგ დაცვას თამაშობდა. ფარქვეშ შესანიშნავი იყო კევონ ლუნი (10 ქულა, 18 მოხსნა, აქედან 7 შეტევაში). კარგი დღე ჰქონდათ ჯორდან პულს (16 ქულა) და დრეიმონდ გრინსაც (17 ქულა, 6/7, 9 ასისტი).

დალასიდან ყველაზე მეტი ქულა ლუკა დონჩიჩმა დააგროვა (28, 10/28, 3/13 სამქულიანი, 9 მოხსნა, 6 ასისტი), მაგრამ ყველაზე კარგად სპენსერ დინვიდიმ ითამაშა (26 ქულა, 7/12, 5/7 სამქულიანი, 7/9 საჯარიმო).

გოლდენ სტეიტი ბოლო 8 წელიწადში მეექვსედ გავიდა ფინალში. ასეთი რამ ბოლოს მაიკლ ჯორდანის და სკოტი პიპენის ჩიკაგო ბულსმა შეძლო (1991-1998).

აღსანიშნავია ისიც, რომ სტივ კერის ხელმძღვანელობით გოლდენ სტეიტს დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფში 2014 წლის შემდეგ ერთი სერიაც კი არ წაუგია.

დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი): “ეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან არავის სჯეროდა, რომ ფინალებში გავიდოდით. კლეი ტომპსონს ორი უმძიმესი ტრავმა აქვს გადატანილი, სტეფს ხელი ჰქონდა მოტეხილი და ორი წლის წინ სულ 15 თამაში გვქონდა მოგებული…”

ჯეისონ კიდი (დალასის მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს დონჩიჩის საუკეთესო თამაში არ ყოფილა. ეს იყო კარგი გაკვეთილი როგორც მისთვის, ისე მთელი გუნდისთვის. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ცუდი სეზონი გვქონდა. უბრალოდ, ცუდ დროს ცუდი საღამო დაგვემთხვა.”

ლუკა დონჩიჩი (დალასი): “ვერ ვიტან წაგებას, განსაკუთრებით ისე, როგორც დღეს წავაგეთ. საშინლად ვითამაშე. თუმცა ჩვენი გუნდით ძალიან ვამაყობ. არავის სჯეროდა, რომ ასე შორს გავიდოდით.”

სუპერფინალში გოლდენ სტეიტის მეტოქე ჯერ უცნობია. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბოსტონი მაიამის 3:2-ს უგებს. ამ სერიის მე-6 შეხვედრა 28 მაისს, გამთენიისას გაიმართება. ფინალები მომდევნო კვირაში, პარასკევს იწყება და გოლდენ სტეიტს ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები