Thumbnail

PREVIEW | ძალიან მაგარი ფინალი იქნება! ყველაფერი სეზონის მთავარ თამაშზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 28 მაისი | ⌚ 23:00 | 🏟 "სტად დე ფრანსი" | ⚽ ლივერპული V რეალი
  • ლივერპულს 2018 წლის ფინალისთვის რევანში სურს
  • რეალს ამ ტურნირზე ბოლო ფინალი ინგლისელებთან აქვს წაგებული
  • ორივე გუნდმა მაგარი სეზონი ჩაატარა და განსაკუთრებული თამაშის მოლოდინია
  • ყველაფერი, რაც სეზონის მთავარი თამაშის წინ უნდა იცოდეთ

სეზონის მთავარი თამაშიც მოახლოვდა! საკლუბო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ყველანაირად განსაკუთრებულ სანახაობას გვპირდება: პარიზში, "სტად დე ფრანსზე" ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ლივერპული და მადრიდის რეალი იბრძოლებენ - გუნდები, რომლებიც 4 წლის წინაც იყვნენ ფინალში. 

ლივერპულს რევანშის დიდი სურვილი აქვს. ინგლისური გრანდის ლიდერ მოჰამედ სალაჰს ნახევარფინალური მატჩების შემდეგ ეს არც დაუმალავს - ეგვიპტელი რეალთან ფინალურ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება. თუმცა, თავის მხრივ, რეალსაც აქვს თავისი ანგარიში ლივერპულთან გასასწორებელი. ბოლოს და ბოლოს, მადრიდელებმა ბოლო ფინალი ხომ ინგლისელთა წინააღმდეგ წააგეს. მართალია, ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ მაინც.

ბოლო 4 წელიწადში ეს გუნდები ფინალში მეორედ ხვდებიან, ლივერპული კი ფინალში ამ პერიოდში საერთოდ მესამედ გავიდა (2018, 2019, 2022). 4 წლის წინ კიევში მადრიდულ გრანდმა ლივერპულს 3:1 მოუგო და ის მატჩი ბევრი რამით იყო დასამახსოვრებელი: დასაწყისში დაშავებული სალაჰი, რომელიც დღემდე ფიქრობს, რომ სერხიო რამოსმა ტრავმა განზრახ მიაყენა; მერე ლორის კარიუსის კომიკური შეცდომა, რასაც ქარიმ ბენზემას გოლი მოჰყვა და რა თქმა უნდა, გარეთ ბეილის შედევრალური გოლი.

რახან, ის ფინალი ვახსენეთ, გავიხსენოთ 1981 წლის ჩემპიონთა თასის ფინალიც, როდესაც ლივერპულმა რეალს ალან კენედის გოლით აჯობა. მას შემდეგ 41 წელი გავიდა და "სამეფო კლუბს" ამ ტურნირზე ფინალი აღარ წაუგია!

სხვათა შორის, ის თამაშიც სწორედ პარიზში გაიმართა, ოღონდ "პარკ დე პრენსზე", ამჯერად კი გუნდები ერთმანეთს "სტად დე ფრანსზე" დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე ლივერპულმა რეალს საწყისი 3 მატჩი მოუგო: 1981 წლის ფინალი 1:0, მერე კი 2008/09 წლების სეზონში 1/8-ფინალშიც აჯობა, როცა მადრიდში 1:0 მოიგო და "ენფილდზე" – 4:0. თუმცა, მას შემდეგ "წითლებს" "ბლანკოსი" არ დაუმარცხებიათ. 2014/2015 წლების სეზონში რეალმა ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში მოიგო (3:0, 1:0), 2018 წელს ფინალში გაიმარჯვა (3:1), ხოლო გასულ სეზონში მეოთხედფინალურ ეტაპზეც გამარჯვება ისევ ესპანურ გრანდს დარჩა (3:1, 0:0).

გარეთ ბეილის დაუვიწყარი გოლი 2018 წლის ფინალში

რეალს ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 7 ფინალი აქვს მოგებული (1998, 2000, 2002, 2014, 2016, 2017, 2018), ხოლო ლივერპულმა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ფინალი (ჩემპიონთა თასს თუ არ ჩავთვლით) ოთხჯერ ითამაშა და ბალანსი თანაბარია - 2 მოგება (2005, 2019) და 2 წაგება (2007, 2018). ცალკე სათქმელია მწვრთნელთა დუელიც, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ - კარლო ანჩელოტისთვის ეს მე-5 ფინალია, რაც რეკორდია, ხოლო კლოპისთვის - მეოთხე. იტალიელი უფრო ტიტულოვანია, მან წინა 4 ფინალიდან 3 მოიგო, ხოლო გერმანელმა წინა 3 ფინალიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება.

გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალს პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ტიაგო ალკანტარას და დივოკ ორიგის თამაში, თუმცა, სავარაუდოდ ესპანელი მოედანზე გასვლას მოახერხებს. რეალს პრობლემები ამ კუთხით არ აქვს, თუ არ ჩავთვლით გარეთ ბეილის არყოფნას, რომელიც ანჩელოტის გეგმებში მთელი სეზონის განმავლობაში ისედაც არ შედიოდა.

რეალს შანსი აქვს, სეზონი დუბლით დაასრულოს, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, ხოლო ლივერპულს სეზონში მე-3 ტიტულის მოგება შეუძლია, მას შემდეგ, რაც ინგლისის ასოციაციისა და ინგლისის ლიგის თასებს დაეუფლა. "წითლებს" ძალიან ცოტა დააკლდათ პრემიერლიგაში ჩემპიონობამდე, მხოლოდ 1 ქულა.

ლივერპულმა ფინალამდე პლეი ოფში მილანის ინტერი, ლისაბონის ბენფიკა და ვილიარეალი დაამარცხა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ გაცილებით მძიმე და შთამბეჭდავი გზა გაიარა რეალმა, რომელმაც ტურნირის სამი ფავორიტი ჩამოიცილა გზიდან - პსჟ, ჩელსი და მანჩესტერ სიტი. თანაც, ანჩელოტის გუნდს სამივე ბრძოლაში დრამები გადახდა.

რეალის ბოლოს წაგებული ფინალი - 1981 წელს ლივერპულთან

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის მაგარი ფინალის მოლოდინია - სეზონს ღირსეული ფინიშისთვის ყველაფერი აქვს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება მე-9 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე ლივერპულსა და რეალს შორის. 1981-2009 წლებში პირველი სამი მატჩის მოგების შემდეგ ლივერპულს რეალთან 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 4 წაგება) და მათ შორის, 2018 წელს ფინალიც წააგო.

⚽ ლივერპული და რეალი მესამედ ხვდებიან ფინალში. სხვა არცერთი წყვილი ფინალში სამჯერ ერთმანეთს არ შეხვედრია. 1981 წელს ლივერპულმა 1:0 მოიგო, ხოლო 2018 წელს მადრიდელებმა გაიმარჯვეს (3:1).

⚽ ლივერპული შეეცდება, ჩემპიონთა ლიგა/თასი მეშვიდედ მოიგოს და თუ ამას გააკეთებს, მილანს გაუტოლდება და მხოლოდ რეალს ექნება მეტი ტიტული (13).

⚽ რეალი მიზნად ისახავს ამ ტურნირის მე-14-ედ მოგებას, რაც ორჯერ უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე მე-2 ადგილზე მყოფ მილანს აქვს (7). "სამეფო კლუბს" ბოლო 7 ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული აქვს და გადამწყვეტი მატჩი ბოლოს სწორედ ლივერპულთან წააგო, თან პარიზში, როცა გოლი ალან კენედიმ გაიტანა.

⚽ იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან დაპირისპირება აქამდე 9-ჯერ მოუწია და ამ ტურნირზე ამაზე მეტჯერ არავისთან უთამაშია. ხსენებული 9 თამაშიდან კლოპს გამარჯვება მხოლოდ 3-ჯერ დარჩა (2 ფრე, 4 წაგება). გუნდებთან, რომელსაც კლოპი მინიმუმ 3-ჯერ დაუპირისპირდა, მოგების ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სხვებთან არ აქვს (33%).

⚽ კარლო ანჩელოტის შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგოს, რაც სარეკორდო შედეგი იქნება. იტალიელმა წინა 4 ფინალიდან სამი მოიგო (2003, 2007, 2014), ხოლო 2005 წელს დამარცხდა, სწორედ ლივერპულის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტისთვის ეს მე-5 ფინალია და 3-ჯერ მეტოქე ლივერპული იყო.

⚽ იურგენ კლოპისთვის ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მე-4 ფინალი და მსგავსი შედეგი მხოლოდ მარჩელო ლიპისა და სერ ალექს ფერგიუსონს აქვთ, უკეთესი კი მხოლოდ ანჩელოტის (5).

⚽ მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით 33 გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა უფრო მეტი გოლი ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით - ლიონელ მესიმ პეპ გვარდიოლასთან (43), რუუდ ვან ნისტელროიმ ალექს ფერგიუსონთან (35) და ტიერი ანრიმ არსენ ვენგერთან (35).

⚽ მადრიდის რეალს შემადგენლობაში 5 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული (ბენზემა, კროოსი, მოდრიჩი, მარსელო და ალაბა). რეალი შეიძლება გახდეს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 4 ან 5 ისეთი ფეხბურთელი ეყოლება ძირითად შემადგენლობაში, რომელთან ამ ტურნირზე 100+ მატჩი აქვთ გამართული. ჯერ კიდევ არსებული რეკორდიც რეალს ეკუთვნის, როდესაც 2018 წლის ფინალში რონალდო, ბენზემა და სერხიო რამორი იყვნენ ძირითადში 100-ზე მეტი მატჩით.

⚽ ჯორდან ჰენდერსონს შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის რიგებში 50-ე მატჩი ჩაატაროს (ამჟამად აქვს 49). ამ შედეგით ის შეუერთდება ლივერპულის იმ ინგლისელ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე მინიმუმ 50-ჯერ უთამაშიათ - ჯეიმი კარაგერი (80), სტივენ ჯერარდი (73), ფილ ნილი (57).

⚽ თუ ბენზემა გაიტანს, მეორე ყველაზე ხანდაზმული (34 წლის და 160 დღის) ფეხბურთელი გახდება, რომელიც ფინალში გოლს გაიტანს პაოლო მალდინის შემდეგ, რომელამც 2005 წელს, ლივერპულს 36 წლისა და 333 დღის ასაკში გაუტანა. ბენზემამ ლივერპულს 2018 წლის ფინალში უკვე გაუტანა.

⚽ 2017/18 წლების სეზონიდან მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის მაისურით 33 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (55) და კილიან მბაპეს (47) აქვთ ამ პერიოდში მონაწილეობა მიღებული უფრო მეტ გოლში. 2017 წლიდან სალაჰი ლიონელ მესისთან ერთად ერთადერთია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 30+ გოლი და 10+ საგოლე პასი აქვს მითვლილი.

⚽ ბენზემამ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 15 გოლი გაიტანა და ყველა დროის რეკორდს მხოლოდ 2 გოლი აშორებს (კრიშტიანო რონალდოს 17 გოლი 2013/14 წლებში). თუ ბენზემა ფინალში გაიტანს, ტურნირის ისტორიაში მე-3 ბომბარდირი გახდება რონალდოსა (140) და მესის (125) შემდეგ. ამჟამად ფრანგი რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად 86 გოლით მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს.

⚽ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ფინალში თუ ითამაშებს, ტურნირის ისტორიაში რიგით მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება 23 წლისა და 233 დღის ასაკში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ექნება ნათამაშები. რეკორდი ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნის, რომელსაც 23 წლისა და 192 დღის ასაკში ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (1996-1998 წლებში).

⚽ ვინისიუს ჟუნიორმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 6 პასი). ბოლო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში უფრო მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა და თან ჯერ 21 წლის ან უფრო პატარა ასაკის იყო, ლიონელ მესი გახლავთ (2008/09 წლების სეზონში 14 გოლში მონაწილეობა, 9 გოლი, 5 პასი).

⚽ ამ გუნდების წინა 8 ურთიერთშეხვედრაში (ჩემპიონთა თასი/ლიგა) 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ 8 მატჩიდან 4 რეალმა მოიგო, 3 ლივერპულმა და ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ლივერპულის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რეალის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, კეიტა - სალაჰი, მანე, ლუის დიასი.

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ედერ მილიტაო, ალაბა, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები