Thumbnail
  • როჯერ ფედერერს 11 ივლისს 0 ქულა ექნება
  • ლეგენდარული ჩოგბურთელი რეიტინგიდან ამოვარდება
  • თუ მანამდე არ დაბრუნდა, სერენა უილიამსსაც იგივე ბედი ელის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დაახლოებით ერთი თვის წინ გადაწყდა, რომ უიმბლდონის ღია პირველობაზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ვერ ითამაშებენ. მიზეზი ყველასათვის გასაგებია.

მოგვიანებით, ჯერ ATP-მ და მერე WTA-მ გამოაცხადეს, რომ უიმბლდონზე სარეიტინგო ქულები არ იქნება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩოგბურთელებს დაეკარგებათ ის ქულები, რომლებიც შარშანდელ უიმბლდონზე მოიპოვეს.

უნგრელი ჩოგბურთელი მარტონ ფუჩოვიჩი, რომელიც რეიტინგში 57-ე ადგილზეა, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს: “უიმბლდონზე ქულებს ვერ ავიღებთ და 2021 წლის ქულები გვეკარგება. არ გვექნება შანსი, რომ შარშანდელი ქულები დავიცვათ. ATP, სერიოზულად? ამის გამო მე-60 ადგილიდან 130-ე ადგილზე გადავინაცვლებ. მადლობა!” შეგახსენებთ, რომ 2021 წელს უნგრელი ჩოგბურთელი უიმბლდონის მეოთხედფინალში გავიდა.

ფუჩოვიჩი იქეთ იყოს და ყველაზე მძიმედ ეს ამბავი როჯერ ფედერერს დააზარალებს: 25 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული შვეიცარიელი ATP-ის რეიტინგიდან ამოვარდება.

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რეიტინგში პირველად 1997 წლის 22 სექტემბერს გამოჩნდა და 803-ე ადგილზე იყო. 2002 წლის 20 მაისს შვეიცარიელმა TOP 10-ში შესვლა მოახერხა, 2004 წლის 2 თებერვალს კი პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. თავის ბრწყინვალე კარიერაში ფედერერი რეიტინგს ჯამში 310 კვირა ლიდერობდა.

40 წლის როჯერი ახლა დასაბრუნებლად ემზადება: მას სურს, რომ ოქტომბერში, ბაზელის მშობლიურ ტურნირზე იასპარეზოს. თუმცა მანამდე მაესტრო მსოფლიო რეიტინგში აღარ იქნება. ამჟამად 47-ე ადგილზე მყოფს ჯერ კიდევ 1030 ქულა აქვს.

13 ივნისს ფედერერი როლან გაროსის 180 ქულას დაკარგავს, ერთი კვირის შემდეგ კი ჰალეს ტურნირის 250 ქულას. დარჩენილი 600 ქულა როჯერს 11 ივლისს დაეკარგება. ამრიგად, 11 ივლისს ფედერერს 0 ქულა ექნება და 9058 დღის შემდეგ რეიტინგიდან ამოვარდება.

სხვათა შორის, იგივე ბედი ელის ქალთა ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსსაც (WTA, 276) - თუკი მანამდე არ დაბრუნდა… 

კომენტარები

ბოლო ამბები