Thumbnail
  • UFC-ის ყველა მებრძოლს შორის ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ
  • მერაბ დვალიშვილი UFC ფენტეზიში მე-14 ადგილზეა, ილია თოფურია -  მე-9 პოზიციაზეა

FanDuel აშშ-ში ფენტეზი შეჯიბრებების ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. ამ საიტზე სპორტის თითქმის ყველა სახეობაში შეგიძლია სხვა ფანებთან გაჯიბრება, მათ შორის არის UFC-ის ფენტეზი ლიგა, რომელშიც ასეული ათასი ადამიანია ჩართული. numberFire კი სპორტული  სტატისტიკის წარმოების მხრივ აშშ-ის წამყვანი კომპანიაა. სწორედ მათ გამოაქვეყნეს UFC-ის ფენტეზი შეჯიბრის 15 საუკეთესო მებრძოლი (წონები დაყოფილი არაა), რომელთა შორის ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილიც არიან.

UFC ფენტეზიში ქულები სხვადასხვა ასპექტში იწერება: მნიშვნელოვანი დარტყმები, თეიქდაუნები, დანებების მცდელობები, თითოეულ წუთში ნაჩვენები ბრძოლის ბონუსები, საშუალოდ 15 წუთში მოპოვებული ბონუსები, საშუალოდ მოპოვებული გამარჯვებების ბონუსები, ნოკაუტების ბონუსები. თითოეულ კომპონენტში მიღებული ქულების ჯამით კი ერთიანი ქულა დგება. 

მერაბ დვალიშვილს ზემოთაღწერილი სისტემის მიხედვით 114.7 ქულა აქვს და UFC-ის ყველა მებრძოლს შორის მე-14 ადგილზეა, საკუთარ წონაში კი მხოლოდ შონ ო’მალის ჩამორჩება. 

აი, რას წერს numberFire მერაბზე: "UFC-ის ყველაზე შრომისმოყვარე მებრძოლის ჯილდო რომ არსებობდეს, მას ყოველ წელს მერაბ დვალიშვილი მოიგებდა. თუმცა, ჩვენს სიაში ის სხვა დამსახურებით მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ძლიერი სტრაიკერი არ არის, მას ენერგიის უდიდესი, ულიმიტო მარაგი აქვს. 15 წუთის მანძილზე საჭიდაო ილეთების გაკეთებას გაუჩერებლად ცდილობს. მერაბი 15 წუთში, საშუალოდ 7.3 თეიქდაუნს აკეთებს, ეს მონაცემი კი ჩვენს სიაში მყოფი სპორტსმენებისთვისაც კი წარმოუდგენელი რიცხვია. შემაშინებელია იმის გაფიქრებაც კი, თუ რამხელა პროგრესი მიღწევა შეუძლია ქართველს.

წუთში საშუალოდ მეტოქისთვის მიყენებული 4.26 მნიშვნელოვანი დარტყმის მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეებისთვის საშიში ამ კომპონენტშიც ხდება. ქართველს 15 წუთის მანძილზე დანებებით მოგების 0.3 მცდელობა აქვს და კურტის ბლეიდის მსგავსად შეუჩერებელი მონსტრი იქნებოდა, დაფინიშების დაწყებული მცდელობების წარმატებულად დასრულება უკეთ რომ შეეძლოს. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი მისი ენერგიის მარაგით აღფრთოვანებულია. არაა გამორიცხული, ერთ დღესაც ქართველი UFC-ის ჩემპიონის ქამრით რომ ვიცილოთ."

თუ ამ მაჩვენებლებით მერაბ დვალიშვილი თავის დივიზიონში მეორეა, ილია თოფურიას ნახევრადმსუბუქ წონაში ვერავინ ჯობს. ქართველს, ჯამში, 136.5 ქულა აქვს და სიაში მე-9 ადგილზე გახლავთ. 

numberFire"ამ ეტაპზე, ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ფენტეზი ლიგისთვის გამოსადეგი სპორტსმენი არაა. მომავალ ბრძოლაში ავსტრალიელი მაქს ჰოლოუეის მესამედ დაუპირისპირდება, რადგან მასთან მიახლოება ჯერ სხვა ვერავინ მოახერხა. ილია თოფურიაზე კი ხშირად ამბობენ, რომ ვოლკანოვსკის დონის მიღწევა შეუძლია, თან იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მხოლოდ 25 წლისაა. უფრო დაბალი დონის მოჭიდავეები - მოვსარ ევლოევი და ბრიუს მიტჩელიც განიხილებიან, თუმცა ნაკლებად. ილიასა და ამ ორ ბიჭს შორის სხვაობა ის არის, რომ ქართველი ფეთქებადია.

UFC-ში ჩატარებული 4 ბრძოლიდან თოფურიამ ადრეული დაფინიშებით 3 მოიგო, ის დგომსა (3 ნოკაუტი 4 მატჩში) და გრეპლინგში (დანებებით მოგების საშუალოდ 2.5 მცდელობა 15 წუთში) ერთნაირად ძლიერია, ეს დაახლოებით ისეთი მოქმედებებია, რასაც ჩარლზ ოლივეირა მსუბუქ წონაში აკეთებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ნახევრადმსუბუქ წონაში ილიაზე უკეთესი რეიტინგის მქონე მებრძოლებს გრეპლინგში დიდი პრობლემები აქვთ (რაც ევლოევმა და მიტჩელმა კარგად გამოიყენეს), თოფურიას ამ დივიზიონში სწრაფად აღმასვლა შეუძლია. ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ ჩხუბში სირთულეების გადალახვა მოუხდა და საჩემპიონო დონეზე ჯერ არ არის, მაგრამ იქ ასასვლელად არსენალში უამრავი იარაღი და უდიდესი თვითრწმენა აქვს.

31 წლის მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მე-6 პოზიციაზეა, 25 წლის ილია თოფურია კი ნახევრადმსუბუქი დივიზიონის მე-15 ნომერი გახლავთ. ამჟამად ორივე ქართველი მებრძოლი მომავალი მეტოქეს ელოდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები