Thumbnail

ძიუდო | ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემზე ვერ იასპარეზებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს გაიმართება
  • ლუკა მაისურაძე ტურნირს ოპერაციის გამო გამოაკლდა

ლუკა მაისურაძე (90 კგ.) თბილისის გრანდ სლემზე ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ განცხადება თვითონ ძიუდოისტმა გააკეთა, რომელიაც მოახლოებულ შეჯიბრში მონაწილეობას ბრმა ნაწლავის ოპერაციის გამო ვერ შეძლებს.

"თბილისის გრან სლემზე ვეღარ ვიასპარეზებ. სამწუხაროდ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია დამჭირდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესების გამო. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ წინაშე გამოსვლას ვეღარ შევძლებ, მაქსიმალურად ვემზადებოდი თბილისის ტურნირისთვის, რადგან ჩემთვის დიდი პატივია საკუთარ კედლებში ასპარეზობა. თუმცა, ამჯერად მომავლისთვის გადაიდო. რეაბილატაციის შემდეგ კვლავ აქტიურად შევუდგები ვარჯიშს, რათა ერთად კიდევ ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის", - დაწერა სოციალურ ქსელში ლუკამ.

განაცხადის თანახმად, საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ტურნირისთვის ქვოტა თითქმის სრულად აქვს ათვისებული - ანუ, შვიდი წონიდან ექვსში ოთხი ძიუდოისტით (ჯამში 27) წარსდგება, ქალთა ნაკრები კი ტატამიზე 10 ძიუდოისტით გავა. ამ დროისთვის თბილისის გრანდ სლემზე განაცხადი 39 ქვეყანას (304 მონაწილე) აქვს გაკეთებული, ყველაზე დიდი გუნდებით ჩამოსვლას კი ყაზახეთი (25), საფრანგეთი (22), ბრაზილია (20), კუბა (17) და იტალია (16) აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში ომის გამო გადაიდო. თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 2021 წელს გახდა გრანდ სლემის სტატუსის, მანამდე კი თბილისის გრან პრი იმართებოდა. შარშან ტურნირმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა და საქართველომ გამოსვლა 9 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი - ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების განაცხადი

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაძე, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე
-100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური
+100 კგ: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე
-48 კგ: ნატალია ყიფშიძე
-52 კგ: მარი მახარაშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო წიკლაური
-63 კგ: რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი
-70 კგ: ინდირა სილაგაძე 
-78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები