Thumbnail
  • 📅 28 მაისი | ⌚ 23:00 | 🏟 "სტად დე ფრანსი" | ⚽ ლივერპული V რეალი
  • კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. იტალიელისთვის ეს მწვრთნელის რანგში მეხუთე ფინალია ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი 19 წლის წინ იყო და თქვა, რომ მას შემდეგ ფეხბურთი განვითარდა, რასაც მან ფეხი აუწყო: "ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად ვიყავი. ფეხბურთი შეიცვალა და მე შევძელი ცვლილებებთან ადაპტირება. 2003 წლის ფინალიდან დღემდე ფეხბურთი ბევრად გაუმჯობესდა".

ანჩელოტიმ მეტოქის მისამართით კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები არ დაიშურა. კარლო ფიქრობს, რომ რომელი გუნდიც უფრო თამამი იქნება, ის გაიმარჯვებს: "ერთმანეთს ორი დიდი გუნდი ხვდება და გამარჯვებას ის მოიპოვებს, რომელსაც მეტად ძლიერი ხასიათი და გამბედაობა აღმოაჩნდება. ლივერპული ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია და მაღალი ინტენსივობით თამაშობს, კარგადაა ორგანიზებული, ერთ-ერთი უძლიერესია. იურგენ კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მან ფეხბურთში რამდენიმე სიახლე დაამკვიდრა, განსაკუთრებით ინტენსივობა და მაღალი პრესინგი. ის შესანიშნავად მუშაობს".

ანჩელოტისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ფინალია და 3-ჯერ მეტოქედ სწორედ ლივერპული ჰყავდა: "ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან ბევრჯერ მომიწია დაპირისპირება. პირველად 1984 წელს ფინალში, მაგრამ მე ტრავმის გამო არ მითამაშია. შემდეგ 2005 და 2007 წლებში, ბოლოს კი მეტოქეობა გამძაფრდა, როცა ევერტონში ვმუშაობდი. ლივერპული დიდებული გუნდია, მასთან თამაში რთულია. მაღალ ტემპში თამაშობს, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ფინალში ასეთ გუნდთან თამაში სასიამოვნოა. ლივერპულს შურისძიება სურს? ვფიქრობ, რეალსაც რადგან მის წინააღმდეგ წააგო ბოლო ფინალი 1981 წელს".

ანჩელოტის ლივერპულთან ეპიკური ფინალი აქვს წაგებული

წინა ორი ფინალიდან ლივერპულის წინააღმდეგ იტალიელმა ერთი მოიგო, ერთი წააგო. 2005 წლის, სტამბოლის ფინალი დაუვიწყარია, მაშინ მილანი 3:0-ს იგებდა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა. ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ 2005 წლის მილანი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, რომელიც მას ფინალში გაუყვანია.

"2005 წელს საუკეთესო გუნდი მყავდა (მილანი - რედ), რაც კი ოდესმე ფინალში მყოლია. სამწუხაროდ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, რისი გაკონტროლებაც არ შეგიძლია. ძნელია ამის ახსნა, ისევე, როგორც ძნელი ასახსნელია, როგორ მოვახერხეთ მანჩესტერ სიტისთან ერთ წუთში 2 გოლის გატანა. ასეთი რაღაცები ხდება და მას უნდა შეეგუო ზედმეტი ფიქრის გარეშე. ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს რევანშის შანსს, რომელიც ჩვენ ორი წლის შემდეგ მივიღეთ (2007 წლის ფინალი - რედ)".

ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული

რეალის მთავარ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგა/თასი ფეხბურთელის რანგშიც აქვს მოგებული, 1989 და 1990 წლებში მილანთან ერთად. მისი თქმით, ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოგება განსხვავებულია:

"ჩემპიონთა ლიგას როცა იგებ, გრძნობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგე, შენი საქმე კარგად გააკეთე. რა თქმა უნდა, ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოგება განსხვავებულია. განსხვავდება გრძნობები და ემოციები. როდესაც ფეხბურთელის რანგში იმარჯვებ, ჯგუფის ნაწილი ხარ, მაგრამ როგორც მწვრთნელის მეტი პასუხისმგებლობა გაგაჩნია".

შეგახსენებთ, რომ ლივერპული და რეალი ფინალში მესამედ ხვდებიან. აქამდე სამჯერ არცერთი გუნდი არ შეხვედრია ფინალში ერთმანეთს. აქამდე, ორ-ორჯერ რეალი-იუვენტუსი, რეალი-ატლეტიკო და ბარსელონა-მანჩესტერი გაიმართა (ასევე რეალი-ლივერპული, მაგრამ ხვალ ისინი ფინალში მესამედ შეხვდებიან).

კომენტარები

ბოლო ამბები