Thumbnail

FIFA 22 | eChampions League-ის გამარჯვებული არგენტინელი გეიმერი გახდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ღონისძიების საპრიზო ფონდი 280 000 დოლარს შეადგენდა
  • ჩემპიონატში ევროპის საუკეთესო მოთამაშეები მონაწილეობდნენ

საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინშია. სეზონის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ლივერპული და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. მანამდე კი შვედეთის დედაქალაქში eChampions League-ის ფინალური ეტაპი ჩატარდა, რომლის გამარჯვებული არგენტინელი გეიმერი ნიკოლას ვილალბა (Nicolas99FC) გახდა.

ტურნირი FIFA 22 Global Series-ის ეგიდით გაიმართა, რომელიც ფიფას eSports-ის კალენდარში ყველაზე პრესტიჟულ სოლო ღონისძიებად ითვლება. როგორც წესი, საფეხბურთო სიმულატორის მატჩები ჩემპიონთა ლიგის წინა დღეს ტარდება. ჩემპიონატი სამი საკვალიფიკაციო ეტაპისგან შედგებოდა, რომელშიც ევროპის გამორჩეულმა 256-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო 8 გეიმეირი გავიდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის თასისითვის იბრძოდნენ.

აღსანიშნავია, რომ eChampions League მაღალი საპრიზო ფონდით გამოირჩევა და მასში მხოლოდ ევროპელი გეიმერები მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, მომავალმა ჩემპიონმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ევროპაში გადმობარგდა. გამოცდილი მოთამაშის ეს ნაბიჯი გამართლებული აღმოჩნდა, მან ფინალისკენ მიმავალი გზა საკმაოდ მარტივად გაიარა, ხოლო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატშში თანამემამულე მატიას ბონანო (Matias) დაამარცხა და FIFA-ს პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა.

გასულ წელს, ტურნირი კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო ონლაინ ფორმატით ჩატარდა. ჩემპიონატი ნორვეგიელმა გეიმერმა ოლივერ ნილსენმა (OliverPN) მოიგო. წლევანდელი შეჯიბრი კიბერარენაზე, მაყურებლების თანხლებით ტარდება.

მოთამაშეები, რომლებიც eChampions League-ის ფინალში გავიდნენ:

ალი ოსკუი - ‘Predator’ (Werder Bremen)
დონოვან ჰანტი - ‘Tekkz’ (Fnatic)
ნიკოლას ვილალბა - ‘Nicolas99FC’ (Guild Esports)
უმუტ გიულტეკინი - ‘Umut’ (RBLZ Gaming)
როი ფელდმანი - ‘Feldman’ (NOM Esports)
დანიელ მუტიჩი - ‘Deni‘ (FC Heidenheim 1846)
ლორინ-ნოა ბარტში - ‘SNakez’ (VfL Bochum 1848)
მატიას ბონანო - ‘Matias’ (Team Heretics)

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 280 000 დოლარს შეადგენდა, საიდანაც ჩემპიონმა 75 000 დოლარი მიიღო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები