Thumbnail

ქაოსი ფინალის წინ - უბილეთო ლივერპულელებმა სტადიონზე შეაღწიეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყება რამდენიმე წუთით გადაიდო
  • მიზეზი ის არის, რომ ფანები სტადიონზე დროულად ვერ შევიდნენ
  • ლივერპულის ასობით ფანი სტადიონზე ბილეთის გარეშე შევიდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ “სტას დე ფრანსზე” ქაოსი იყო!

საკლუბო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დაწყება რამდენიმე წუთით გადაიდო. ოფიციალური მიზეზი: ლივერპულის ძალიან ბევრი ფანი ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა სტადიონზე.

ფრანგული RMC-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდის რამდენიმე ასეულმა გულშემატკივარმა სტადიონზე უბილეთოდ შეაღწია. ქაოსური სცენები RMC-ის ჟურნალისტმა ნიკოლა პელეტიემ გადაიღო. მისი ინფორმაციით, ლივერპულის ასობით ფანმა სტადიონის პირველი კონტროლი უპრობლემოდ გაიარა უბილეთოდ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ ფანები, მეტწილად პანიკურად, სტადიონზე შესვლას.

სტადიონის თანამშრომლებმა რეაგირება მაინც მოახერხეს. მოგვიანებით, უბილეთო ლივერპულელები დააკავეს და სტადიონიდან გაიყვანეს. შექმნილი ქაოსიდან გამომდინარე, ლივერპულის გულშემატკივართა ბლოკი ტრიბუნაზე შევსებული არ იყო. უბილეთოების გამო, ბილეთიანი ფანებიც ვეღარ ახერხებდნენ სტადიონზე შესვლას. შესაბამისად, უეფამ მატჩის დაწყება რამდენიმე წუთით გადადო. სტადიონზე კი გამოაცხადეს, რომ ფანების დაგვიანების გამო მატჩი ოდნავ გვიან დაიწყებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ლივერპულის და რეალის ფანებმა ფინალისთვის 20-20 ათასი ბილეთი მიიღეს. საერთო ჯამში, “სტად დე ფრანსზე” 81 338 გულშემატკივარი ეტევა.

ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის თქმით, პარიზში მერსისაიდელთა დაახლოებით 60 000 ფანია ჩასული. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ორ მესამედს ბილეთი არ აქვს. აქვე ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დღეს პარიზში 6 800 სამართალდამცავი მუშაობს.

საბოლოოდ მატჩი 36-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები