- ჩემპიონთა ლიგის ფინალი რეკორდული დაგვიანებით დაიწყო
- ქაოსური სცენების გამო უეფას და პარიზის პოლიციას აკრიტიკებენ
- ქაოსი ფინალის წინ - უბილეთო ლივერპულელებმა სტადიონზე შეაღწიეს
საკლუბო ფეხბურთის წლის და სეზონის უმთავრესი მატჩის დაწყებას წინ წარმოუდგენელი ქაოსი უძღოდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებამდე “სტად დე ფრანსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების დეტალურად გაანალიზების შემდეგ ყველა უეფას და პარიზის პოლიციას აკრიტიკებს.
ლივერპულისა და რეალის დაპირისპირება ჯერ 15 წუთით გადაიდო, მერე კიდევ 15 წუთით და ბოლოს 36-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. თუმცა იმ მომენტშიც კი, როცა მთავარმა არბიტრმა კლემან ტურპენმა ჩასტვინა, ტრიბუნებზე ჯერ კიდევ არ იყო ყველა ის ფანი, ვისაც ფინალის ბილეთი ჰქონდა.

უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფინალის დაწყება “ფანების დაგვიანებული შესვლის გამო” გადაიდო. თუმცა, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები და გულშემატკივრები უდიდეს ქაოსზე წერდნენ და სოციალურ ქსელებში შესაბამის ვიდეოებსაც ავრცელებდნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. BBC-ის ჟურნალისტმა ნიკ პეროტმა თქვა, რომ ცხოვრებაში პირველად, სტადიონზე შესვლისას გამოცადა, რა არის ცრემლსადენი გაზი.
“ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ეს აბსოლუტურად უღირსი ორგანიზებაა, - უთხრა ლივერპულის მცველის, ჯოელ მატიპის მცველმა მარვინ მატიპმა Sky-ს და დასძინა: “დაუჯერებელია, რომ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს უდანაშაულო ფანების წინააღმდეგ, თანაც ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვებიც იმყოფებოდნენ.”
'ის, რომ ფანები დაგვიანებით მოვიდნენ, რაც უეფამ თქვა, სისულელეა'
“არ ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება ღონისძიება ამაზე უარესად დააორგანიზო - რაც არ უნდა მოინდომო!” - ეს ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, გარი ლინეკერის სიტყვებია, რომელსაც თვითონაც გაუჭირდა სტადიონზე შესვლა. “ის, რომ ფანები დაგვიანებით მოვიდნენ, რაც უეფამ თქვა, სისულელეა!” - დაამატა ლინეკერმა.
“ფანებს ოდნავადაც არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ ფიასკოსთვის,” - წერს ტვიტერზე ევროპის ფანთა ორგანიზაცია Football Supporters Europe, - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ ყველა ფანის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.”
პარიზის პოლიცია ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენაზე ტვიტერზე წერდა, რომ ფანებს არ ეცადათ სტადიონზე ძალით შეღწევა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საკმაოდ ბევრი ფანი “სტად დე ფრანსზე” უბილეთოდ ცდილობდა შეღწევას, რის გამოც ბილეთიანი ფანებიც ვეღარ შედიოდნენ.
ფინალის შემდეგ უეფას ალბათ დიდხანს მოუწევს პარიზში მომხდარი ამბების გამო კრიტიკის მოსმენა…
კომენტარები