Thumbnail

‘მოდიხარ და ასეთ განავალ კითხვებს მისვამ’ - კროოსი ჟურნალისტს ეჩხუბა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტონი კროოსი ფინალის შემდეგ გერმანელ ჟურნალისტზე გაბრაზდა
  • რეალის ვარსკვლავს ZDF-ის რეპორტიორის კითხვები არ მოეწონა

ტონი კროოსს ჩემპიონთა ლიგა სულ რამდენიმე წუთის მოგებული ჰქონდა და ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ უაღრესად აღელვებულიც. იმდენად აღელვებული, რომ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუ ჩხუბით შეწყვიტა!

ლივერპულთან საფინალო სასტვენის შემდეგ, მადრიდის რეალის გერმანელი ნახევარმცველი ZDF-ის რეპორტიორის, ნილს კაბენის კითხვებმა ისე გააბრაზა, რომ კროოსმა მასთან საუბრის გაგრძელება არ ისურვა, კაბენის კითხვებს კი “Scheisse Fragen” უწოდა. ორივე გერმანული სიტყვაა - Scheisse განავალს ნიშნავს, Fragen კითხვებს.

რა კითხა ZDF-ის რეპორტიორმა კროოსს ასეთი? რეალურად, რეალის გერმანელი ნახევარმცველი იმის გამო გაბრაზდა, რომ ჟურნალისტმა მას ორჯერ გაუმეორა კითხვა თამაშის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - იმაზე ხაზგასმით, რომ ლივერპული დიდ უპირატესობას ფლობდა, დომინირებდა და საგოლე მომენტებიც გაცილებით მეტი შექმნა.

პირველ ასეთ კითხვას კროოსმა დიპლომატიურად უპასუხა, მეორე შემთხვევაში კი საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

გერმანელი ჟურნალისტის და კროოსის დიალოგი: 

კაბენი: “გაგიკვირდათ, რომ რეალი ამ ფინალში საკმაოდ დიდ გასაჭირში იყო?”

კროოსი: “ანუ, 90 წუთი გქონდა იმისათვის, რომ გონივრული და ჭკვიანური კითხვები მოგეფიქრებინა. გულახდილად… და მოდიხარ და ასეთ განავალ კითხვებს მისვამ. ეს ხომ სიგიჟეა. ვინმესთვის გასაკვირია, რომ ლივერპულთან თამაშის დროს ხანდახან გასაჭირში იყო? ეს რა კითხვაა? ჩვენ აქ რომელიმე ჯგუფური ეტაპის მატჩს კი არ ვთამაშობდით… ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო.”

კაბენი: “ კი მაგრამ, ეს ისეთი თვალსაჩინო იყო… რეალი პლეი ოფში რამდენჯერმე იყო თითქმის გავარდნილი…”

კროოსმა ინტერვიუ შეწყვიტა და წავიდა.

კაბენი: “ახლა ის წავიდა!”

კროოსმა სხვა ჟურნალისტთან გადაინაცვლა და კაბენს მოაძახა: “ცუდია… ძალიან ცუდია, მართლა!”

ფონზე ისმის, რომ ვიღაც ამბობს: “კი, მაგრამ, დაასრულე ინტერვიუ!”

კროოსი: “სამ ნეგატიურ კითხვას დასვამს და ეგრევე იცი, რომ გერმანიიდანაა.”

ამის შემდეგ კროოსი DAZN-ის ჟურნალისტთან მივიდა, რომელთანაც მშვიდად ისაუბრა…

კომენტარები

ბოლო ამბები