Thumbnail

კურტუა: რაც გასახდელში მოხდა, ჩემთვის ყველა ჯილდოზე მნიშვნელოვანია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტიბო კურტუამ ფინალში 9 დარტყმა მოიგერია და მატჩის გმირი გახდა
  • 30 წლის ბელგიელი მეკარე ოქროს ბურთის მოგებაზე არ ფიქრობს

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, ტიბო კურტუას დიდი დამსახურებაა, რომელმაც მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პლეი ოფშიც არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. კურტუასთვის პიკი მაინც ფინალი იყო, რომელშიც 9 "სეივი" მიითვალა და საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ბელგიელმა გულწრფელად აღიარა, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებას ვერ წარმოიდგენდა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელია ჩემპიონთა ლიგის ასე მოგება, მაგრამ მთავარი იყო გამარჯვება და არა გმირის სტატუსი. მზად ვიყავი და ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები მოვიგერიე, ერთი 0:0-ზე და ერთიც 1:0-ზე. აქ უბრალოდ გუნდის დასახმარებლად ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ფინალის MVP გავხდი", - აღნიშნა ტიბომ.

კურტუას წარმოუდგენელი თამაშის შემდეგ იმაზეც კი დაიწყო საუბარი, რომ ბელგიელს "ოქროს ბურთის" მოგების შანსი აქვს. თავად გამოცდილი კიპერი ფიქრობს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იქნება: "მეკარისთვის ეს ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, მითუმეტეს თუ, ის ბენზემას თანაგუნდელია. ჩემთვის მთავარი ის ფაქტია, რომ როდესაც გასახდელში დავბრუნდი, ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩემს სახელს სკანდირებდა. ეს უფრო ფასეულია, ვიდრე პირადი აღიარება".

კურტუა სალაჰის დარტყმას იგერიებს

როგორც უკვე ვთქვით, 30 წლის მეკარემ რეალის წარმატებაში არა მარტო ფინალში, არამედ მანამდეც, სხვა მატჩებშიც დიდი წვლილი შეიტანა. ტიბომაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი რამდენიმე "სეივი" გამოარჩია:

"არ ვიცი, რომელი მოგერიებაა საუკეთესო, მაგრამ ნახევარფინალში გრილიშს რომ ავუღე, ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ფასეული. თუმცა, ასევე გამოვყოფ ფინალში მანეს წინააღმდეგ მომენტს და პსჟ-სთან მოგერიებულ პენალტს. საბოლოო ჯამში, ძალიან რთული ასარჩევია".

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ფინალში ლივერპული ვინისიუს ჟუნიორის გოლით დაამარცხა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ტიბო კურტუა იყო, რომელმაც 9 დარტყმა მოიგერია და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები